Accessibility links

დემოკრატიული არჩევნები, რომლებიც ''ნამდვილად შორსაა იდეალურისაგან''


ერთი დღეც და ერაყში საყოველთაო არჩევნები გაიმართება - როგორც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, პირველი დემოკრატიული არჩევნები ერაყის ისტორიაში.

თუმცა არჩევნები მეტად უჩვეულო პირობებში ტარდება - ქუჩებში თითქმის მთლიანად აიკრძალება ავტომანქანების გადაადგილება, ზოგ რეგიონში ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლამდე ვერ იხილავს კანდიდატების სიას და კენჭისყრის პროცესს საერთაშორისო მეთვალყურეები არ დაესწრებიან.

დემოკრატიული არჩევნებისათვის ამ უჩვეულო გარემოს შექმნის მიზეზად ამომრჩევლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა სახელდება. მართლაც, უსაფრთხოებაზე ზრუნვა რომ აუცილებელია, ცხადი ხდება, თუნდაც ერაყში მეამბოხეების ყოველდღიური იერიშების გამო და არა მარტო ამიტომ: მეამბოხეები უკვე არაერთხელ დაიმუქრნენ, რომ ძალადობის აქტებით ჩაშლიან არჩევნების პროცესს.

ასეთ მუქარას შეიცავდა ვიდეოჩანაწერიც, რომელიც ამ კვირაში ინტერნეტში გამოქვეყნდა ... [ჩანაწერი] “ჩვენ ვართ ნინევიის პროვინციის მოჯაჰედები. ღვთის წინაშე პირობას ვდებთ, რომ ვიქნებით მახვილივით შემართული ისლამური რელიგიის სამსახურში. რასაც ისინი არჩევნებს უწოდებენ, ისლამური რელიგიიდან არ მოდის და ამიტომ თავდასხმებს განვახორციელებთ ყველა საარჩევნო უბანზე”.

ამ შინაარსის მუქარების გამო ერაყში საარჩევნო უბნების ადგილმდებარეობაც კი გასაიდუმლოებულია. მის შესახებ ინფორმაცია ბოლო მომენტში გავრცელდება. ასევე, განსაკუთრებით სახიფათო რეგიონებში, პარტიები არ ამხელენ თავიანთი კანდიდატების ვინაობას - მათზე იერიშების ეშინიათ. ამიტომაც ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებში მისვლამდე არ ეცოდინებათ, რა არჩევანი აქვთ, ვის შუეძლიათ, მისცენ ხმა.

იგივე მიზეზით - მწვავე საფრთხის გამო - საარჩევნო პროცესს არ დაესწრებიან უცხოელი მეთვალყურეები: როლი, რომელსაც ჩვეულებრივ ისინი ასრულებენ ხოლმე, ერაყის დამოუკიდებელ საარჩევნო კომისიას ეკისრება.

არჩევნების საკითხში ერაყში გაეროს წარმომადგენელი კარლოს ვალენსუელა აღიარებს: [ვალენსუელას ხმა] “არჩევნებისათვის შექმნილი პირობები ნამდვილად არ არის საუკეთესო, ნამდვილად შორსაა იდეალურისაგან. მაგრამ თუ უშიშროების ზომებმა გაამართლა, არის კარგი შანსი, არჩევნებმა წარმატებით ჩაიაროს და შედეგები დამაჯერებლად და ლეგიტიმურად იქნეს აღიარებული. იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება.”

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ ერაყელ ამომრჩეველს კვირას საშუალება ეძლევა, ხმა მისცეს ერთს სულ 100-ზე მეტი საარჩევნო სიიდან. ეს სიები, უმეტესწილად, პოლიტიკური პარტიების კოალიციებმა შეადგინეს. კვირის არჩევნები გაარკვევს, ვინ შეავსებს 275-ადგილიან ეროვნულ ასამბლეას. საგულისხმოა, რომ ყველა სიაში ყოველი მესამე კანდიდატი ქალია. ამიტომ ვინც უნდა გაიმარჯვოს ერაყის საყოველთაო არჩევნებში, ერთი რამ წინასწარვე ცხადია: ერაყი მიიღებს პარლამენტს რეგიონისათვის ქალების უჩვეულოდ მაღალი წარმომადგენლობით.
XS
SM
MD
LG