Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან ფინანსური ამნისტია ცხადდება


დავით პაიჭაძე, თბილისი 25 იანვარს ჟურნალმა “საკანონმდებლო მაცნემ” გამოაქვეყნა კანონი, რომელსაც, შემოკლებით, ფინანსური ამნისტიის კანონად მოიხსენიებენ. გამოქვეყნება ამ კანონის ძალაში შესვლას ნიშნავს.

მაგრამ რას ნიშნავს თავად ფინანსური ამნისტიის კანონის ძალაში შესვლა?

ფინანსური ამნისტია ეხება პირებს, რომლებიც აღიარებენ, რომ გადასახადებს მალავდნენ და აცხადებენ დამალული გადასახადების ოდენობას. ამნისტია, თუნდაც ფინანსური, შვებისა და თავისუფლების მომტანია ბევრი ადამიანისთვის. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე კახა კობერიძე დაახლოებით განსაზღვრავს იმ სისხლის სამართლის საქმეთა რიცხვს, ფინანსური ამნისტიის შედეგად რომ შეწყდება:

[კობერიძის ხმა] “შეწყდება დაახლოებით სისხლის სამართლის 250-მდე საქმე, რომელთა უმეტესობა არის წინასწარ გამოძიებაში, ხოლო ნაწილი - სასამართლოში. მსჯავრდებულთა ნაწილიც გათავისუფლდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.”

კახა კობერიძის კომენტარით, ძნელია განსაზღვრო, რამდენ ადამიანს შეეხება ფინანსური ამნისტია: 250 შესაწყვეტი საქმე არ ნიშნავს, რომ ამდენი პირია ახლა მოთავსებული საგამოძიებო იზოლატორებში, საპყრობილეებსა თუ კოლონიებში. არაერთი ადამიანი, ვის წინააღმდეგაც საქმეა აღძრული, შეიძლება გარეთ იყოს. მათ გარდა, ფინანსური ამნისტია შეეხება პირებს, რომელთაც თავის დროზე ვერ მიაგნეს, მაგრამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიეტევებათ გამხელილი, ოღონდ განსაზღვრულ ვადამდე ჩადენილი, დანაშაული.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ცრუ მეწარმეობა, მონოპოლიური საქმიანობა, ფალსიფიკაცია, საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, ყალბი რეკლამა, აქციზური მარკის გარეშე საქონლის წარმოება - ეს გახლავთ იმ დანაშაულთა არასრული ჩამონათვალი, რომელთაც ფინანსური ამნისტიის კანონი “ჩამოწერს”. თუმცა ამ საფუძველზე ციხეებში მყოფი ყველა პირის გათავისუფლება, გენერალური პროკურორის მოადგილის განმარტებით, ერთბაშად ვერ მოხდება:

[კობერიძის ხმა] “ამას სჭირდება პროცედურული საკითხების მოწესრიგება. მაგრამ ეს მოხდება, რაც შეიძლება, სწრაფად და უკვე დღეს მსჯავრდებულთა ნაწილი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების კედლებს. ბუნებრივია, კონკრეტული სია დადგინდება. სავარაუდო სია უკვე არსებობს და უფრო დაკონკრეტდება.”

სხვათა შორის, სულაც არ არის აუცილებელი, ვის ქმედებებზეც ამნისტია ვრცელდება და ახლა ციხეში ზის, ციხიდან გამოვიდეს. ეჭვმიტანილებმა და ბრალდებულებმა, შესაძლოა, არ აღიარონ დანაშაული და მოითხოვონ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის, სასამართლოს ჩათვლით, ბოლომდე მიყვანა. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ლოდინი განსასჯელს ციხეში მოუწევს.

ერთი არსებითი შეხსენებაც გენერალური პროკურორის მოადგილისაგან:

[კობერიძის ხმა] “გეტყვით, რომ ფინანსური ამნისტია არ ვრცელდება თანამდებობის პირებზე, მათი ოჯახის წევრებზე, ახლო ნათესავებსა და დაკავშირებულ პირებზე. ამ ხალხზე ამნისტია ვრცელდება მხოლოდ თანამდებობის პირის სტატუსის მიღებამდე ჩადენილ დანაშაულზე.”(სტილი დაცულია)

250 საქმის შეწყვეტას დრო სჭირდება. კახა კობერიძეს უჭირს ზუსტად განსაზღვროს ეს დრო, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმეებს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შეწყვეტენ.
XS
SM
MD
LG