Accessibility links

რუსეთის პრესის ინტერესი საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ არ ნელდება. გასული


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის პრესის ინტერესი საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ არ ნელდება. გასული კვირის რუსული პრესა კვლავ ინტერესდებოდა იმით, თუ რა შეიცვლება

რუსეთთან ურთიერთობაში 12 თებერვლის შემდეგ, როცა ამ თვითაღიარებული რესპუბლიკის ახალი ლიდერის ინაუგურაცია გაიმართება. რუს ჟურნალისტებს არც კიდევ ერთი ინაუგურაციის წლისთავი გამორჩენიათ: რა შეიცვალა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ერთწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში - ეს თემა ერთობ პოპულარული იყო გასული კვირის რუსულ მედიაში.

„ბაღაფში აფხაზეთს ჩვეული კურსით წაიყვანს,“ - წერს ინტერნეტგამოცემა „სტრანა“, რომელიც ამგვარ დასკვნას თვითაღიარებული აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის განცხადებების საფუძველზე აკეთებს. კერძოდ, სერგეი ბაღაფშის თქმით, ის რუსეთის მოქალაქეა, რითაც ამაყობს და ყველაფერს გააკეთებს აფხაზეთის რუსეთთან დასაახლოებლად. „სტრანა“ წერს:



“ბაღაფშის თქმით, იგი, როგორც აფხაზეთის პრეზიდენტი, გეგმავს რესპუბლიკის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას; ეკონომიკის ასაღორძინებლად კი აპირებს შექმნას სერიოზული ბიზნესპროექტები, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების დაბანდებას აფხაზურ ეკონომიკაში და ტვირთების მოძრაობის გაზრდას რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე - ფსოუზე. როგორც ბაღაფშმა განუცხადა ჟურნალისტებს, ის მზად არის ყველა იმ სახელმწიფოსთან დაამყაროს ნორმალური ურთიერთობა, რომელიც პატივს სცემს აფხაზეთის სუვერენიტეტს.”


მიხეილ სააკაშვილის ერთწლიანი პრეზიდენტობის პერიოდს აფასებს ინტერნეტგამოცემა „ნოვაია პალიტიკა“, რომელიც თავდაპირველად თავად მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებებს აცნობს მკითხველს იმის შესახებ, თუ რა წარმატებებს მიაღწია საქართველომ ერთი წლის მანძილზე. აჭარის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისთვის დაბრუნება, ახალი საგადასახადო კოდექსი, პენსიების გაორმაგება, კორუფციასთან ბრძოლა - მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს ჩამონათვალიც საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ გასული ერთი წელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო. ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს „ნოვაია გაზეტა“, რომელიც წერს:




“ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოს საგარეო ვალმა 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. არ შეინიშნება დაპირებული სოციალ-ეკონომიკური უკეთესობა. მოსახლეობის ცხოვრების დონე კვლავ ძალიან დაბალია. საშუალო ხელფასი კვლავ 30 დოლარია, პენსია კი - 14. წლის განმავლობაში ფასებმა თითქმის მესამედით მოიმატა. ასე რომ, ოფიციალური მონაცემებითაც კი, ყოველი მეორე ქართული ოჯახის შემოსავალი საცხოვრებელ მინიმუმზე დაბალია.
მოსახლეობის 17 პროცენტი უმუშევარია. მეტიც - სააკაშვილის პერიოდში ეს პრობლემა კიდევ უფრო დამძიმდა. შედეგად, გაიზარდა მოსახლეობის ემიგრაციის პროცესი. “ვარდების რევოლუციის” დასაწყისში გაკეთებულმა მოწოდებებმა სამშობლოში დაბრუნების თაობაზე თავისი მომხიბვლელობა უკვე დაკარგა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დარჩენილთა დიდი ნაწილი უცხოეთში წასული ოჯახის წევრების დახმარებით ცხოვრობს. მაგალითად, რუსეთიდან საქართველოში ყოველწლიურად გადაგზავნილი თანხები ერთ მილიარდს აჭარბებს, რაც ევროპისა და ამერიკის ფინანსურ დახმარებებს არ ჩამოუვარდება. ეკონომიკის კოლაფსის შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე, შემოსავლების თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად იქცა და მსოფლიო ბანკის ჩამონათვალში სუდანის, ეთიოპიისა და შრი-ლანკის გვერდით ფიგურირებს.”
XS
SM
MD
LG