Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს კვლავ სერიოზული პრობლემები აქვს


ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Human Rights Watch,” რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში აწარმოებს,

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა.
ორგანიზაციის წლევანდელი მოხსენების ავტორები საქართველოში პრაქტიკულად ერთადერთ დადებით მოვლენად რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესებას ასახელებენ.


ადამიანის უფლებათა დამცველი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მთავრობის ,,რეფორმატორულ დღის წესრიგს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ჯერჯერობით არაერთგვაროვანი შედეგები აქვს.”
მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოში პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა რამდენჯერმე გამოიყენა, რაც შეკრების თავისუფლების მხრივ არსებული სიტუაციის გაუარესებადაა შეფასებული. მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის პროცესში ცალკეული პირების მიმართ ხელისუფლება კანონს შერჩევის პრინციპითა და პოლიტიკური მოტივით იყენებს. ,,Human Rights Watch”-ის შეფასებით, საქართველოში მასმედია შედარებით თავისუფლებას ინარჩუნებს, თუმცა ალტერნატიული აზრი იშვიათობად იქცა. ამერიკული ორგანიზაცია დადებით მოვლენად აფასებს სახალხო დამცველად ჟურნალისტ სოზარ სუბარის დანიშვნას და იმ ფაქტს, რომ ომბუდსმენის აპარატთან შეიქმნა მონიტორინგის საბჭო, რომელიც დაკავებულებისადმი პოლიციის დამოკიდებულებას აკონტროლებს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტის მომზადების მომენტში საბჭოს მოქმედების გეგმა რეალიზებული არ იყო. სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლები უკვე ორი კვირაა პოლიციის განყოფილებებს ამოწმებენ. საბჭოს ერთ-ერთი წევრი, იურისტი რევაზ ჭარბაძე ამბობს, რომ მეთვალყურეობამ გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო:

[რევაზ ჭარბაძის ხმა] ,,მაგალითად, დღეს შემოწმდებოდა ერთი პოლიციის განყოფილება; ერთი მონიტორინგის ჯგუფის გასვლის შემდგომ, თითქმის რამდენიმე საათში, მეორე ჯგუფი შედიოდა და, აქედან გამომდინარე, პოლიციელებმა იცოდნენ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა იქ მონიტორინგის ჯგუფი შესულიყო. ისინი მაქსიმალურად ერიდებოდნენ წამებას კი არა, დაკავებასაც. მე პირადად ვთვლი, რომ ეს იყო მონიტორინგის ჯგუფის დამსახურება.” (სტილი დაცულია)

მონიტორინგის პროცესი კვლავ გრძელდება და მისი შედეგები ,,Human Rights Watch”-ის მომდევნო მოხსენებებშიც აისახება. მანამდე კი ამერიკული ორგანიზაცია საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ დაკავებულთა წამებასა და პროცესუალური ნორმების დარღვევას ასახელებს. მოხსენებაში საგანგებოდაა მოყვანილი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის წამების ფაქტი და აღნიშნულია, რომ მისი გამოძიების საბოლოო შედეგები ორგანიზაციისთვის უცნობია.
მოხსენების ავტორები ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ ჩეჩენი დევნილების მძიმე მდგომარეობაზე, რაც ურთულესი სოციალური პირობებითა და, ხშირ შემთხვევებში, პოლიციის მიერ მათი შევიწროებითა და მუქარით გამოიხატება. დასახელებულია პანკისის ხეობაში აგვისტოში განხორციელებული სპეცოპერაციისას მომხდარი ინციდენტიც. კავკასიური სახლის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ პოლიციამ რამდენიმეს - მათ შორის, ფეხმძიმე ქალს - ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:

[მექა ხანგოშვილის ხმა] ,,3 აგვისტოს მოვლენა რომ მოხდა, რეაგირება იყო ასეთი: ჩემთან ვინც მოვიდა პირადად, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ამბობდა, ჩვენ პრეზიდენტისგან გვაქვს დავალება, ვინც ეს ჩაიდინა, სასტიკად უნდა დაისაჯონო.” (სტილი დაცულია)

კონკრეტულ პირთა დასჯის ფაქტი მექა ხანგოშვილისთვის უცნობია. ის ამბობს, რომ ჩეჩენ დევნილებზე ზეწოლა საქართველოს წინა ხელისუფლების პირობებში გაცილებით ნაკლები იყო.
ერთადერთი სფერო, სადაც სიტუაცია გაუმჯობესდა, ,,Human Rights Watch”-ის შეფასებით, აღმსარებლობის სფეროა. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრებისას პოლიციამ ზედმეტი ძალა გამოიყენა.
,,Human Rights Watch” კიდევ ერთი უცხოური ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის მიერ ერთი წლის წინ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ მოსწონს. სავარაუდოა, რომ ამერიკული ორგანიზაციის მომავალი მოხსენების კრიტიკული ნაწილის საფუძვლად საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების ახალი პროექტიც იქცევა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG