Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


“გაყრა” მარტო სცენაზე”

– დაჟინებით ამტკიცებდნენ ქართველი მსახიობები ტელეკამერების წინ, 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, ე.ი. დღესასწაულზე, რომელსაც სხვებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ამ პიესის – “გაყრის” ავტორმა, გიორგი ერისთავმა. “გაყრა” ახსენეს და უნებურად ჩვენც გაგვახსენდა გიორგი ერისთავის პიესების გმირები – ძველი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ამაოდ ებღაუჭებიან წარსულ დიდებას, ჩინოვნიკები – მათი ანგარება და ბიწიერება.

ჩინოვნიკები, ოღონდ ამჯერად, დღევანდელი საქართველოს ჩინოვნიკები, პოეტმა რატი ამაღლობელმა, განათლების სამინისტროს სახელით სწორედ იმ დღეს ახსენა, როცა ქართველი თეატრალები თავიანთ პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ

[რატი ამაღლობელის ხმა]45 “განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს ამ ფაქტს და ბუნებრივია, როცა დაიწყება ბაღების აკრედიტაციის პროცესი, მე ეჭვი მეპარება, რომ მსგავსმა ბაღებმა ეს პროცესი გაიარონ სრულფასოვნად და მიიღონ აკრედიტაცია სახელმწიფოს მიერ”

რატი ამაღლობელს მხედველობაში ჰქონდა შიდა ქართლის ერთ საბავშვო ბაღში მომხდარი სკანდალური ამბავი – ლექსი, რომელიც ბაღის აღსაზრდელმა პრეზიდენტის რწმუნებულს, მიხეილ ქარელს მიუძღვნა. თავად მიხეილ ქარელი განათლების სამინისტროში მოწყობილი ბრიფინგის შესახებ მხოლოდ ტელევიზიით თუ შეიტყობდა... ამ დროს იგი იმყოფებოდა გორის, გიორგი ერისთავის თეატრის შენობაში, სადაც ახლადდაარსებული ორგანიზაციის, “თეატრალური გილდიის” წევრებმა პრეზიდენტის რწმუნებული “ოქროს აფიშით” დააჯილდოვეს. პარალელურად, ბათუმის თეატრში, თეატრის მოღვაწეთა კავშირმაც გასცა პრემიები. ოღონდ, ქართული თეატრის მთავარი მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი თეატრალებმა პრიზით არ დააჯილდოვეს. იგი მხოლოდ ახსენა “აჭარის” ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პრორექტორმა, ვასილ კიკნაძემ, როცა ქართულ თეატრში შექმნილი კრიზისის მიზეზებზე საუბრობდა


[ვასილ კიკნაძის ხმა]46.00.10 “ეს კრიზისი გააღრმავა იმანაც, რომ ჩვენი ქვეყნის წამყვანი თეატრები რემონტში არიან... პარადოქსი არ არის, რომ კარგი საქმე კეთდება... ღმერთმა გაუმარჯვოს, რომ იტყვიან, ივანიშვილს, პირდაპირ ცის ნამივით მოევლინა მეცენატი ქართულ კულტურას... დიდი რემონტი ჩაუტარა თუმანიშვილის თეატრს, მოზარდ მაყურებელთა თეატრს, რუსთაველის თეატრს მილიონები დაახარჯა, მარჯანიშვილის თეატრს, მსახიობებს ხელფასები დაუნიშნა სოლიდური... და როცა ასეთი პირობები გაქვს, კი ბატონო, რემონტი არის... მაგრამ საჭიროა თეატრმა პარალელური მუშაობა ჩაატაროს... ბოლოს და ბოლოს რუსთაველის თეატრი როცა დაიწვა 1949 წელს იმაზე დიდი ტრაგედია რა იყო...”

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართული პროფესიული თეატრის არსებობის მანძილზე, თეატრალებს არასდროს უგრძვნიათ ეს კრიზისი ისე, როგორც წელს. 90-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო ომის დროსაც კი, თეატრის მოღვაწეთა კავშირის მესვეურები წარმატებებზე საუბრობდნენ. მაგრამ წელს უკვე ცხადი გახდა, რომ კრიზისის მიზეზი ის კი არაა, რომ წამყვანი თეატრები რემონტშია, კრიზისის მიზეზი უფრო შემოქმედებითი აპათიაა. მსახიობები ხელფასს იღებენ და თამაში აღარ უნდათ, ანდა სხვა სცენაზე როგორ ითამაშონ, როცა თეატრალური საზოგადოება ორადაა გაყოფილი და რომელიმე ერთ ჯგუფთან დაახლოება თავისთავად ნიშნავს მეორე ჯგუფის მომდურებას.

ეს კონფრონტაცია ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყრილობაზე. თავდაპირველად ხმა დაირხა, რომ “ძველი თაობის” წარმომადგენელი, კავშირის თავმჯდომარე გიგა ლორთქიფანიძე გადადგომაზე დათანხმდა. მისი ერთადერთი კონკურენტი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის დამდგმელი რეჟისორი, ავთანდილ ვარსიმაშვილი უკვე კავშირის მომავალ გეგმებზე საუბრობდა

[ავთო ვარსიმაშვილის ხმა]20.00 “ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში შემოვალთ წინადადებით, ბატონ გიგას შეუნარჩუნდეს საპატიო თავმჯდომარის ტიტული, რაც გულისხმობს, რომ შეუნარჩუნდეს მანქანაც, მძღოლიც და რაცა აქვს..”

ვარსიმაშვილის ასეთი გამოსვლის შემდეგ “ძველმა თაობამ” შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და მაშინვე დაიწყო ახალგაზრდა თანამოაზრეების ძებნა ვარსიმაშვილის მოწინააღმდეგეთა ბანაკში. გიგა ლორთქიფანიძე გაღიზიანებას ვერ მალავდა

[გიგა ლორთქიფანიძის ხმა]20.00.50 “ნუ გეჩქარებათ ეს თავმჯდომარეობა, სული ნუ გისწრებთ, მე დავიმსახურე ჩემი ცხოვრებით ის, რომ არ მომაყონოთ შეურაცხყოფა”

ასე წააგო მაშინ ომი ავთანდილ ვარსიმაშვილმა. არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე “თავისუფალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი აღნიშნავდა, რომ თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, რა უნდათ მათ – რეფორმები, თუ ძველი გზით სიარული

[ავთო ვარსიმაშვილის ხმა]19 “მე ვფიქრობ, რომ ის არ მუშაობდა კარგად... ვნახოთ, ვის დაუჭერენ მხარს, მე პირდაპირ ვიძახი, რომ საჭიროა ცვლილებები, ის ამბობს, რომ არ არის საჭირო...”

ქართულ თეატრში რევოლუცია არ მოხდა. ამის შემდეგ “რევოლუციონერებმა” – “ევოლუციური ცვლილებების” განხორციელება გადაწყვიტეს. დაელოდნენ 14 იანვარს, როცა თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრები ბათუმში გაემგზავრნენ, რათა პროფესიული დღესასწაული აღენიშნათ... თავად კი გორს ეწვივნენ და იმის აღსანიშნავად, რომ არ უნდათ “ძველი გზით სიარული” თავიანთი პრიზი პრეზიდენტის რწმუნებულს გადასცეს... სხვაგვარად რომ ვთქვათ “რევოლუციონერმა არტისტებმა რევოლუციონერი პოლიტიკოსი დააჯილდოვეს”. თუმცა ავთანდილ ვარსიმაშვილის თქმით, მხოლოდ პრიზების გადაცემა არ არის ახლადდარსებული გილდიის მიზანი

[ავთო ვარსიმაშვილის ხმა]:44.0010 “ეს არ არის დემარში, არ არის ალტერნატიული ორგანიზაცია, ეს არის შემოქმედებითი გაერთიანება, საკმაოდ დიდი და სოლიდური, რომელიც არ აპირებს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ფუნქციების თავის თავზე აღებას, რომელიც იმუშავებს სამი მიმართულებით – პირველი, ეს არის ფესტივალი-პრემია “ოქროს აფიშა”, რომელიც გაიმართება ყოველწლიურად 14 იანვარს და გამოამჟღავნებს წლის საუკეთესო რეჟისორს, მსახიობს და ა.შ”

2004 წლის საუკეთესო თეატრალების დაჯილდოვების ცერემონიალი თეატრის მოღვაწეთა კავშირმაც გამართა; კოტე მარჯანიშვილის პრემია მიენიჭათ ბათუმის თეატრის მსახიობს იური ცანავას და თელაველ არტისტს ვანო იანტბელიძეს; სანდრო ახმეტელისა – რეჟისორებს ოთარ ბაღათურიასა და გიორგი თავაძეს. თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემიების ლაურეატები გახდნენ აგრეთვე დრამატურგები ლაშა ბუღაძე და ირაკლი სამსონაძე, რეჟისორები ლევან წულაძე, ეთერ თავართქილაძე, დავით შალიკაშვილი, მსახიობები გურანდა გაბუნია, ნანა შონია, ქეთევან ცხაკაია, ბაია დვალიშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, ნიკა თავაძე, ზაალ ჩიქობავა, აგრეთვე სცენოგრაფები, ქორეოგრაფები, მუსიკალური გამფორმებლები... სია ძალიან გრძელია, იმდენად გრძელი, თითქოს გასულ წელს ქართულ თეატრში მხოლოდ შედევრებს დგამდნენ.... მიუხედავად ამისა, თეატრის მოღვაწეთა კავშირის ლაურეატებს შორის არ არის არც ერთი სპექტაკლი, რომლის განხორციელებაში ამ ორგანიზაციასთან დაპირისპირებული “ლიგის” წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. “ვინც ჩვენთან არ არის, იგი არ დაჯილდოვდება”... ასეთი პრინციპით მოქმედებენ დღეს ქართველი თეატრალები... მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე საჯაროდ ამტკიცებს, “გაყრა” მხოლოდ სცენაზე, ქართულ თეატრში დაპირისპირება არ არსებობსო. ამ თვალსაზრისით თეატრალები იმ ქართველ ხელისუფალთ ჰგვანან, რომლებიც ჯერ ტელეკამერების წინ “დასცხებენ” ხოლმე ერთმანეთს, მერე კი, იმავე კამერების წინ გვიმტკიცებენ, ხელისუფლებაში, (ან მმართველ პარტიაში) ერთიანი გუნდი მოქმედებსო.

[გოგი მარგველაშვილის ხმა]44.00.35 “ეს არ არის განხეთქილება, ეს არის ალბათ ყველაზე რთული ამ ცხოვრებაში და აუცილებელი – არჩევანი”

ეს იყო გიორგი მარგველაშვილი, რეჟისორი, რომელიც ქართული თეატრის დღეს არა ბათუმში, არამედ გორში წავიდა და “გილდიის” დაარსებაში მიიღო მონაწილეობა. ბატონმა გოგიმ “ცხოვრება” ახსენა... ე.ი. ის, რასაც “თეატრიც” ჰქვია. და თუ თეატრი მართლა ცხოვრებაა, ქართულ თეატრში შექმნილი მდგომარება იმ ადამიანებსაც უნდა აწუხებდეს, ვისაც თეატრში დიდი ხანია ფეხი არ შეუდგამთ. თუ თეატრშია შემოქმედებითი აპათია, თუ ქართველი თეატრალები ახალი ორგანიზაციების შექმნითა და ერთმანეთთან დაპირისპირებით ცდილობენ “სუბლიმირებას” – ე.ი. არა თეატრში, არამედ თეატრის გარეთ ითამაშობენ, იბადება კითხვა – მთელი ჩვენი საზოგადოება ხომ არ იმყოფება შემოქმედებითი აპათიის მდგომარეობაში...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG