Accessibility links

logo-print

უილამ კელის საჩუქარი


27 იანვარს მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკელი მხატვარი უილამ კელი საქართველოს ხელოვნების ნაციონალურ ცენტრს საჩუქრად გადასცემს თავის

სახელგანთქმულ ტილოს “ჰიმნი”, რომელიც აქამდე “ჰუმანისტური კოლექციის არქივში” ინახებოდა. ამ აქციის ორგანიზატორია ფილოსოფოსი ირაკლი კაკაბაძე.

ირაკლი კაკაბაძეს თავდაპირველად “ჰუმანისტური კოლექციის არქივის” შესახებ ვკითხე: ვისი ნამუშევრები ინახება ამ ფონდში და როგორია ავტორების შერჩევის პრინციპი?

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] “ამ კოლექციაში შესულია ძალიან ბევრი ცნობილი დღევანდელი მხატვრის ნამუშევარი... ამ ხელოვანთა ჯგუფში შედიან: ვაცლავ ჰაველი, გიუნტერ გრასი და ა.შ., აგრეთვე სამხრეთ აფრიკელი მხატვარი იან იორდანი... ეს ცნობილი ჯგუფია.”

ეს სახელები მეტ-ნაკლებად ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის. თუმცა ბევრმა არ იცის, ვინაა უილამ კელი - მხატვარი, რომელსაც ამერიკაში “ხალხის სინდისის ხმა” შეარქვეს, რომელიც დღეს ავსტრალიაში ცხოვრობს და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრისგან ძალადობის პრევენციის ჯილდო აქვს მიღებული. ირაკლი კაკაბაძემ მხატვარი გასულ წელს, მაისში, გაიცნო ესპანეთის ქალაქ გერნიკაში, სადაც, ტრადიციულად, გერნიკის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნა. თავის დროზე ქალაქ გერნიკის მერიამ უილამ კელის გერნიკის დაბომბვის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალის მხატვრული გაფორმება შეუკვეთა. ესპანელებმა მის მიერ გაკეთებული ეს ინსტალაცია პიკასოს “გერნიკას” შეადარეს. კელის ნამუშევრები დღეს ინახება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კოლექციაში, შეერთებული შტატების, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო და კერძო მუზეუმებში, სამხატვრო დარბაზებში. უილამ კელი სისტემატიურად კითხულობს ლექციებს მშვიდობისა და არაძალადობრივი გზით ბრძოლის შესახებ და დარწმუნებულია, რომ სწორედ კულტურას, ხელოვნებას შეუძლია ითამაშოს მთავარი როლი კონფლიქტების გადაწყვეტაში როგორც ერთი ქვეყნის შიგნით, ასევე გლობალური მასშტაბით.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] “99 წელს შექმნა ასეთი ნამუშევარი: ადამიანი შეიარაღებულ მეორე პიროვნებას უწოდებს ვარდს და ეუბნება, მე მინდა ჩაგეხუტო არა მარტო იმისთვის, რომ შენ გიშველო, არამედ იმისთვის, რომ ვუშველო ჩემს თავსო. ეს ნახატი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა: ზუსტად ამ სცენარით ჩაიარა “ვარდების რევოლუციამ” თბილისში და მერე - ბათუმში.”

ირაკლი კაკაბაძის თქმით, უილამ კელიმ ყველაფერი იცოდა “ვარდების რევოლუციის” შესახებ და გერნიკაში ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ნოემბერში, “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე, საქართველოში ჩასვლას და საქართველოს პრეზიდენტისთვის თავისი სურათი-წინასწარმეტყველების გადაცემას აპირებდა.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა]“მან გვითხრა, რომ აქვს სურვილი ეს ნახატი აჩუქოს საქართველოს... ჩვენ ვუთხარით, რომ დაველაპარაკებით კულტურის მინისტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს... იგი ამბობს, რომ კარგი იქნება შეიქმნას “ვარდების რევოლუციის პარკი”, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ მხატვრები და ამ თემაზე –რევოლუციის თემაზე, სოციალური ცვლილებების არაძალადობრივი გზით გატარების თემაზე - შექმნიან ნამუშევრებს... არა მარტო მხატვრები, არამედ კინო, მუსიკა, პერფომენსი.” (სტილი დაცულია)

ნოემბერში მხატვარი თბილისში ვერ ჩამოვიდა. კელის ვიზიტი 2005 წლის 27 იანვრისთვის გადაიდო. ირაკლი კაკაბაძის თქმით, ამ დღეს ფერწერული ტილო “ჰიმნი” საჩუქრად გადაეცემა საქართველოს ხელოვნების ნაციონალურ ცენტრს და საქართველოს პრეზიდენტს. შესაძლებელია, სწორედ კელის ვიზიტის დღეებში დაიწყოს საუბარი “არაძალადობრივი რევოლუციის პარკის” მშენებლობაზე. ამ აქციამ ნაწილობრივ მაინც უნდა დაამსხვრიოს დღევანდელი ქართული სახელმწიფოს მილიტარიზაციის მითი და მსოფლიოს უთხრას, რომ საქართველოში არა მარტო რევოლუციებს აწყობენ მშვიდობიანად, არამედ კონფლიქტებსაც უსისხლოდ აგვარებენ. უილამ კელი ის კაცია, რომელსაც ინტუიცია არასდროს ღალატობს. ამიტომ შესაძლებელია მისი წინასწარმეტყველება ამჯერადაც გამართლდეს.
XS
SM
MD
LG