Accessibility links

logo-print

ჯანდაცვის პროგრამები და კორუფცია სამედიცინო სისტემაში


საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სფეროდაა ცნობილი. ქართულ საზოგადოებაში არასდროს დანაშაულად არ მიაჩნდათ

მკურნალი ექიმისთვის ჯიბეში ფულის ”ჩაკუჭვა”. ეს განსაკუთრებით მიღებული იყო სამშობიარო საავადმყოფოებში და წლების მანძილზე ერთგვარ ნორმადაც კი იქცა. ახლა, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობს და არა აქვს საშუალება უფასო სამედიცინო მომსახურებაში დამატებითი თანხა გადაიხადოს, სამშობიარო სახლებში დამკვიდრებულმა ტრადიციამ ფულის გამოძალვის ფორმა მიიღო.

საქართველოს ბიუჯეტი ჯანდაცვის სხვადასხვა სახის პროგრამას აფინანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ უფასოდ მიიღონ სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება. 28 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში გამოსვლისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის კიდევ რამდენიმე ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] ”ეს იქნება უკიდურესი სიღატაკის შემცირების პროგრამა. ასევე ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენ პირველი მაისიდან ვქმნით სრულებით ახალ სასწრაფო დახმარების სამსახურს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. სასწრაფო დახმარება იქნება უფასო და ეს ძალიან სერიოზული სიახლე იქნება ჩვენს პროგრამებში.”

ანალოგიური უფასო სამედიცინო პროგრამას წარმოადგენს სამშობიარო სახლების მომსახურება. სახელმწიფო ბიუჯეტი ორსულთათვის 200 ლარიან ვაუჩერებს გასცემს, რომლის წარდგენის შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამშობიარო დაწესებულება ვალდებულია უფასოდ მოემსახუროს მოქალაქეს.
თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. უფასო სამშობიარო მომსახურებამ ფულის გამოძალვის ფორმა მიიღო, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ალიანსის ლიდერი თეიმურაზ რთველაძე.

[თეიმურაზ რთველაძის ხმა] ”აღმოჩნდა, რომ უფასო განყოფილებებში, სამეანო ბარათის გარდა, სძალავენ ფულს. არგუმენტად მოჰყავთ, რომ ეს თანხა უბრუნდება ისევ სახელმწიფოს და ბიუჯეტს.”

თეიმურაზ რთველაძის ორგანიზაციას დოკუმენტურად აქვს აღწერილი თბილისის სამშობიარო სახლებში ჩატარებული გამოკითხვისას აღმოჩენილი კორუფციული ფაქტები. გამოკითხვის შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა სამშობიაროში მყოფ დედებზე ექიმთა ზეწოლა ან საავადმყოფოს ადმინისტრაციის მხრიდან გამოკითხვის ორგანიზატორებისთვის გაწეული წინააღმდეგობა.

[თეიმურაზ რთველაძის ხმა] ”...ერიდებოდნენ საავადმყოფოში მწვავე რეპლიკების გამოთქმას, ზოგი თვალს გვიკრავდა, გარეთ რომ გამოვალ, მერე გეტყვითო...”

ყველაზე მეტი დარღვევები მეოთხე სამშობიარო საავადმყოფოსა და ექსპერიმენტულ სამშობიარო სახლში დაფიქსირდა. მე მეოთხე სამშობიაროს მთავარ ექიმთან, დალი გაბიძაშვილთან, ტელეფონით დაკავშირება ვცადე. ტელეფონი საავადმყოფოს ბუღალტერმა აიღო და მითხრა, მთავარი ექიმის კაბინეტი უფასო განყოფილების თანამშრომლებმა აჭედესო.

ახალგაზრდა იურისტთა ალიანსს სწორედ ასეთი სირთულეების დაძლევაში ხელისუფლებისათვის დახმარება მიაჩნია საკუთარ მისიად. თუ როგორი რეაქცია ექნება ხელისუფლებას ამგვარ თანამშრომლობაზე, ეს მომავალში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG