Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მოქალაქის 12 წლის წინანდელი მკვლელობის საქმე ხელახალ გამოძიებას უბრუნდება


საქართველოს გენერალური პროკურატურა ხელახლა გამოიძიებს აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლის ფრედ ვუდრაფის მკვლელობის საქმეს.


პროკურატურის გადაწყვეტილება პირადად დაადასტურა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განაცხადა, რომ მიესალმება საქმის ხელახალ და დეტალურ გამოძიებას.
რამდენიმე თვის წინ ამავე საკითხთან დაკავშირებულმა შეკითხვამ საქართველოს პრეზიდენტი გააღიზიანა, გენერალურმა პროკურატურამ კი ვუდრაფის მკვლელობის საქმის ხელახალ განხილვაზე უარი თქვა.რას უკავშირდება ხელისუფლების მიერ პოზიციის შეცვლა?

თავდაპირველად შეგახსენებთ, რომ ფრედ რასელ ვუდრაფი 1993 წლის აგვისტოში მცხეთასთან მოკლეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ავტომანქანას, რომელშიც ვუდრაფთან ერთად საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის დაცვის უფროსი ელდარ გოგოლაძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდნენ, სამხედროფორმიანმა პიროვნებამ ესროლა. პროკურატურამ ვუდრაფის მკვლელად გამოაცხადა ანზორ შარმაიძე, რომელსაც თოთხმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გასული წლის ზაფხულში გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა საქმის ხელახალ გამოძიებაზე, ნოემბერში კი თბილისში ჩამოვიდა ვუდრაფის ოჯახის ადვოკატი მაიკლ პულარა, რომელმაც ხელისუფლებას ჩამოუტანა გარდაცვლილის ნათესავთა წერილი, შარმაიძის გათავისუფლების თხოვნით. ვუდრაფის ოჯახი აცხადებდა, რომ უდანაშაულო ადამიანის პატიმრობა გარდაცვლილის სულს ამძიმებს. პრეზიდენტთან ტექნიკურ უნივერსიტეტში ნოემბერში გამართულ შეხვედრას ამერიკელი ადვოკატი საგანგებოდ დაესწრო და მიხეილ სააკაშვილს საქმის ხელახალი გამოძიება სთხოვა. საპასუხოდ პრეზიდენტმა მაიკლ პულარას საქართველოს კანონმდებლობის პატივისცემისკენ მოუწოდა.

22 იანვარს კი პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას ვუდრაფის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების თაობაზე:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ბატონი გენერალური პროკურორი იყო ჩემთან და მითხრა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა აპირებს ხელახლა ძალიან დაწვრილებით დაუბრუნდეს ამერიკელი დიპლომატის ვუდროფის მკვლელობის საკითხს. კიდევ ერთხელ აპირებენ ისინი გადახედონ ამას, მოაწყონ საჯარო განხილვები, საჯარო მოსმენა ამ საკითხზე და მოიწვიონ ყველა დაინტერესებული მხარე.” (სტილი დაცულია)

ხელისუფლების მიერ პოზიციის შეცვლის არაოფიციალურ მიზეზად პირადად აშშ-ის ადმინისტრაციის დაინტერესება სახელდება. სამაგიეროდ, ზუსტადაა ცნობილი, რომ საქმის ხელახალი გამოძიებით დაინტერესებულია ფრედ ვუდრაფის ოჯახი. მისი ადვოკატი მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ანზორ შარმაიძის უდანაშაულობის დამადასტურებელ არაერთ მტკიცებულებას ფლობს. მათ შორისაა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მასალები:

[მაიკლ პულარას ხმა] ,,ამერიკულმა მხარემ ჩაატარა მრავალი და საკმაოდ ხანგრძლივი გამოძიება ამ მკვლელობასთან დაკავშირებით. წლების მანძილზე ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ეს საქმე სამჯერ გამოიკვლია. გამოძიების დასკვნით, ის პიროვნება, - ან პიროვნებები, - რომელსაც შეეძლო ფრედ ვუდრაფის მოკვლა, დადგენილი არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ, მათ დანამდვილებით მოიპოვეს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ დანაშაული ანზორ შარმაიძეს არ ჩაუდენია.”

უახლოეს ხანში მაიკლ პულარა საქართველოში ჩამოვა და, ისევე როგორც ნოემბერში, პრესკონფერენციას გამართავს ოფისში ორგანიზაციისა ,,ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის”. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძეს მიაჩნია, რომ ვუდრაფის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბოლო განცხადებას გავლენა ექნება უზენაეს სასამართლოზე, რომელმაც ხელახალი გამოძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს:

[ნანა კაკაბაძის ხმა] ,,პრობლემა სწორედ, აი, ამაში მდგომარეობს, რომ სასამართლოები კანონიერ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ, თუ არ იქნება პოლიტიკური ნება.” (სტილი დაცულია)

ხელისუფლების პოლიტიკური ნება რომ არსებობს, ამას გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება ადასტურებს. მასზე საუბარი გასულ შაბათს პრეზიდენტმა იმით დაასრულა, რომ სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა. საგულისხმოა, რომ ვუდრაფის საქმისადმი სააკაშვილის ნოემბრის განცხადების შემდეგ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ ადვოკატებს ხელახალი გამოძიების თხოვნა არ დაუკმაყოფილა. ანალოგიური პროცესი 18 თებერვალს უზენაეს სასამართლოშია დანიშნული, თუმცა, პროკურატურის ბოლო გადაწყვეტილების გამო, საქმის განხილვა, შესაძლოა, საჭირო აღარც იყოს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG