Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ხელგაშლილობა, შესაძლოა, ახალი სკანდალის მიზეზი გახდეს


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ოპოზიცია პრეზიდენტს საბიუჯეტო სახსრების გადამეტებულ ხარჯვას ედავება. გაზეთი “ახალი ვერსია” აქვეყნებს კონსერვატიული პარტიის მონაცემებს,

რომელთა მიხედვითაც გასულ წელს მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, ათი მილიონის ნაცვლად, 40 მილიონი დახარჯა. ამისი უფლება კი, კონსერვატორთა მტკიცებით, პრეზიდენტს არ ჰქონდა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, თავის მხრივ, ადასტურებს პრეზიდენტის მიერ სარეზერვო ფონდიდან დაგეგმილზე მეტი თანხის ხარჯვის ფაქტს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერი პარლამენტის თანხმობის შედეგად მოხდა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და მისი ძირითადი დანიშნულება წინასწარ დაუგეგმავი მოვლენების დროს თანხის სასწრაფო მობილიზებაა. გასული წლის ბიუჯეტით ეს თანხა ათი მილიონი ლარით განისაზღვრა. თუმცა კონსერვატიული პარტიის მონაცემებით, პრეზიდენტმა ოთხჯერ მეტი - 40 მილიონი - დახარჯა, თან ისე, რომ ამისათვის პარლამენტის თანხმობა არ მიუღია და, შესაბამისად, ბიუჯეტის შესახებ კანონში საჭირო ცვლილებები და დამატებები არ შესულა. კონსერვატორებისაგან განსხვავებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გასული წლის ბიუჯეტის ყველა ცვლილება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული იყო:

[რომან გოცირიძის ხმა] “არა, 2004 წლის ბიუჯეტი დამთავრებულია. თუკი რაიმე დაიხარჯა, ეს პარლამენტში შემოტანილი ცვლილებების შემდეგ განხორციელდა. ასე რომ, არ მახსოვს ზუსტად რამდენი იყო, მაგრამ ეს დამტკიცებული იყო. გადამეტება იყო, მაგრამ პარლამენტმა დაამტკიცა ესა. ახლა გავრბივარ პრეზიდენტთან, გვაქვს შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარეებს და მერე შეგვიძლია ვილაპარაკოთ.” (სტილი დაცულია)

დეპუტატი ზვიად ძიძიგური კი, რომელსაც პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ ეჩქარებოდა, ვერ იხსენებს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] “პარლამენტში მე არ მახსოვს, საერთოდ, მსგავსი რამ. მე ვიცი, რომ ბიუჯეტში იყო ჩადებული მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა განსაზღვრული თანხების დახარჯვას პრეზიდენტის შეხედულებისმებრ. ეს თანხები გადაიხარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი დაარღვია პრეზიდენტმა. “

ზვიად ძიძიგურის თქმით, სხვა, ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტს 30 მილიონის დახარჯვის გამო პარლამენტში იმპიჩმენტს მოუწყობდნენ, მაგრამ საქართველოში მას ამის ნაკლებად სჯერა. რაც შეეხება საპრეზიდენტო ფონდიდან დახარჯულ თანხას, მისი დიდი ნაწილი შეიარაღებული ძალებისთვის გამოიყო, - მაგალითად, რეზერვისტთა შეკრებების ორგანიზებისთვის, - მაგრამ არის ისეთი განკარგულებებიც, რომლებიც კონსერვატორთა განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს - მაგალითად, პრეზიდენტის 586-ე განკარგულება, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კაბინეტის რემონტისა და ავტომანქანის შეძენისთვის 200 ათასი ლარი გამოიყო. იურისტი დავით უსუფაშვილი ამ საქმესთან დაკავშირებით, პირველ რიგში, დეტალურ გამოძიებას ითხოვს:

[დავით უსუფაშვილის ხმა] “თავისთავად ფაქტი, რომ თუ გამოყოფილი იყო 10 მილიონი და დაიხარჯა 40 მილიონი, ჩემი აზრით, მიუთითებს, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა. ეს ვიღაცა ვინ არის, უნდა გაირკვეს ამ საკითხების ძალიან დეტალური გამოძიების შემდეგ.” (სტილი დაცულია)

დაინიშნება თუ არა გამოძიება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით, ძნელი სათქმელია. თუმცა ცნობილია, რომ კონსერვატიული პარტია ამ მოთხოვნის წამოყენებას პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე აპირებს.
XS
SM
MD
LG