Accessibility links

logo-print

“მრავალეროვნული” საყვედური ხელისუფლებას


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები ახალი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია საკუთარ პოზიციას

აფიქსირებდა კონფერენციაზე, რომელიც “ვარდების რევოლუციის” ერთი წლის შემდეგ ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობას შეეხებოდა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვნული საქართველოს” ინიციატივით გაიმართა და მასში 36 ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციაზე ხელისუფლების დიდმოხელეები არ მისულან. ამიტომაც “მრავალეროვნული საქართველოს” წარმომადგენელთა საყვედურების მოსმენა მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მოუხდა.

“შერატონ მეტეხი პალასის” საკონფერენციო დარბაზი, 73 მონაწილე, საურთიერთობო ენა რუსული და ამ ენაზე გამოთქმული უამრავი საყვედური. ასეთ ვითარებაში მიმდინარეობდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც მათი პრობლემებისადმი ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებას აჯამებდნენ. რუსული, ბერძნული, აზერბაიჯანული, სომხური თუ გერმანული დიასპორების წარმომადგენელთა გამოსვლები დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. თითოეული მათგანი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა. საქართველოში ლატვიური სათვისტომოს თავმჯდომარემ რეგინა იაკობიძემ ძველ და ახალ ხელისუფლებებს შორის სხვაობაზე ისაუბრა:

[რეგინა იაკობიძის ხმა] “სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებას ჰყავდა ფორმალური სტრუქტურები, რომლებიც ჩვენი საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. პრეზიდენტს ჰყავდა მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, გერასიმოვი. პარლამენტში იყო კომიტეტი, რომელიც დაკავებული იყო უმცირესობების უფლებებით. რევოლუციის წლისთავზე ფორმალურადაც კი არ არის სამთავრობო სტრუქტურა, რომელიც ამ პრობლემებზე იზრუნებდა.”

რუსული დიასპორის წარმომადგენელი ლალი მოროშკინა ეთნიკური უმცირესობების მძიმე მდგომარეობაში დასარწმუნებლად დაინტერესებულ პირებს საქართველოს რეგიონებში გამგზავრებას ურჩევს:

[ლალი მოროშკინას ხმა] “ამ ერთი წლის განმავლობაში პოზიტიური, ფაქტობრივად, არაფერი მომხდარა. იმისათვის, რომ ჩემი სიტყვების სისწორეში სხვაც დარწმუნდეს, ელემენტარულად საჭიროა სულ ცოტა შორს გავიდეთ თბილისიდან - თუნდაც სამცხე ჯავახეთისკენ, თუნდაც აზერბაიჯანის საზღვრისკენ - და ვნახოთ, თუ რა ხდება იქ. მე ვიყავი ხუთი დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად სამცხე-ჯავახეთში და ვნახე იგივე, რაც ვნახე სამი წლის წინ, ოთხი წლის წინ, ანუ არაფერი არ შეცვლილა. მე მგონი, მათი პირობები გაუარესდა კიდეც.”

კონფერენციაზე, პრეზიდენტის ჩათვლით, თითქმის ყველა მაღალჩინოსანი იყო მიწვეული, თუმცა მისვლით “შერატონ მეტეხი პალასში”ყველაზე მაღალი ჩინისა - საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი მივიდა. შეხვედრაზე მოსმენილმა საყვედურებმა იგი ირონიულად განაწყო:

[კოტე გაბაშვილის ხმა] “ნუ, ეს ჩვეულებრივი ენაა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყოველთვის უნდა ილაპარაკონ, რომ მეტს მიაღწიონ მთავრობისგან. როგორ არ აკეთებს. როგორ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არის რაიმე დარღვევები ეროვნული შეგნების, ან ეროვნული ეთნიკური ჯგუფების მიმართ. რა თქმა უნდა, არის სურვილი უფრო მეტი გაკეთდეს და ასეთი სურვილი არის მთავრობის, მაგრამ ყველაფერს აქვს საშუალებები, თავისი დრო და მიმდინარეობა.”(სტილი დაცულია)

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება თითქმის ერთხმად დაიწუნეს და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. რეკომენდაციათა პაკეტი განსახილველად ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნებათ.
XS
SM
MD
LG