Accessibility links

logo-print

როგორ აისახება იუშჩენკოს პრეზიდენტობა საქართველო-უკრაინის სამხედრო თანამშრომლობაზე


საქართველო-უკრაინის სამხედრო თანამშრომლობა,

რომელიც მეექვსე წელია აღმავალი ხაზით ვითარდება, ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს. ამის შესახებ ხმამაღალ პროგნოზებს, დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტების გარდა, სამხედრო მაღალჩინოსნებიც აკეთებენ. მათ მხედველობაში აქვთ ის გარემოება, რომ დღესდღეობით უკრაინა საქართველოსთვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია, ხოლო უკრაინის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სულ უფრო მეტი ქართველი ოფიცერი ეუფლება სამხედრო ხელოვნებას. დღეს საქართველო-უკრაინის სამხედრო თანამშრომლობის სხვა ასპექტებსა და სამომავლო პერსპექტივაზე მინდა გესაუბროთ.

საქართველო-უკრაინის სამხედრო თანამშრომლობაში, რომელსაც ორ ქვეყანას შორის ისტორიულად კეთილმეზობლური და სტრატეგიული პოლიტიკური თანამშრომლობა აძლევს ბიძგს, ბზარი ვერც ანტისარაკეტო სისტემა “კოლჩუგებთან” დაკავშირებულმა საერთაშორისო სკანდალმა შეიტანა და ვერც “ნარინჯისფერთა” რევოლუციაში ქართული პოლიტიკური დესანტის მონაწილეობამ. მიუხედავად უკრაინაში ქართული რევოლუციის ექსპორტის მცდელობით პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას გარემოცვის გაღიზიანებისა, საქართველომ მძიმე საბრძოლო ტექნიკის მსხვილი პარტია სწორედ ნოემბერ-დეკემბრის თვეში მიიღო. იარაღის შეძენის ფაქტს უკრაინიდან დამოუკიდებელ გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილიც ადასტურებს, თუმცა მიაჩნია, რომ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაცია უნდა გასაიდუმლოვდეს:


[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “აქ იგულისხმება ის ძირითადი საბრძოლო საშუალებები, რომლებითაც ხდება ქართული არმიის გადაიარაღება და რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს არმიის ჯავშანსატანკო პოტენციალი.”

საქართველო-უკრაინას შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესი 1998 წლიდან დაიწყო. მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ფიქრობს, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა - როგორც პირად, ისე სხვადასხვა სტრუქტურების დონეზე. თუმცა ჩვენთან სატელეფონო საუბარში დავით თევზაძემ განაცხადა, რომ თავდაპირველად ძირითადი აქცენტი არა უკრაინის მხრიდან სამხედრო-ტექნიკურ დახმარებაზე, არამედ რეგიონულ გაერთიანება სუუამის ფარგლებში სამხედრო თანამშრომლობაზე კეთდებოდა, და გაიხსენა ერთობლივი ქართულ-აზერბაიჯანულ-უკრაინული სამხედრო სწავლება კრწანისის პოლიგონზე:

[დავით თევზაძის ხმა] “ის, რაც ჩვენ პრაქტიკულად ჩავატარეთ, აზერბაიჯანთან ერთად, ამ სუუამის ფარგლებში, ნავთობსადენის ავარიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ეს იყო მთლიანად უკრაინის ინიციატივა.”

მაგრამ სამხედრო თნამშრომლობა სუუამის ფარგლებში ამ ერთი სწავლებით დასრულდა, სავარაუდოდ, ამ რეგიონული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ ლიდერებზე რუსეთის ზეწოლის გამო. თუმცა საქართველო-უკრაინის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა შემდგომში კიდევ უფრო გაფართოვდა. ამ თანამშრომლობას, გარდა ზემოხსენებული სამხედრო-ტექნიკური პროექტებისა, რაც საქართველოსთვის შეღავათიან ფასებში საბრძოლო ტექნიკის მოწოდებას გულისხმობს, დაემატა კონტაქტები საგანმანათლებლო ხაზით. უკრაინის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია მეექვსე წელია ამზადებს უფროს ოფიცერთა და მეთაურთა კადრებს საქართველოს სამხედრო უწყებებისათვის. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სიხარულიძის თქმით, მომავალში უკრაინის სამხედრო სასწავლებლებში სხვადასხვა სახის ქართველი სამხედრო-ტექნიკური კადრების მომზადებაც იგეგმება:

[დავით სიხარულიძის ხმა] “ჩვენ ერთი ტიპის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება გვაქვს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი სპეციალისტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადება უკრაინის სამხედრო უმაღლეს სასწავლებლებში.”

მაგრამ, ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საქართველოსთვის შეღავათიანი სამხედრო პროექტების განხორციელების გარდა, რით შეიძლება დააინტერესოს საქართველოს სამხედრო-სამრეწველო პოტენციალმა თავად უკრაინა? ამ მხრივ, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად არსებობს. როგორც ჩანს, უახლოეს წლებში ეს დისბალანსი სამხედრო თანამშრომლობაში არ დაირღვევა და, სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით, საქართველო უკრაინისათვის უფრო დახმარების მიმღები ქვეყანა, ანუ იარაღის გასაღების ბაზარი, იქნება. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავ სუ-25-ების რემონტი საქართველოს “თბილავიამშენის” საწარმოში ან ამავე ქარხნის მიერ გამოშვებული სუ-25-ის მოდერნიზებული ქართულ-ებრაული მოდელის შესყიდვა. თუმცა პრეზიდენტ კუჩმას ეპოქა ისე დამთავრდა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საქართველოში ერთი შეკვეთაც არ განუხორციელებიათ. შესაბამისად, დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტებს და ქართველ იარაღის მკეთებლებს იმედი აქვთ, რომ ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში, თუ ქართველი კონსტრუქტორების გამოშვებული თვითმფრინავები არა, მათ მიერ გარემონტებული მოიერიშეები მაინც იფრენენ უკრაინის ცაზე.
XS
SM
MD
LG