Accessibility links

logo-print

წინადადებები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად


დავით პაიჭაძე, თბილისი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ვითარება სულ უფრო იძაბება იქ ქართველი პოლიციელის მძევლად აყვანის გამო. ასეთ ფონზე კონკრეტული სიტუაციის განმუხტვა უფრო აქტუალურია,

ვიდრე საერთოდ კონფლიქტის მოწესრიგებაზე მსჯელობა. მსმენელს, შესაძლოა, ახსოვდეს, რას სთავაზობდა საქართველო სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს ამ რამდენიმე თვის წინ. შეთავაზება შეთავაზებად დარჩა. დღეს ქართველებიც და, იმედია, ოსებიც, ელიან რეგიონის კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წინადადებებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სტარსბურგში უნდა წარმოადგინოს. ამავე დროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი პრეზიდენტის მოწოდებას, შეემუშავებინათ საქართველოში არსებული კონფლიქტების მომწესრიგებელი კონცეფციები თუ წინადადებები, მესამე სექტორი სწრაფად გამოეხმაურა. კონცეფციას აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ საქართველოში აქტიურად განიხილავენ. ბოლო დრომდე არ ჩანდა მსგავსი კონცეფცია სამხრეთ ოსეთზე და სულ ახლახან ისიც გამოჩნდა. მე მის ერთ თანაავტორს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის სპეციალისტს, ლაშა ძებისაშვილს ვესაუბრე.

სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსისა და მისი განხორციელების კონცეფცია არ არის ისე დეტალურად დამუშავებული, როგორც კონცეფცია აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. ტექსტის ავტორები დასაწყისშივე აღნიშნავენ, რომ ის არ წარმოადგენს დასრულებული სახის მქონე დოკუმენტს და უფრო იმას ისახავს მიზნად, ბიძგი მისცეს სასურველ ძალისხმევას კონფლიქტის მოსაგვარებლად. ერთ-ერთი იდეა, რაც კონცეფციის ავტორებს სასურველად მიაჩნიათ, საქართველოს ერთიანი ფედერალური სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანაბარი სტატუსია. კონცეფციის თანაავტორის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის სპეციალისტის, ლაშა ძებისაშვილის აზრით, ორივე რეგიონი დაახლოებით თანაბარ მდგომარეობაშია: მათ ვერ აკონტროლებს საქართველო და, ფაქტობრივად, ორივეს აკონტროლებს რუსეთი. ლაშა ძებისაშვილის აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძნელია წარმოიდგინო ცალ-ცალკე - ჯერ ერთი განდგომილი რეგიონის შემოერთებით და შემდეგ -მეორის. თუ აფხაზებს საქართველო რაიმე კონცეფციას წარუდგენს, მას უნდა იცნობდეს სამხრეთი ოსეთიც, ამბობს ლაშა ძებისაშვილი:

[ძებისაშვილის ხმა] “ნებისმიერ შემთხვევაში, როცა იმავე საკითხზე სხვა კონცეფციასა და უფრო დაბალი დონის უფლებებს სთავაზობ სამხრეთ ოსეთს, ეს იწვევს გაღიზიანებას და არასრულფასოვნების გრძნობას აჩენს: რა, ჩვენ ნაკლები ვიბრძოლეთ, ნაკლები მსხვერპლი გავიღეთ, უფრო ნაკლებად ვფასობთ ერთიან ქართულ სახელმწიფოში თუ რატომ”?

შესაბამისად, ფიქრობს ლაშა ძებისაშვილი, ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებაც მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული. კონცეფცია საქართველოს მთავრობის კომპეტენციას აკუთვნებს საგარეო ურთიერთობასა და ვაჭრობას, სახელმწიფო ფინანსებს, ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, სახელმწიფო თავდაცვას, უშიშროებასა და შეიარაღებულ ძალებს, სახელმწიფო საზღვრების დაცვას და ა.შ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კი, კონცეფციის თანახმად, უნდა განაგებდეს ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, შიდა საარჩევნო სისტემის, სამართლის გარკვეული სფეროების რეგულირებისა და სხვა საკითხებს. არსებობს საერთო კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების ნუსხაც.

ლაშა ძებისაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მცხოვრები ოსები, რომლებიც თავიანთ მომავალს საქართველოში ხედავენ, დადებითად ეკიდებიან კონცეფციის ავტორთა მიდგომებს. სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში კი უნდა გაივლოს მიჯნა ცხინვალსა და სოფელ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას შორის. სოფელში მცხოვრები მოქალაქეები უფრო ლოიალურნი არიან საქართველოსადმი, ცხინვალში კი მოსახლეობა უაღრესად პოლიტიზებულია და პირველ ეტაპზე მათგან გაგებისა და რაიმეს მიღების მოლოდინი ზედმეტია. თუმცა ინტერესი, რას შესთავაზებს საქართველო, ნამდვილად არსებობს.
XS
SM
MD
LG