Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაფინანსდება საქართველოს მთავრობა 2005 წელს, როგორ გაქრა პრეზიდენტის ფონდიდან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორ დაფინანსდება საქართველოს მთავრობა 2005 წელს, როგორ გაქრა პრეზიდენტის ფონდიდან 40 მილიონი ლარი, როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში ახალი

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა რუსეთში ხავერდოვანი რევოლუცია - გასული კვირის პრესის მიმოხილვის მომზადებისას სწორედ ამ თემებზე გავამახვილეთ ყურადღება.


ვინ ეხმარება საქართველოს მთავრობას საჯარო მოსამსახურეების ადეკვატური ანაზღაურების უზრუნველყოფაში და ვინ რიცხავს კოლოსალურ თანხებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარების და რეფორმების ფონდში? - კითხულობს 18 იანვრის გაზეთ “24 საათი”, რომლის აზრითაც, არსებული სია საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს.
გაზეთი შეგვახსენებს, რომ “2004 წლის 14 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარების და რეფორმების ფონდის” შექმნის შესახებ. ფონდის მიზანია, მთავრობას დაეხმაროს საჯარო მოსამსახურეების ადეკვატური ანაზღაურების უზრუნველყოფაში.”
“24 საათი” წერს:


“ხალხში ამ ფონდს “სოროსის ფონდს” უწოდებენ, ანაზღაურებას კი, რომელსაც ამ ფონდიდან იღებენ, - სოროსის ხელფასს. რეალურად კი, ჯორჯ სოროსის მიერ გაღებული თანხა ამ ფონდში დაახლოებით ერთ მილიონ დოლარს შეადგენს. ბევრად უფრო საინტერესოა ის წყაროები, რომლებმაც ფონდიდან შარშან გაწეული დაახლოებით 16 მილიონი ხარჯი დააფინანსეს.”


გაზეთის თქმით, ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც აღნიშნულ სიასთან დაკავშირებით ჩნდება, უკავშირდება ფონდის ძირითად შემომწირველს, საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქროს საწმისს”, რომელმაც ფონდის ანგარიშზე გასულ წელს, 8 თვის განმავლობაში, გადარიცხა 10 მილიონ 496 ათას 245,04 აშშ დოლარი.
როგორც გაზეთი წერს:



“ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ უდიდესი თანხების მფლობელ ორგანიზაციას არ გააჩნია ვებგვერდი...საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდის ხელმძღვანელის კოტე კუბლაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია დაფუძნებულია ოფშორში, კერძოდ, კვიპროსში, იქ მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მიერ, რომლის სახელი და გვარიც ფონდისთვის უცნობია.”



21-23 იანვრის გაზეთ „ახალი ვერსიის“ ცნობით, პრეზიდენტის ფონდიდან 40 მილიონი ლარი გაქრა. გაზეთი მკითხველს განუმარტავს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ღონისძიებების დასაფინანსებლადაა განკუთვნილი, ანუ იმ ხარჯების დასაფარავად, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული. როგორც წესი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანხები სტიქიური უბედურებებით გამოწვეული მატერიალური ზარალის დაფინანსებას ხმარდება. თუმცა საქართველოში, ტრადიციულად, პრეზიდენტის ფონდს სხვა დატვირთვაც აქვს - ის მაღალჩინოსნებისთვის პრესტიჟული მანქანების შეძენასა და სხვადასხვა პირის მივლინებების დაფინანსებას ხმარდება. გაზეთი წერს:


„საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თუმცა საქართველო პარადოქსების ქვეყანაა და აქ ბიუჯეტზევით ხარჯვაც მიღებულია. ამის საუკეთესო დასტურია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანხების ხარჯვა. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ფონდიდან სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად უკვე დაახლოებით 40 მილიონ ლარზე მეტი აქვს გაღებული.
კანონის თანახმად, თუ ბიუჯეტით დადგენილი პარამეტრის ზევით ერთი ლარით მეტი მაინც გაიხარჯება, საჭიროა ეს ცვლილება პარლამენტმა განიხილოს და ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებები და დამატებები შეიტანოს. როგორც ოპოზიცია აცხადებს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის დაფინანსების გაზრდის თაობაზე აღმასრულებელ ხელისუფლებას საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს. ამასთან, პარლამენტში 2004 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გახარჯვის დეტალური ანგარიშიც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა დეპუტატებს მსგავსი არაფერი უნახავთ.“




„ვინ იქნება პატარა აფხაზეთის რეალური პრეზიდენტი და ვის ხელში იქნება ძალაუფლება, შეძლებს თუ არა სერგეი ბაღაფში საკუთარი მოადგილისა და არშემდგარი სახელმწიფოს მართვას - ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხს ეხება 21 იანვრის გაზეთ „რეზონანსის“ პუბლიკაცია. გაზეთის ვარაუდით, რუსეთის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ერთმანეთს აფხაზეთში დაეჯახნენ. „რეზონანსი“ წერს:



ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბაღაფში ის ფიგურა არ არის, რომელიც ხაჯიმბას ძალაუფლების ზრდას შეეგუება. სავარაუდოდ, ბევრი რამ მაშინ გაირკვევა, როდესაც აფხაზური ხელისუფლების დაკომპლექტება დაიწყება. ამ დროს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ალექსანდრე ანქვაბის პრემიერ-მინისტრობა. ამ ვითარებაში, ალბათ, ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება, თუ რაზე შეთანხმდნენ წინასაარჩევნოდ ბაღაფში და ხაჯიმბა. როგორც გაზეთ „რეზონანსს“ განუცხადა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უშიშროების სამმართველოს უფროსმა ლევან კიკნაძემ:

„საერთოდ, აფხაზები დაწერილ კანონებს თუ შეთანხმებებს დიდად არ დაგიდევენ, კონსტიტუციაც არაერთხელ დაურღვევიათ. თუ როგორ გადანაწილდება ხელისუფლება და რა ვითარება შეიქმნება აფხაზეთში, ამას მომავალი გვიჩვენებს. ამიტომ დღეს ძალიან რთულია თქმა, რომ იქ ყველაფრის გამგებელი ხაჯიმბა ან ბაღაფში იქნება. თუმცა ის, რომ აფხაზეთში რუსეთის გავლენა ძალიან დიდია, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი,“ - განუცხადა „რეზონანს“ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უშიშროების სამმართველოს უფროსმა ლევან კიკნაძემ.



„მალე პუტინს სეპარატისტულ რეგიონებზე ზრუნვის თავი აღარ ექნება,“ - წერს 22 იანვრის გაზეთი „ხვალინდელი დღე“, რომლის ცნობითაც, სოციალურ ნიადაგზე წარმოშობილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, სულ უფრო ხშირად გაისმის პროგნოზი რუსეთში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების პერსპექტივის შესახებ. შესაძლო რევოლუციის თემას მოსკოვში უკვე კონფერენციები ეძღვნება. ერთ-ერთი ასეთი კონფერენციის ანგარიშს „ხვალინდელი დღე“ აქვეყნებს. გაზეთის აზრით:


„რუსეთში ხავერდოვანი რევილუციის პერსპექტივის გაჩენამ პოლიტიკური წრეების გამოფხიზლებაზე სასიკეთო გავლენა იქონია. თუმცა პუტინის არჩევანის პროგნოზირებას ყველა ერიდება. დუმის რამდენიმე დეპუტატი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს; რუსეთის რეგიონების შემდეგ პენსიონერების დემონსტრაცია მოსკოვშიც გაიმართა. რუსეთი დამარცხდა აფხაზეთსა და უკრაინაში...წესით, ასეთი წარუმატებელი ქვეყანა არც აფხაზეთისთვის უნდა იყოს სასურველი პარტნიორი, თუმცა კრემლი ჯერ კიდევ ინარჩუმენს გავლენას სოხუმის ხელისუფლებაზე და ილუზია, რომ ბაღაფში თბილისთან დიალოგს მოსკოვის კარნახის გარეშე წარმართავს, ქართულ მხარეს არა აქვს. სააკაშვილის პირველი ეტაპის ამოცანაა აფხაზების დაინტერესება და იგი ბაღაფშის ყურადღების მიპყრობას სტრასბურგიდან შეეცდება.“






მომავალ კვირას სტრასბურგში დაგეგმილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თემა ქართულ პრესაში წამყვანი იყო. 20 იანვრის გაზეთი “24 საათი” აქვეყნებს დეპუტატებისა და ექსპერტების კომენტარებს ევროსაპარლამენტო ასამბლეის კრიტიკულ შენიშვნებზე, განსაკუთრებით, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: 1. 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები; 2.შვიდპროცენტიანი ბარიერის დაწევა; 3.აჭარის ავტონომიის სტატუსი; 4. სასამართლოს და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე იზიარებს ევროსაბჭოს პოზიციას, რომ ყველა ძალა დაბალანსებული არ არის.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შენიშვნებს, იგი, კერძოდ, აცხადებს:


“წინა კონსტიტუციაში ჩადებული რომ ყოფილიყო პარლამენტის დათხოვნის ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მექანიზმი, შეიძლება არ დაგვჭირებოდა რევოლუცია, რაც ძალიან სახიფათოა. როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის არანაირი იურიდიული ბერკეტი არ არსებობს, ხალხი იძულებულია ქუჩაში გამოვიდეს.
მე ვერასოდეს ვერავინ დამარწმუნებს, რომ პარლამენტის დათხოვნის ასეთი ძალიან განსაკუთრებული და კონკრეტული შემთხვევა (როგორიც ჩვენთანაა) დემოკრატიის დაკნინებაა. მე მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაა. უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ.”



განსხვავებული აზრი აქვს იურისტ დავით უსუფაშვილს, რომელმაც გაზეთ „24 საათს“ განუცხადა:

“ხელისუფლებამ არც ევროპელებს და არც ქართველებს თვალში ნაცარი არ უნდა შეაყაროს და არ უნდა მოგვატყუოს, თითქოს რაღაც დამსახურების გამო ეს პრობლემები პრობლემები არ არის. მე მგონი, ვაჟკაცობა უნდა ეყოს ამ ვაჟკაც ხელისუფლებას, რომელმაც რევოლუციის ლიდერობა იტვირთა. მან უნდა თქვას: შეგვეშალა. ამასთანავე, კონკრეტულად მიუთითოს, პრობლემების გამოსწორებას რა ვადებში აპირებს.”
XS
SM
MD
LG