Accessibility links

logo-print

ცხინვალის რეგიონისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა წინადადებებმა კონკრეტული დოკუმენტის სახე უნდა მიიღოს

  • ნინო როდონაია

სამშვიდობო გეგმას, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალს სტრასბურგიდან შესთავაზა, საქართველოს ხელისუფლება უპრეცედენტო წინადადებად,

ოსური მხარე კი - კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გართულების მცდელობად აფასებს.
პრეზიდენტის ინიციატივის დოკუმენტად გადაქცევის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა და დახმარებისთვის ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს მიმართა.

საბჭოთა პერიოდზე გაცილებით ფართო ავტონომია, ადგილობრივი პარლამენტისა და მთავრობის პირდაპირი არჩევა და მათ მიერ სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო-კულტურული და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროთა კონტროლი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა და სამწლიან გარდამავალ პერიოდში ოსური ძალების საქართველოს სამხედრო ძალებში ინტეგრირება - ცხინვალისადმი პრეზიდენტ სააკაშვილის ამ წინადადებებს სპეციალურმა კომისიამ კონკრეტული დოკუმენტის სახე უნდა მისცეს და ავტონომიური სტატუსის სამართლებრივი ბაზა უნდა მოამზადოს. კომისიის ხელმძღვანელად იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი დაინიშნა:

[გიორგი პაპუაშვილის ხმა] ,,ჩვენ მოხარული ვართ, რომ, საქართველოს მთავრობის თხოვნით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისია, რომელიც არის ძალიან ავტორიტეტული, კომპეტენტური ორგანო, ჩამობრძანდა ჩვენთან და გამოთქვა მზადყოფნა დაგვეხმაროს ამ კონკრეტული დოკუმენტების შემუშავებაში.” (სტილი დაცულია)

თავად ვენეციის კომისიის წევრები, რომელთა რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებოდ არაერთხელ დაუტოვებია, კმაყოფილნი არიან, რომ სტრასბურგში პრეზიდენტ სააკაშვილის მოხსენება თბილისში მათ ამჟამინდელ ვიზიტს დაემთხვა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან პრეზიდენტის მიერ ცხინვალისთვის სამშვიდობო გეგმის შეთავაზების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მსოფლიოს შესაბამის რეაქციას ელის:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,ეს დოკუმენტი, ცხადია, მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს და ჩვენ ძალიან ღიანი ვართ შემდგომი კონსულტაციებისთვის. ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომ დაინახა ჩვენი რეალური სურვილი. ახლა უკვე ჯერი, რა თქმა უნდა, სხვებზეა.” (სტილი დაცულია)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი სტრასბურგიდან ცხინვალისთვის სამშვიდობო ინიციატივის შეთავაზებას უპრეცედენტო ფაქტს უწოდებს და ამბობს, რომ ოსური მხარის თანხმობის ილუზია არავის ჰქონია:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ,,კონკრეტული წინადადებების პაკეტი, ასე ოფიციალურად განცხადებული, თანაც ევროსაბჭოს ტრიბუნიდან, მოხდა პირველად. ეს უკვე თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ჩვენ მთელ მსოფლიოს რაღაცნაირად დავანახვეთ, რომ ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ ამ კონფლიქტის დარეგულირებაში იმავე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესთა გათვალისწინებას და რომ ვთავაზობთ შეიძლება უფრო მეტსაც კი, ვიდრე ამას, დავუშვათ, თვითონაც მოელოდნენ.” (სტილი დაცულია)

ხელისუფლების ინიციატივას დადებითად აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა, რომელიც ამბობს, რომ უშუალოდ შინაარსის კომენტარისთვის კონკრეტული დოკუმენტის გაცნობაა საჭირო:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,თავისთავად ინიციატივა პოზიტიურია. საერთოდ, ოსეთზე არასდროს არ თქმულა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაფერი. ახლა აფხაზეთზე რაღაცას იძახდნენ, ოსეთზე - არაფერს. ნუ, ახლა რაღაც თქვეს. ჯობია რაღაც იყოს, ვიდრე არაფერი არ იყოს.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტის ახალი სამშვიდობო ინიციატივის ადრესატი, ცხინვალი, აცხადებს, რომ მას საკმარისი უფლებები აქვს, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა. დე ფაქტო დამოუკიდებლობის მთავარ ატრიბუტებზე - საგარეო პოლიტიკაზე, არმიაზე, პოლიციასა და საბაჟოზე -ცხინვალმა უარი ეუთოსა და ევროსაბჭოს შუამავლობით უნდა თქვას. ამას ითხოვს საქართველოს ხელისუფლება, რომლისთვისაც ევროსაბჭო, სტრასბურგში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, კვლავ სერიოზულ ორგანიზაციად და ,,მაღალ ტრიბუნად” იქცა.
XS
SM
MD
LG