Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება სამხედრო კათედრებს აუქმებს


დაწყებითი სამხედრო სასწავლებლის - კადეტთა კორპუსის - გარდა, სულ მალე საქართველოში არსებობას შეწყვეტენ უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სამხედრო კათედრები,

ხოლო ის სტუდენტები, რომელთაც, სპეციალობასთან ერთად, სამხედრო საქმის დაუფლების სურვილიც ექნებათ, სპეციალურ შეკრებას ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაივლიან. საქართველოში ოცამდე სამხედრო კათედრის ეფექტიანობა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდა, თუმცა მათი ხელაღებით გაუქმების შემთხვევაში ხელისუფლება, შესაძლოა, მეორე უკიდურესობაში აღმოჩნდეს, ვინაიდან უმუშევართა რიგებს საქართველოში, სულ მცირე, 1000 ადამიანი დაემატება.


სამხერდო კათედრა მოქმედებს საქართველოს 12 უმაღლეს სასწავლებელში, რომელთა კედლებს ყოველწლიურად 5000-მდე მამრობითი სქესის ახალგაზრდა ტოვებს. გარკვეულ პერიოდში, როდესაც ოფიცრის სპეციალობა საქართველოში დეფიციტური იყო, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო კათედრადამთავრებულ ყველა სტუდენტს უმცროსი ლეიტენანტის წოდებას ავტომატურად ანიჭებდა. მაგრამ სამ-ოთხ წელიწადში საქართველოში იმდენი თადარიგის უმცროსი ლეიტენანტი დაგროვდა, რომ თავისუფლად გასწვდებოდა საქართველოზე ათჯერ დიდი ქვეყნის სამობილიზაციო მოთხოვნებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სიხარულიძის თქმით, სამხედრო უწყების მიერ წარდგენილი ცვლილებები მთლიანად სამხედრო სამსახურის გავლის წესს შეეხება. ცვლილება შეეხება უმაღლესი სასწავლებლების იმ სტუდენტებსაც, რომლებიც სამხედრო კათედრებზე ეუფლებოდნენ სამხედრო სპეციალობებს:

[დავით სიხარულიძის ხმა] “ყველა უმაღლესდამთავრებული და სამხედრო კათედრაგავლილი შეიძლება გაწვეული იქნეს ჯარში. თუ მათი სურვილი იქნება და თავდაცვის სამინისტროც გადაწყვეტს, რომ სჭირდებათ ოცმეთაურები, ისინი გაივლიან მომზადებას სამხედრო აკადემიაში, ეროვნულ გვარდიაში ან სერჟანტების სკოლაში.”

ვინაიდან პრესტიჟულად სწორედ იმ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა მიაჩნდათ, სადაც სამხედრო კათედრა ფუნქციონირებდა, სამხედრო კათედრების ამოქმედების ნებართვის მისაღებად თავის დროზე უმაღლესი სასწავლებლების გავლენიანიანი ხელმძღვანელები თვით საქართველოს პრეზიდენტის შეწუხებასაც არ ერიდებობდნენ. თუმცა კათედრაგავლილი თადარიგის ოფიცრები თუ სერჟანტები, იშვიათი შემთხვევის გარდა, იმდენად სუსტად იყვნენ მომზადებულნი, რომ მათზე მოთხოვნა სამხედრო ძალების ხელმძღვანელობის მხრიდან ნულამდე დავიდა. ამის გამო სამხედრო კათედრების გაუქმება გამართლებულ ნაბიჯად ეჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” იურისტს შალვა თადუმაძეს. თუმცა, სოციალური დაცვის გარანტიების კუთხით, მას ბევრი შეკითხვა აქვს ხელისუფლების მისამართით:

[შალვა თადუმაძის ხმა] “კათედრის თანამშრომლები, სტუდენტები, რომლებიც ამ კათედრებზე სწავლობენ, იგივე სამედიცინო სასწავლებელი - აი, ამ ხალხის გადანაწილება სად მოხდება, დასაქმება როგორ მოხდება?”

კათედრების გაუქმების შემდეგ ხელისუფლების მიმართ შეკითხვები დაუგროვდათ კომერციული ფაკულტეტების სტუდენტების მშობლებს, რომლებიც სამხედრო კათედრაზე მომზადებისათვის ფულს იხდიდნენ.



[ერთ-ერთი მშობლის ხმა] “ჩემი შვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს, მეოთხე სემესტრია უკვე გადის სამხედრო მომზადებას სამხედრო კათედრაზე. ვინაიდან კანონს უკუქმედების ძალა არა აქვს, ამას უნდა დაამთავრებინონ სწავლა, მიანიჭონ წოდება და შემდეგ გაიწვიონ, თუკი საჭიროა, შეიარაღებულ ძალებში. აქვე არიან არასაბიუჯეტო სწავლების სტუდენტები, რომლებიც იხდიან სამხედრო სწავლების საფასურს, საიდანაც ფული შედის ბიუჯეტში. დაუბრუნებენ კი მათ ამ ფულს? აგებს პარლამენტი ამაზე პასუხს?”

რამდენიმე სამხედრო კათედრის ხელმძღვანელმა, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, განგვიცხადა, რომ სამხედრო კათედრის გაუქმების ბრძანება მათ ჯერ არ მიუღიათ. თუმცა არსებობს სიტყვიერი განკარგულება, რომ 1 აპრილიდან კათედრები იხურება. სამხედრო კათედრებზე დასაქმებული ათასამდე პედაგოგი და თანამშრომელი კი ნოემბრის შემდეგ შვებულებაში იმყოფება, რათა ნერვები მაინც დაიწყნარონ უმუშევრად დარჩენის წინ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG