Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიული ენერგოობიექტების გაყიდვას ცდილობს


რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საქართველოს მთავრობამ რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომს” 300 მილიონ აშშ დოლარად შესთავაზა

საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური გაზსადენების პრივატიზება. ასევე, ოფიციალურ თბილისს სურვილი აქვს “გაზპრომმა” 100 მილიონ დოლარად შეიძინოს გაზგამანაწილებელი კომპანია ”თბილგაზი”. რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ამ ცნობებს საქართველოს მთავრობაში კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ”გაზპრომთან” მხოლოდ ”თბილსრესის” ენერგობლოკის პრივატიზების პირობებზე შეთანხმდნენ.

24 იანვარს საქართველოს სტუმრობდა რუსეთის კომპანია ”ევრაზია-ჰოლდინგის” პრეზიდენტი ალექსანდრ აბრამოვი. მან და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ”ევრაზია-ჰოლდინგმა” ჭიათურის მარგანეცის საბადოები და ”ვარციხეჰესი” 132 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ამით აღტაცება ვერ დაფარა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და, აი, რა განაცხადა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბატონი აბრამოვი აკეთებს ძალიან სერიოზულ განაცხადს, უპრეცედენტოს სხვა განაცხადებს შორის ინვესტიციების იმ მოცულობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განხორციელდეს როგორც ჭიათურაში, ისე ზესტაფონში...”

საქართველოში დიდი პრივატიზაციის პროცესი სულ უფრო ინტენსიური ხდება. თუმცა მთავრობის მცდელობას, ”სინდისის” გარდა, ყველაფერი გაყიდოს, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. კამათის საგანს წარმოადგენს ის, რომ საპრივატიზაციოდაა გამზადებული ეგრეთ წოდებული სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები.
ასევე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მათი მყიდველის ვინაობაც. საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის ძირითადი მონაწილენი რუსეთის სახელმწიფო ან ნახევრად სახელმწიფო კომპანიები არიან.

გასულ კვირაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის” დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ”გაზპრომი” 25 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძენს თბილისის თბოელექტროსადგურის მეათე ენერგობლოკს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, თბილისში გამართულ შეხვედრებზე “გაზპრომს” მაგისტრალური გაზსადენებისა და ”თბილგაზის” პრივატიზებაც შესთავაზეს, შესაბამისად, 300 და 100 მილიონ დოლარად. რუსეთის სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლებს ფასი არ მოეწონათ და ქართველ პარტნიორებს მისი განახევრება მოსთხოვეს. არადა, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ანალოგიური პროცესების წინააღმდეგ გამოდიოდა ამჟამინდელი მმართველი პოლიტიკური ძალა. ძველი პოზიცია არ შეუცვლია პარლამენტარ კობა დავითაშვილს:

[კობა დავითაშვილის ხმა] ”მიმდინარეობს, ფაქტობრივად, კახა ბენდუქიძის გამოყენება რუსეთის ინტერესების გასატარებლად ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ სტრატეგიულ ობიექტებზეც კი, როგორიცაა გაზსადენები, მზად არის კახა ბენდუქიძე, ფაქტობრივად, ჩვენს მოწინააღმდეგეს - იმ ქვეყანას, რომელიც დაბომბვას აპირებს ჩვენსას და ყოველთვის მიზეზს ეძებს და ტერიტორიული მთლიანობა შელახული აქვს - ჩააბაროს ეს სტრატეგიული გაზსადენები, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების აშკარა მტრობაა.”(სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე ახლახან რუსეთის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოში შეიყვანეს.

საბჭოში გაერთიანებულნი არიან: წამყვანი რუსი პოლიტიკოსები, დეპუტატები, პრეზიდენტის მრჩევლები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელმძღვანელები და სამხედრო მოხელეები.

ხოლო საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ ჟვანია, რომლის გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრია კახა ბენდუქიძე, აცხადებს, რომ ოპოზიციის განცხადებები უსაფუძვლოა და ამ ეტაპზე გაზსადენებისა და ”თბილგაზის” პრივატიზება არ იგეგმება. თუმცა, “გაზპრომთან” ფასზე შეთანხმების შემთხვევაში, არც ისაა გამორიცხული, პრემიერ-მინისტრის პოზიცია უცებ შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG