Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა საქართველოს 94,43 მლნ. დოლარის ოდენობის ვალი გადაუვადა


ორიოდე დღის წინ მოსკოვში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის რუსეთის ფედერაციის მიერ ადრე

გაცემული კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს ვალის გადავადების თაობაზე.
ეს ხელშეკრულება 2004 წლის ზაფხულში პარიზის კლუბში კრედიტორებთან საქართველოს ვალების რესტრუქტურირების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა. ვალების გადავადების შედეგად, 2 წლის მანძილზე საქართველოს ბიუჯეტს აღარ მოუწევს დაახლოებით 120 მილიონი აშშ დოლარის გადახდა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოფიციალური მოსკოვი სამხედრო-პოლიტიკურ ბერკეტებთან ერთად ეკონომიკურ მექანიზმებსაც იყენებს ხოლმე საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად. პარიზის კლუბში, სწორედ რუსეთის სიჯიუტის გამო, საქართველო იძულებული გახდა ეგრეთ წოდებულ ნულოვან ვარიანტს დასთანხმებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ უარი თქვა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთისგან ძველი აქტივების მოთხოვნაზე. სანაცვლოდ, რუსეთი ორი-სამი წლით საქართველოს ვალების გადავადებას დასთანხმა. ორი-სამი წელიც გავიდა და ოფიციალური თბილისი ვალების გასტუმრების რეალობის წინაშე დადგა.

[დავით ამაღლობელის ხმა] ”ეს ვალი არის წარმოშობილი 90-იანი წლების დასაწყისში. მასზე იყო გაფორმებული შეთანხმებები, რამდენჯერმე მოხდა მისი გადავადება და ახლა რუსეთის მიმართ მთლიანი ვალი შეადგენს 157 მილიონ დოლარს.” (სტილი დაცულია)

ეს არის ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ამაღლობელი. მან ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ, ამჟამად რუსეთთან მიღწეული შეთანხმებით, გადავადებას დაექვემდებარა რუსეთის ძირითადი ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი, 89 მილიონი ამერიკული დოლარი, და მისი პროცენტი - 5 მილიონი დოლარი. ვალის გადავადების სტრუქტურა ასეთია:

რუსეთის ვალის ნაწილის, დაახლოებით 45 მილიონ დოლარის, გადახდა პარიზის კლუბის 2001 წლის 6 მარტის შეთანხმების ფარგლებში გადავადდა. ამ ნაწილის დაფარვა 2005-2021 წლებში განხორციელდება.

2003 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 ივნისამდე დაგროვილი ვადაგადაცილებული ვალის ძირითადი ნაწილის 50 პროცენტს, დაახლოებით 17 მილიონ დოლარს, საქართველო 2006 წლის 1 დეკემბრამდე დაფარავს, ხოლო ვადაგადაცილებული თანხის მეორე ნახევარს - 2006 წლის 31 დეკემბრამდე. გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახდელ ძირითად თანხას და მის პროცენტს, სულ 78 მილიონ დოლარს, საქართველო 2011-დან 2025 წლამდე გადაიხდის.

რუსეთთან ამ არცთუ უმნიშვნელო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს 120 მილიონი ამერიკული დოლარის შვებას მისცემს, ხელი მოეწერა 24 იანვარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტისას. მე მის მოადგილეს დავით ამაღლობელს ვკითხე, რით აიხსნება რუსეთის ამდაგვარი კეთილგანწყობა.

[დავით ამაღლობელის ხმა] ”უმტკივნეულოდ მოხდაო, ვერ იტყვი, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებები გვქონდა პარიზის კლუბში და იქ ძირითადი კრედიტორი იყო რუსეთის მხარე. ამიტომ ძირითადი პირობების შემომთავაზებელი იქითა მხრიდან სწორედ რუსეთი იყო. თუმცა სხვა კრედიტორების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით და დახმარებით, ჩვენ შევძელით ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა.”

დავით ამაღლობელმა ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ შეთანხმების ფარგლებში მოხერხდა რუსეთის მიმართ არსებული ვალის გადავადება და არა ეგრეთ წოდებული ”ნულოვანი ვარიანტის” საფუძველზე.
XS
SM
MD
LG