Accessibility links

logo-print

საქართველოში გაორმაგებული პენსიების გაცემა დაიწყო


საქართველოს ხელისუფლებამ გაორმაგებული პენსიების გაცემა დაიწყო. ამიერიდან საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 800 ათასი პენსიონერი, 14 ლარიანი პენსიის ნაცვლად,

28 ლარს მიიღებს. ეს ფაქტი სპეციალურად აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და 24 იანვარს ბანკის იმ ფილიალს ესტუმრა, სადაც გაორმაგებული პენსიების გაცემა მიმდინარეობდა. სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის ერთწლიანი ვადის შემაჯამებელი პრესკონფერენციაც სწორედ იმ დაპირების შესრულებაზე ლაპარაკით დაიწყო, რომელიც მან პენსიონერებს პრეზიდენტად არჩევის წინ მისცა. არიან თუ არა ამით კმაყოფილნი პენსიონერები?

მე თბილისის ქუჩებში გამვლელ პენსიონერებს გავესაუბრე და ვკითხე, არიან თუ არა კმაყოფილნი პენსიის 28 ლარამდე გაზრდით:

[პენსიონერის ხმა] ”პურის ფულად არ გვეყოფა, შვილო, ეს. არაფერი არ არის ეს გაზრდილი პენსია. დღეში 5 ლარი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს.”

[პენსიონერის ხმა] ”როგორ შეიძლება, როცა პარლამენტარს მარტო ლაპარაკის გულისთვის 1400 – 1500 ლარს აძლევენ და ჩვენ კიდევ 28 ლარს. სირცხვილით როგორ ამბობენ გავაორმაგეთო.”

[პენსიონერის ხმა] ”მერე, რომ ამბობენ, გაორმაგებულიაო, ჩვენ ხომ 20 გვქონდა პენსია. ჩვენთვის არ გამოდის გაორმაგებული.”

რეალურად გაორმაგებულ პენსიას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები მიიღებენ. თბილისელი პენსიონერები კი დიდი ხანია შეეჩვივნენ იმ აზრს, რომ 21 ლარიანი პენსია აქვთ. არადა, ეს სულაც არ იყო გაზრდილი პენსია, რადგან თბილისელები 14 ლარიან პენსიასთან ერთად ყოველთვიურად 7 ლარიან სოციალურ დახმარებასაც იღებდნენ. ახლა ამ სოციალური დახმარების ბედი გაურკვეველი რჩება, რადგან 24 იანვარს სახალხო ბანკის სალაროებთან მისულ თბილისელ პენსიონერებს მხოლოდ 28 ლარი მისცეს. ამ პროცესს სახალხო ბანკის ერთ-ერთ ფილიალში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და პენსიონერებს პენსიების კიდევ უფრო გაზრდას დაჰპირდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”უნდა მივცეთ იმდენი, რომ ეს ადამიანები ელემენტარულად სიცივით არ დაიხოცონ, შიმშილით არ დაიხოცონ. და ასეთი ადამიანი, სამწუხაროდ, საქართველოში გვყავს ძალიან ბევრი. მათთვის ჩვენ ვამზადებთ ცალკე პროგრამას.”

ცალკე პროგრამაში სიღარიბის დაძლევის პროგრამა იგულისხმება და არა საპენსიო რეფორმა. სიღარიბის დაძლევას კი პრეზიდენტი სააკაშვილი პრივატიზაციიდან შემოსული თანხების გამოყენებით აპირებს. თუმცა ეს სულაც არაა მომავალი პენსიონერების პრობლემის გადაწყვეტის საშუალება, რადგან ხალხი ხელისუფლებისგან კუთვნილ პენსიას ითხოვს და არა სოციალურ დახმარებას თუ მოწყალებას:

[პენსიონერის ხმა] ”ნუთუ იმდენი დამსახურება არა მაქვს, რომ 100 ლარი მაინც ყოფილიყო. ეს საკმარისი არ არის, ეს საარსებო მინიმუმია. უნდა გაითვალისწინონ ისა, რომ დილას და საღამოს ჩაი მაინც დავლიოთ.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი დაახლოებით 115 ლარს შეადგენს, ხოლო ჩვენს მეზობელ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში პენსია სწორედ ამ მოცულობისაა - დაახლოებით 50 ამერიკული დოლარი.
XS
SM
MD
LG