Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადეტთა კორპუსის საპროტესტო აქცია სახელმწიფო კანცელარიის წინ გრძელდება


კადეტთა კორპუსისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, გადამწყვეტ ფაზაში შედის. გაუქმებული სასწავლებლის პედაგოგები და მოსწავლეები ამჯერად საპროტესტო აქციას სახელმწიფო

კანცელარიის წინ მართავენ. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია: ხელისუფლებამ არ დაუშვას სასწავლებლის დახურვა. საქართველოს ლამის ყველა კუთხიდან ჩამოსული კურსანტების მშობლები კი სინანულით შენიშნავენ, რომ მათ შვილებს პირველი ბრძოლის გამართვა, მტრის ნაცვლად, საკუთარ მთავრობასთან მოუხდათ. ვინ არიან ეს ნორჩი მებრძოლები და რატომ არ ეთმობათ მათ კადეტთა სასწავლებელი?

[ბავშვების ხმა - ასრულებენ საქათველოს ეროვნულ ჰიმნს]
საქართველოს პრეზიდენტს უყვარს, როცა ეროვნულ ჰიმნს ბავშვები ასრულებენ. ასეთ დროს მიხეილ სააკაშვილი სიამაყით ლაპარაკობს ქვეყნის აღმშენებლობაში პატარა მოქალაქეების მონაწილეობაზე.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ბაკურიანში ვიყავი. ჩემი შვილის მეგობრებთან ერთად შევხვდი ძველ ახალ წელს სათხილამურო ბანაკში. ღამით მივედი, მივუტანე ორი ყუთი შოკოლადი და, როგორც კი გახდა 12 საათი, ეს ბავშვები დამწკრივდნენ და შეასრულეს საქართველოს ჰიმნი. ბავშვებისთვის ეს არის მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში.”

მაგრამ საქართველოში არიან სხვა ბავშვებიც, რომლებიც ახალ წელს პრეზიდენტის შვილთან ერთად ბაკურიანში ვერ ხვდებიან - ბავშვები, რომლებიც მარტო ჰიმნის შესრულებას არ სჯერდებიან და ქართული სახელმწიფოს გასაძლიერებლად ადრეული ასაკიდან ატარებენ სამხედრო ფორმას.

[ისმის კურსანტთა ხმები] “ოცეულო, ერთი და ორი!..”

ამ ბავშვებს ქართული საზოგადოება კადეტების, ხოლო სასწავლებელს, რომელსაც ისინი კვირაზე მეტია ხელისუფლებისგან იცავენ, კადეტთა კორპუსის სახელით იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელი სამხედრო წოდებას არ ანიჭებს, ბავშვების უმეტესობა სამხედრო კარიერაზე ოცნებობს.

[გიორგი მიქაბერიძის ხმა] “ბავშვობიდან ვოცნებობდი გავმხდარიყავი სამხედრო და ოფიცრობა მინდოდა. ჩავაბარებ აკადემიაში. მინდა, რომ ჩემი ცხოვრება ჯარსა და სამშობლოს დაცვას მივუძღვნა.”

ეს 15 წლის გიორგი მიქაბერიძე იყო. მისი თქმით, ყოველი დილა კადეტთა კორპუსში დილის ექვს საათზე ადგომით, სამკილომეტრიანი გარბენითა და საქართველოს დროშის აღმართვით იწყება. ბავშვების უმეტესობას არ სჯერა, რომ ქვეყნის მთავრობა მათ სასწავლებელს დახურავს. კადეტთა კორპუსის შესაძლო გაუქმებას ვერც კურსანტთა მშობლები ეგუებიან:

[კურსანტის დედის ხმა] “ჩემი სურვილი სულ არ ყოფილა. თვითონ ბავშვმა არ ვიცი საიდან გაიგო კადეტთა კორპუსის არსებობა. წამოვედით - 700 კაციან კონკურსში გაიმარჯვა, 120 მიიღეს მარტო. პირველი სემესტრი დახურა ოთხებზე და ხუთებზე. მამაკაცური თვისებები გამოუმუშავდა ძალიან მაღალ დონეზე. 15 წლის ბავშვი სექტემბრიდან დეკემბრამდე მონაკვეთში, ფაქტობრივად, დაკაცდა.”

თუმცა, კადეტებისა და მათი მშობლების პროტესტის მიუხედავად სასწავლებლის გაუქმების შესახებ თავდაცვის მინისტრის მიერ
გამოცემული ბრძანების გაუქმებას არავინ ჩქარობს. არადა, ამ ტიპის სასწავლებლები, როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი განმარტავს, საბჭოთა სისტემის გადმონაშთი სულაც არ არის:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ეს არ არის საბჭოთა მემკვიდრეობა. საბჭოთა კავშირის დროს კადეტები არც ერქვათ. მსგავსი სასწავლებლები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია…”

სამხედრო ექსპერტი სასწავლებლის გაუქმებასთან დაკავშირებით რიტორიკულ კითხვასაც სვამს: რა უკეთესია ქართული არმიისათვის - იქ მებუფეტეებმა ან სულაც იურისტებმა იმსახურონ, თუ 14-15 წლიდან სამხედრო ცხოვრების წესებს ნაზიარებმა პროფესიონალმა ოფიცრებმა? უცნაურია, მაგრამ, კითხვის სიმარტივის მიუხედავად, ხელისუფლებას დასაბუთებული პასუხის გაცემა უჭირს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG