Accessibility links

logo-print

რეალურია თუ არა დაკარგული ანაბრების დაბრუნება


საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ საქართველოს ხელისუფლებას გაუფასურებული ანაბრების დაბრუნების რამდენიმე კონკრეტული მექანიზმი შესთავაზა.

ეს მექანიზმები, კანონპროექტის სახით, პარტიის ლიდერებმა კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა 27 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე
გამოაქვეყნეს. კონსერვატორებს გადაწყვეტილი აქვთ 30 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვება, რათა კანონპროექტი პარლამენტის მსჯელობის საგნად იქცეს.

საპარლამენტო უმრავლესობა დიდი ენთუზიაზმით არ არის განწყობილი გაუფასურებული ანაბრების კომპენსირების იდეის მიმართ. შესაბამისად, 30 თასი ხელმოწერის შეგროვების გარეშე, კონსერვატორების კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში ვერ მოხვდება. კობა დავითაშვილს და ზვიად ძიძიგურს იმედი აქვთ, რომ 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება არ გაჭირდება, რადგან დაზარალებულ მეანაბრეთა რიცხვი გაცილებით დიდია. მათ ერთ ნაწილს სჯერა, რომ დღევანდელი ხელისუფლება 12 წელზე მეტი ხნის წინ გაუფასურებულ ანაბრებს დაუბრუნებს, მეორე ნაწილი კი სკეპტიკურადაა განწყობილი:

[მეანაბრეთა ხმა] ”ათი ათასი მანეთი. იმ ფულის დაბრუნებაზე ვერაფერს გეტყვით, აბსურდია, მაგრამ სხვა იმედით ვცხოვრობ. რაღაც ცხოვრება წაიწევს წინ...”

“...დაახლოებით 10 ათასი რუბლი, ბევრი არა. არა მგონია, რომ დააბრუნონ...”

საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა საქართველოს შემნახველ სალაროებში მოქალაქეთა მიერ შეტანილი ანაბრები შიდა ვალად აქვს აღიარებული, თუმცა ბოლო წლების ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ არის გათვალისწინებული ამ ვალის გასასტუმრებლად, მაშინ როცა საგარეო ვალის მომსახურებისთვის საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად ათობით მილიონ ლარს ხარჯავს. ამასვე მოითხოვენ კონსერვატორები საშინაო ვალთან მიმართებაშიც და თუ რა მოცულობით, ამას კობა დავითაშვილის განცხადებიდან შეიტყობთ:

[კობა დავითაშვილის ხმა] ”ყოველწლიურად ანაბრების გასტუმრებაზე გამოყოფილი დაფინანსება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე ნაკლები არ უნდა იყოს. იმედი მაქვს საქართველოს პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერი უმრავლესობა ამ წინადადებას გაიზიარებს.”

თუმცა კობა დავითაშვილს მწარე გამოცდილება აქვს. საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხელ უკვე დიდი წინააღმდეგობა გაუწია კონსერვატორების ინიციატივას სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელსაც ანაბრების საკითხი უნდა შეესწავლა.

იგივეა მოსალოდნელი ახლაც, რადგან კონსერვატორების კანონპროექტი პრივატიზაციის 2006 წლამდე შეჩერებას, პრივატიზაციის შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებას და სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის შეცვლას ითვალისწინებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის პოზიცია:

[მაია ნადირაძის ხმა] ”დღეს ლაპარაკი იმაზე - არარსებულ თანხასა და არარსებულ მეანაბრეებზე ზედმეტად მიმაჩნია.”

არადა, ეგრეთ წოდებული “ვარდების რევოლუციით” ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალისგან უბრალო მოსახლეობა სულ სხვა რამეს მოელის:

[მეანაბრეთა ხმა] ”სააკაშვილი ბევრს გვპირდება და რაღაცა ნაწილს მაინც გადაგვიხდის. ხალხს დასამარხი ფული აღარ დარჩა, ესაა ქვეყანა?...”

კობა დავითაშვილისა და ზვიად ძიძიგურის ინიციატივა კი, პირველ რიგში, სწორედ იმ მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს, რომლებმაც დასაკრძალად გადანახული ფული დაკარგეს.
XS
SM
MD
LG