Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტაფიზიკა თანამედროვე პოლიტიკურ სფეროში: დასავლური სეკულარიზმის სხვა სახე


თანამედროვე სამყაროში გავრცელებული აზრის თანახმად, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ან, უფრო ზუსტად, ქრისტიანული და ისლამური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი

განმასხვავებელი ნიშანი სეკულარისტული პრინციპების აღიარებაში მდგომარეობს. რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის ტრადიცია დასავლეთს განმანათლებლობის ეპოქიდან მოსდევს. ამ ტრადიციას კი ისლამისტური ქვეყნების ნაწილი ღიად უარყოფს. თუმცა, როგორც ყოველკვირეული რუბრიკა ’სხვა სახის’ დღევანდელი გამოშვებიდან შეიტყობთ, შესაძლოა, ყველაფერი არც ასე მარტივად იყოს. ჩვენი დღევანდელი სიუჟეტი იმ რელიგიურ ან, თუ გნებავთ, მეტაფიზიკურ ასპექტებს შეეხება, რომლებსაც დასავლეთის პოლიტიკურ სივრცეში აქვთ გადგმული ფესვები.

როდესაც ინტელექტუალები და პოლიტიკოსები დასავლურ და აღმოსავლურ ან, უფრო ზუსტად, ქრისტიანულ და ისლამურ კულტურებს შორის სხვაობაზე საუბრობენ ხოლმე, ხშირად ახსენებენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ლიბერალიზმი, სეკულარიზმი და ფუნდამენტალიზმი. მიჩნეულია, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართებაში მდგომარეობს. განმანათლებლობის ეპოქის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა, ინდივიდის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ცნებების წინ წამოწევით, რელიგია ადამიანის პირადულ საკითხად გადააქციეს და სახელმწიფოებრივი სფერო მკვეთრად გამიჯნეს რელიგიური ინსტიტუტებისგან. ბევრ ისლამურ ქვეყანაში კი სხვაგვარად მოხდა: ისლამი სახელმწიფოების განუყოფელ ნაწილად იქცა და რელიგიური კანონები კონსტიტუციებს დაედო საფუძვლად.

სეკულარიზმის ცნება სწორედ დასავლეთში განხორციელებულ სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნას აღნიშნავს. ყველაზე ზოგადი განმარტებით, სეკულარულ სახელმწიფოებში, ანუ დასავლეთის ქვეყნებში, სახელმწიფო მოხელეებს არ ეძლევათ რომელიმე კონკრეტული რელიგიის პროპაგანდირების უფლება. ამასთან, ვინაიდან რელიგია მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვან და ემოციურ საკითხებს უკავშირდება, სეკულარული კულტურები პოლიტიკოსებს ამ ემოციებით თამაშის შედეგად პოპულარობის მოპოვების საშუალებასაც არ აძლევს.

თუმცა ეს ყველაფერი - თეორიაში. რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში კი ვითარება, ცხადია, ბევრად უფრო რთული და არაერთგვაროვანია. ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის აზრით, რეალობაში სეკულარისტული საზოგადოების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს:
[ზაზა ფირალიშვილის ხმა] “როგორც დრომ აჩვენა, სეკულარიზმი არათუ ძნელი განსახორციელებელი, პრაქტიკულად განუხორციელებელია რეალურ პოლიტიკურ ვითარებაში - თუნდაც იმიტომ, რომ ადგილი აქვს რელიგიური პარადიგმების ჩანაცვლებას ეგრეთ წოდებული სამოქალაქო რელიგიით. ეს ბევრი პარამეტრით ისეთივე რელიგია გახლავთ, როგორც კლასიკური რელიგიები; მას აქვს თავისი რიტუალები, სიმბოლოები, საკრალურ ღირებულებათა სისტემა, დოქტრინა და ასე შემდეგ, ანუ ყველა ის ნიშანი, რაც აქვს რელიგიას. ასე რომ, ზოგადი გაგებით, რელიგიური ინტუიციებისგან დაცლილი ხელისუფლება ისევე წარმოუდგენელია, როგორც ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია რელიგიური ინტუიცია.”

ზაზა ფირალიშვილის აზრით, ერთ-ერთი კულტურა, სადაც სამოქალაქო რელიგიის სიმძლავრე ყველაზე მკაფიოდ ვლინდება, ამერიკის შეერთებული შტატებია:

[ზაზა ფირალიშვილის ხმა] “ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებისას, წინასაარჩევნო პერიოდში. საკითხი დადგა ცივილიზაციურ კუთვნილებაზე; ცივილიზაციურ იდენტობაზე. ბუშმა გაიმარჯვა სწორედ იმით, რომ მან შეძლო ამერიკული არქეტიპების ამუშავება, მათი ცივილიზაციური ცნობიერების ამუშავება.”

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის მიერ ცივილიზაციური ცნობიერების ამუშავების და პოლიტიკურ სფეროში რელიგიური, ან, თუ გნებავთ, მეტაფიზიკური ელემენტების შემოტანის მაგალითად, ალბათ, მისი წინასაინაუგურაციო სიტყვის ეს ნაწყვეტიც იკმარებს:

[ჯორჯ ბუშის ხმა] “ჩვენ ზეცამ გვარგუნა თავისუფლების დაცვის მისია და ამერიკა მუდამ ამ საქმის ერთგული იქნება.”

ზეციდან ნაკარნახევი მისიის ეს ამბავი უნგრელი სოციოლოგის ატილა მელეგისთვის დასავლურ კულტურაში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში დამკვიდრებულ ტრადიციას უკავშირდება – ტრადიციას, რომელიც დასავლეთს მსოფლიოში ცივილიზაციის გამავრცელებლის როლს აკუთვნებს:

[ატილა მელეგის ხმა] “სეკულარიზმი ხანდახან სეკულარულ მეტაფიზიკას მოიცავს და ამას ლიბერალური უტოპიაც შეიძლება ეწოდოს. აქ გამოთქმულია მოსაზრება, რომ არსებობს დემოკრატიის დასავლური იდეალი, რომელთან შეფარდებითაც მთელი მსოფლიოს საზოგადოებების განვითარების ხარისხის დადგენა შეგვიძლია. ჯორჯ ბუში აქ ამბობს, რომ ამერიკა პროგრესის მწვერვალს წარმოადგენს და მას კონკრეტული მისია აქვს. ეს მისია მსოფლიოში ცივილიზაციის გავრცელების მისიაა და ის დასავლეთს უკვე 300 წელია, რაც აკისრია.”
დასავლეთის და, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ეს დეკლარირებული მისია ან, ატილა მელეგის სიტყვებით, სეკულარული მეტაფიზიკა, ალბათ, არ შეიძლება რომელიმე კონკრეტულ რელიგიურ მსოფლმხედველობასთან გაიგივდეს. თუმცა, ალბათ, ისიც ფაქტია, რომ ზეციდან ნაკარნახევ მისიაზე საუბარი არც მხოლოდ რაციონალურ პოლიტიკურ მსჯელობას შეიძლება მივაკუთვნოთ. ატილა მელეგი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დეკლარირებული ეს მისია ხშირად წინააღმდეგობაში მოდის რეალობაში განხორციელებულ ქმედებებთან:

[ატილა მელეგის ხმა] “მსგავსი სიტყვების მიღმა პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის გამამართლებელი არგუმენტებიც იკითხება, რაც თავისთავად პარადოქსულ სიტუაციას ქმნის. უკვე დიდი ხანია, რაც ევროპელი დამკვირვებლები ერთსა და იმავე შეკითხვას სვამენ: რამდენად შესაძლებელია მსოფლიოში თავისუფლება სამხედრო და პოლიტიკური ჩარევით გაავრცელო, ანუ იმ მეთოდებით, რომელიც თავის თავში გამორიცხავს თავისუფლებას.”

ასეა თუ ისე, ალბათ, შესაძლებელია ითქვას, რომ სეკულარული დასავლეთისა და რელიგიური აღმოსავლეთის ერთმნიშვნელოვანი გამიჯვნა, შესაძლოა, მართლაც არ ასახავდეს რეალურ სურათს და, ალბათ, ირაციონალური მოტივები ყველა ქვეყანასა თუ კულტურაში გხვდება. ამერიკისთვის ეს მოტივი ზეციდან დაკისრებული თავისუფლების გავრცელების მისიას უტოლდება, სხვა ქვეყნები უშუალოდ რელიგიურ დოქტრინებს ატარებენ სამოქალაქო ცხოვრებაში, კიდევ სხვები კი საკუთარი გამორჩეულობის დამტკიცებას ღვთიურ ძალებთან წილხვედრობის მოტივებით ცდილობენ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG