Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე: ახალი სამშვიდობო ინიციატივა


დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდა და აუდიტორიას ახალი სამშვიდობო ინიციატივა გააცნო.

ჩვენი შემდეგი სიუჟეტი ამ გამოსვლის ძირითადი ასპექტების მოკლე აღწერას ეძღვნება.

მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლა ევროპის საბჭოს მიმართ გამოთქმული მადლობით და იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ ორგანიზაცია საქართველოს ყველაზე რთულ პერიოდშიც მხარს უჭერდა. პრეზიდენტის თქმით, ევროპის საბჭოს ყოველთვის სჯეროდა იმის, რომ საქართველო ოდესმე მდგრადი ცვლილებების გზას დაადგებოდა. და ეს დღე, პრეზიდენტის თქმით, ერთი წლის წინ, “ვარდების რევოლუციის” შედეგად დადგა:

[სააკაშვილის ხმა] “საქართველო დღეს ღრმა ტრანსფორმაციას განიცდის. ეს პროცესი ჩვენი რაობის გააზრებას საჭიროებს იმისათვის, რომ ჩვენივე მომავალი განვსაზღვროთ. ეს ტრანსფორმაცია ჩვენი სიძლიერის და სისუსტის გულწრფელ შეფასებას და ხანდახან მტკივნეული რეალობის აღიარებას ნიშნავს. და ამ ტრანსფორმაციას უკვე მოაქვს გარკვეული შედეგები.”

მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლის დასაწყისშივე კიევში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველოს გამოცდილების ერთგვარმა გამეორებამ უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლას უნივერსალური ხასიათი მისცა. სააკაშვილმა დასძინა, რომ ამ პროცესებს “ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა” შეიძლება ეწოდოს.

პრეზიდენტმა ისაუბრა აგრეთვე იმ მიღწევებზე, რომლებიც საქართველოში უკანასკნელი წლის განმავლობაში განხორციელდა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ არსებობს პროგრესი კორუფციასთან ბრძოლისა და პოლიციის რეფორმის საკითხებში; გაორმაგდა პენსიები და გაიცა დავალიანებები; სახელმწიფო მაუწყებლობა საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაიქმნა. ამასთან, სააკაშვილმა საქართველოში სახელმწიფოებრივი ცნობიერების გარკვეულ ცვლილებებზეც ისაუბრა:

[სააკაშვილის ხმა] “სახელმწიფომ უარყო ეთნიკურობის, დანაწევრების და უნდობლობის პოლიტიკა; ის კანონის უზენაესობის და მიუკერძოებლობის პრინციპების ერთგულია. სახელმწიფო საკუთარ ძალას მრავალფეროვნებასა და სტაბილურობაზე ამყარებს და პატივს სცემს საკუთარ, ათასწლეულების ისტორიის მქონე, კულტურასა და კოლექტიურ ფასეულობებს.”

ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უშუალოდ კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე გადავიდა. აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტები, სისხლისღვრა, გადასახლება და ნგრევა განიცადა და ამ კონფლიქტების კვალი დღესაც ატყვია ქვეყანას:

[სააკაშვილის ხმა] “გული მტკივა, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას ვუყურებ. ზოგიერთი ამას გაყინულ კონფლიქტებს უწოდებს; მაგრამ ეს სიტყვები რეალურად ნიშნავს გაყინულ და მშიერ ადამიანებს, რომლებიც იმის გამო იტანჯებიან, რომ ჩვენ ამ კონფლიქტების გადაჭრა არ შეგვიძლია.”


კონფლიქტების გადაჭრის კონკრეტულ გზად მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა გააცნო:

[სააკაშვილის ხმა] “დღეს მე თქვენ წინაშე იმ მიზნით ვდგავარ, რომ გაგაცნოთ მშვიდობის მიღწევის ჩვენი ხედვა რეგიონში, რომელსაც ახლა ცხინვალის რეგიონი ეწოდება, მაგრამ მსოფლიო მას სამხრეთ ოსეთის სახელით იცნობს. ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი მხარე დიდი ხანია, რაც გარესამყარომ დაივიწყა. სამხრეთ ოსეთის პრობლემებზე და საკითხებზე საუბრისას მე აფხაზეთის საკითხზეც ვსაუბრობ. მე საქართველოს მთელ მოსახლეობას მივმართავ.”

სააკაშვილის თქმით, სამშვიდობო ინიციატივა ცხინვალის რეგიონში არსებული ავტონომიის სურვილისა და უფლების პატივისცემას ემყარება. ეს ინიციატივა რეგიონს იმაზე ბევრად უფრო სამართლიან და ფართო ავტონომიას აკუთვნებს, ვიდრე ეს საბჭოთა პერიოდში იყო. ცხინვალის რეგიონს ავტონომია კონსტიტუციით ექნება გარანტირებული. ეს მთავრობას, რეგიონულ პარლამენტს, ადგილობრივ თვითმმართველობას მოიცავს და სრულ დამოუკიდებლობას აძლევს რეგიონს ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა კულტურა, განათლება, სოციალური პოლიტიკა, გარემოს დაცვა და სხვა. ცხინვალის რეგიონს ქვეყნის ხელისუფლებაში წარმომადგენლობა ეყოლება.

პრეზიდენტის თქმით, გეგმა აგრეთვე საგანმანათლებლო პოლიტიკის დეცენტრალიზაციას და ცხინვალის რეგიონისთვის საკუთარ ენაზე სწავლების უფლების მინიჭებასაც ითვალისწინებს. სამშვიდობო ინიციატივაში ჩადებულია ოსეთის ისტორიის, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების დაცვისა და შემდგომი ხელშეწყობის მექანიზმებიც.
[სააკაშვილის ხმა] “რეგიონის მოსახლეობა იმ ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის გაზიარებას იმსახურებს, რაც ამჟამად დანარჩენ საქართველოს ახასიათებს. ისინი ინვესტიციებისა და ახალი შესაძლებლობებისგან სარგებლის ნახვასაც იმსახურებენ. ჩვენი გეგმა ამას ითვალისწინებს და სპეციალურ თანხებს გამოყოფს ეკონომიკის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.”

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა აგრეთვე წარსულში მომხდარი კონფლიქტის გადააზრების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირებს კომპენსაცია გამოეყოფათ. სპეციალური კომისია კონფლიქტის შედეგად დარღვეული კერძო საკუთრების საკითხებსაც გადაწყვეტს.

პრეზიდენტმა ისაუბრა აგრეთვე სამშვიდობო ინიციატივაში გათვალისწინებულ სამწლიან გარდამავალ პერიოდზეც, რომელიც ქართველი და ოსი სამართალდამცავების თანამშრომლობის გზით კონფლიქტის საბოლოო მოგვარებას განაპირობებს.

დასასრულს, სააკაშვილმა მოუწოდა ევროპის საბჭოს, ეუთოს, ევროკავშირს უფრო აქტიური როლი შეასრულონ მშვიდობის დამყარების საქმეში. აღნიშნა, რომ ამაში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების როლიც დიდი იქნება. სააკაშვილის სიტყვებით, საქართველო ცხინვალის რეგიონს ახალ მომავალს სთავაზობს:

[სააკაშვილის ხმა] “იმედი მაქვს, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა და საერთაშორისო თანამეგობრობა, ვისაც ჩვენ ვეკუთვნით, გაერთიანდება და აქტიურად დაგვიჭერს მხარს, რომ ეს და ამის მსგავსი კონფლიქტები ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს. დრო მოვიდა. დიდი მადლობა.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG