Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


დღეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსამართლე გაიოზ სინჯიკაშვილს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

სამშაბათს სინჯიკაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ამავე სასამართლოს თავმჯდომარე ზურაბ რუხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
პროკურატურამ გაიოზ სინჯიკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.

მინდა ამ ინციდენტის გამო იუსტიციის საბჭოსადმი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პრეტენზიებსა და საპასუხო არგუმენტებზე მოგითხრობთ.

ყოფილმა გამომძიებელმა, გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსამართლე გაიოზ სინჯიკაშვილმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე ზურაბ რუხაძე 25 იანვარს სასამართლოს შენობაში დაჭრა. ამ ფაქტს მეორე დღეს გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კემულარია, რომელმაც სინჯიკაშვილს ,,გამოუსწორებელი ლოთი” უწოდა და განაცხადა, რომ ამ პიროვნების მიერ საქმეთა განხილვის გაჭიანურების გამო მან იუსტიციის საბჭოს მისი დასჯა ჯერ კიდევ სექტემბერში მოსთხოვა. ის ფაქტი, რომ გაიოზ სინჯიკაშვილი დღემდე მოსამართლედ მუშაობდა, კემულარიაში გარკვეულ ეჭვებს აღძრავს:

[კოტე კემულარიას ხმა] ,,სწორედ იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი უღირსი წარმომადგენლის მხრიდან ლობირების გამო ის დღემდე არ იყო გათავისუფლებული. ამას ხაზს ვუსვამ, რომ ესეც სამსახურებრივი გამოძიების საგანი უნდა გახდეს.” (სტილი დაცულია)

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ამ განცხადებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორშაბათს დანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს. მანამდე კი საბჭოს მდივნის პავლე კუბლაშვილის კომენტარი ამგვარია:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ,,მე ახლა არა მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ვის გულისხმობდა ის. გულისხმობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თუ სხვა მხრიდან რაიმე სახის ლობირებას. ინფორმაციები, ალბათ, საბჭოს სხდომაზე გვექნება.” (სტილი დაცულია)
რაც შეეხება უშუალოდ მოსამართლე გაიოზ სინჯიკაშვილის საქმეს, პავლე კუბლაშვილის ინფორმაციით, სექტემბერში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვის შემდეგ იუსტიციის საბჭომ ყველა პროცედურა 1 თვის ვადაში დაასრულა და საქმე სადისციპლინო საბჭოს გადსცა. თუმცა, მოსამართლე სინჯიკაშვილმა ჯერ შვებულებით ისარგებლა, შემდეგ ბიულეტენი აიღო, მისი მონაწილეობის გარეშე კი სადისციპლინო საბჭო საკითხზე ვერ იმსჯელებდა:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ,,მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა. პირიქით, ბოლომდე იყო დაცული მოსამართლის უფლებები და სადისციპლინო საბჭოს რომ განეხილა საქმე მისი ბიულეტენზე ყოფნის პერიოდში, ეს იქნებოდა მოსამართლის უფლების დარღვევა და აუცილებელი საფუძველი იმისა, რომ ეს მოსამართლე აღდგებოდა თანამდებობაზე.” (სტილი დაცულია)

პარასკევს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის თხოვნა და განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსამართლე გაიოზ სინჯიკაშვილს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თავად სინჯიკაშვილი პროცესს არ დასწრებია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG