Accessibility links

კადეტთა კორპუსის ეზოში შეკრებილი ადამიანები სასწავლებლისთვის პროფილის შენარჩუნებას ითხოვენ


საპროტესტო აქცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსის ეზოში რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როგორც ჩანს, პერმანენტულ ხასიათს იღებს.

სასწავლებლის პედაგოგები, კურსანტები და მათი მშობლები კვლავაც თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც კადეტთა კორპუსის ლიკვიდაცია მოხდა. შექმნილ ვითარებაში გასარკვევად აქციის მონაწილეთა 10 კაციანი დელეგაცია თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს ეწვია, თუმცა შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძესთან შეხვედრისას გაირკვა, რომ სასწავლებლის ყოფნა-არყოფნის საკითხი უშიშროების საბჭოს გადასაწყვეტი ყოფილა.

თავდაცვის მინისტრის 405 ბრძანებამ ცხოვრების ჩვეული რეჟიმი, კადეტთა კორპუსის პედაგოგების გარდა, საკუთრივ კადეტებსა და მათ მშობლებსაც დაურღვია. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან - გორიდან, რუსთავიდან, ხაშურიდან - თბილისში ჩამოსული ადამიანები ხელისუფლებისგან ერთადერთ რამეს - კადეტთა კორპუსში სასწავლო პროცესის აღდგენას ითხოვენ:

[ქალბატონის ხმა] “არ დავუშვებთ სასწავლებლის დახურვას. ყველა ღონეს ვიხმართ, ბოლო წუთამდე აქ ვიქნებით, სასწავლებელი უნდა შენარჩუნდეს, უნდა იარსებოს საქართველოში კადეტთა კორპუსმა, აუცილებელია მომავლისათვის და აუცილებელია ჩვენი სამშობლოსათვის…”

[ქალბატონის ხმა] “მოყვანილი ბავშვი გზიდან უნდათ ააცდინონ, უბიძგებენ ქურდობისკენ, ქუჩაში დგომისკენ… იმის მაგივრად, რომ ბავშვები ქუჩიდან შემოიყვანონ, დაასაქმონ და პატრონობა გაუწიონ.”

აქციის მონაწილეებისათვის არავის განუმარტავს, თუ რატომ გამოსცა მინისტრმა სასწავლებლის გაუქმების ბრძანებულება. ამ საკითხში გარკვევას ამაოდ ცდილობდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი და კადეტთა კორპუსის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, დეპუტატი გიორგი ყარყარაშვილი:

[გიორგი ყარყარაშვილის ხმა] “ერის დღევანდელმა წინამძღოლებმა, სულიერმა ბელადებმა გააკეთონ განცხადება, რას ერჩიან ამ ბავშვებს.”

იმის გამო, რომ განცხადების გაკეთებით თავი არავის შეუწუხებია, კადეტთა კორპუსის პედაგოგები და აქციის მონაწილე მშობლები განმარტების მისაღებად თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ეწვივნენ. სასწავლებლის პედაგოგი გია ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში მათ კითხვებზე პასუხის გაცემა გაუჭირდათ:

[გია ჩხიკვიშვილის ხმა] “გენშტაბის შუამდგომლობით, ჩვენ ვიყავით უშიშროების საბჭოში, ვინც კურირებს სამხედრო საკითხებს - ბატონ ჩიქოვანთან, რომელიც ახლა უკვე, იმედია, შესულია ბატონ ბეჟუაშვილთან და ჩვენ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ველოდებით მეტ-ნაკლებად გარკვეულ პასუხს. მონახაზი კი ასეთია, რომ ჩვენ პროფილის შეუცვლელად უნდა გადავიდეთ განათლების სამინისტროს სისტემაში.”(სტილი დაცულია)

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ სასწავლებელს პროფილი არ შეეცვლება, მათთვის პრობლემის ამგვარი სახით გადაჭრა სავსებით მისაღებია:

[მამაკაცის ხმა] “ღმერთის, ჩვენი ხელისუფლების კეთილგონიერების, პედაგოგებისა და საზოგადოების თანადგომის იმედად ვართ.”

და კიდევ, კადეტთა მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილები, მიუხედავად იმისა, სასწავლებელს დახურავენ თუ არა, მაინც ქართველი ოფიცრის მუნდირის მორგებასა და ღირსეულად ტარებას აპირებენ:

[ქალბატონის ხმა] “რაც არ უნდა ხელისშემშლელი პირობები ჰქონდეთ, მაინც გააგრძელებენ და ჩემი შვილები მაინც მიიღებენ სამხედრო განათლებას - დახურავენ თუ არ დახურავენ ამ სასწავლებელს. ეს იცოდეს ყველამ. აქ ბავშვები თავისი ნებით არიან მოსულები, 14-15 წლის ასაკში ფორმა ჩაიცვეს და ნუ უშლიან ხელს. დაგვიდგეს ყველა გვერდში, სჭირდება საქართველოს მომავალი.”(სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებას სულ სხვა გეგმები აქვს. პროფესიონალი ოფიცრების წვრთნა და შენახვა ძვირი ჯდება. არაპროფესიონალი რეზერვისტების სამკვირიანი გადამზადება კი - ერთიათად იაფი. თუმცა გულანთებულ კადეტებსა და მათ მშობლებს იმედი ჯერ არ დაუკარგავთ. ისინი ჯიუტად ელიან ხელისუფლებისგან პასუხს.
XS
SM
MD
LG