Accessibility links

logo-print

”ჭიათურმანგანუმის” შემდეგ ახალ მფლობელს საოკეანო სანაოსნო ელოდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირაში ქართულ ”საპრივატიზებო მარათონში” გარკვეული შედეგები გამოიკვეთა. უკვე ცნობილი გახდა ”ჭიათურმანგანუმისა” და ”ვარციხეჰესის” პრივატიზების ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა.

საინტერესოა, რომ, წინასწარი მოლოდინის მიუხედავად, ამ გარიგებაში აშკარა ფავორიტად მიჩნეული უკრაინული ”ინტერპაიპი”, საბოლოოდ, ”ბორტს მიღმა” დარჩა. ”ჭიათურმანგანუმის” ტენდერში უპირატესობა რუსულ ”ევრაზია ჰოლდინგს“ და ”DCM-ფეროს“ ჯგუფს მიენიჭა. ტენდერში გამარჯვებული ჯგუფი მზად არის, 132 მლნ. დოლარი საკუთრების გაფორმებისთანავე გადაიხადოს.

უკრაინელებმა კი საქართველო უკმაყოფილოდ დატოვეს. ისინი ”ჭიათურმანგანუმსა“ და ”ვარციხეჰესში“ ხელისუფლებას 117 მლნ. დოლარს სთავაზობდნენ და მზად იყვნენ საწარმოში, დამატებით, 60 მლნ. დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინათ.

საბოლოოდ, უკრაინელთა გავლენის მიუხედავად, ”ჭიათურმანგანუმი” და ”ვარციხეჰესი” რუსულ კომპანიას დარჩა. პრემიერი ჟვანია ტენდერის მსვლელობით და ამ ობიექტის საბოლოო ფასით კმაყოფილია, მას არც უკრაინელთა განაწყენება აღელვებს:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”ყველა შემთხვევაში, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ყველანი კმაყოფილი ვართ, როგორც მოხერხდა ამ საპრივატიზებო პროცესის განხორციელება. უკრაინელთა წინადადებაში ყველაზე მეტად მე მაფრთხობდა დაპირისპირება ”ჭიათურის” ახალ მფლობელებსა და ზესტაფონის ქარხანას შორის, იმიტომ რომ - ვთარგმნოთ გასაგებ ენაზე - იყო საშიშროება, ათასობით მუშა ზესტაფონში დარჩენილიყო უმუშევარი. ამას მე ვერასოდეს ვერ დავუშვებ.”

გასულ კვირასვე ცნობილი გახდა, რომ მეორე რუსულმა კომპანიამ ”დემა კომპიუტერს ლიმიტედმა” ”ელმავალმშენებელი” ქარხნის აქციათა 51% შეიძინა, რაშიც 4 მლნ. 150 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. გასულ კვირასვე თბილისს რუსული ენერგოგიგანტის ”გაზპრომის” სოლიდური დელეგაცია სტუმრობდა, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერსა და სახელმწიფო მინისტრთან დახურულ მოლაპარაკებას ატარებდა. მოლაპარაკების დეტალები, როგორც ყოველთვის, მედიისათვის უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ”გაზპრომი” დაინტერესებულია საქართველოს მაგისტრალური გაზსადენებით, რომლის გაყიდვის თაობაზე საუბარი უკვე მიმდინარეობს მთავრობაში, თუმცა ამ ეტაპზე ხელისუფლება კონკრეტიზაციისგან თავს იკავებს.

ბოლო პერიოდში მიმდინარე ”საპრივატიზებო დოღში” ექსპერტებს სიმპტომატურად მიაჩნიათ ის, რომ თითქმის ყველა გამოტანილ ობიექტს რატომღაც რუსული კომპანიები ეპატრონებიან. ოპოზიცია ამაში ახალი რუსული, ე.წ. ჩუბაისის, ექსპანსიური პოლიტიკის ნიშნებს ამჩნევს, ექსპერტთა ნაწილი კი ამაში საშიშს ვერაფერს ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ რუსული ინვესტიცია, დასავლური კაპიტალისაგან განსხვავებით, ტრადიციულად, რისკიან პროექტებს არ ერიდება; ამასთან, კაპიტალის წარმომავლობაზე ლაპარაკი, მათი აზრით, უსაფუძვლო და არქაული შიშის გამოხატულებაა. სხვათა შორის, ”ჭიათურმანგანუმთან” დაკავშირებით ოპოზიციას პრეტენზია არც ჰქონია და მათთვის გარიგების ფასი და პირობებიც მისაღები აღმოჩნდა.

2005 წლიდან დაწყებულმა ”საპრივატიზებო მარათონმა” და შემოსულმა თანხებმა, რომელიც, აშკარად, წინასწარ დაგეგმილს სჭარბობს, საზოგადოებაში დაბადა კითხვა, თუ სად წარიმართება ის ასეულობით მილიონი, რომელიც მსხვილი სახელმწიფო ობიქტების გაყიდვის შედეგად შემოვა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრივატიზაციიდან მისაღები ზეგეგმიური შემოსავლები საქართველოს დაჩქარებული განვითარების პროგრამის განხორციელებას მოხმარდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდი ლარი გამოიყოფა.

ჟვანიას თქმით, გეგმით გათვალისწინებული 100-120 მლნ აშშ დოლარის ნაცვლად, ბიუჯეტში წლის ბოლომდე პრივატიზაციიდან 250-300 მლნ აშშ დოლარი შევა.
”მთავრობამ უნდა შეიმუშაოს გეგმა ბიუჯეტში დამატებით მობილიზებული ფინანსური რესურსების გამოყენების შესახებ. ეს თანხები გზების მშენებლობას, განათლების, ჯანდაცვისა და თავდაცვის სფეროების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს, რათა მათი შედეგი საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს,"- ამბობს ჟვანია.

პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი ენერგეტიკის სფეროს განვითარებას მოხმარდება. ხელისუფლების მტკიცებით, ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, მომავალი წლისათვის ქვეყანაში ენერგოდეფიციტი აღმოიფხვრება.
სარფიანად გაყიდული ”ჭიათურმანგანუმის” შემდეგ მომავალ კვირას თავის რიგს საოკეანო სანაოსნო დაელოდება, რომელზეც პრეტენზიას 7 კომპანია აცხადებს და რომლის საწყისი ღირებულება უკვე კარგა ხანია ასცდა იმ თანხას, გასული წლის ბოლოს მთავრობასა და დანიურ ”გრინოუკ გრუპს” შორის გაფორმებულ განზრახულობათა ოქმში რომ იყო დაფიქსირებული.
XS
SM
MD
LG