Accessibility links

logo-print

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს


ხმაურიანი განხილვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა 24 დეკემბერს მიიღო კანონი “ ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და

ქონების ლეგალიზაციის შესახებ. “ უფრო გასაგებ ენაზე ამ კანონს ფინანსური ამნისტიის კანონს უწოდებენ. დეკემბერში მიღებული კანონის ძალით, ფინანსური ამნისტია ეხება პირებს, რომლებიც აღიარებენ, რომ გადასახადებს მალავდნენ და აცხადებენ დამალული გადასახადების ოდენობას, მაგრამ არ ეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ მალავდნენ გადასახადებს. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მიიჩნევენ, რომ კანონი ამ ნაწილში აშკარად დისკრიმინაციულია და, აქედან გამომდინარე, აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნასთან. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ცრუმოწმეობა, მონოპოლიური საქმიანობა, ფალსიფიკაცია, საბუღალტრო წიგნების წარმოების წესის დარღვევა , უკანონო შემოსავლების ლეგალიზება - ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონის ძალით, ამ ტიპის დანაშაულის ჩადენის გამო, საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 250-მდე საქმე უნდა შეწყდეს. ამნისტიის პროცესი ეტაპობრივად წარიმათება. ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონით, იმ პირებს, რომლებიც თავის დროზე გადასახადებს მალავდნენ, მაგრამ შემდგომ აღიარეს ეს და დამალული გადასახადების რაოდენობაც დაასახელეს, დანაშაული უნდა მიეტევოთ - ოღონდ დანაშაული, განსაზღვრულ ვადამდე ჩადენილი. კანონის მეოთხე მუხლში ნათქვამია : “მუხლის მოქმედება ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელებზე, აგრეთვე საგადასახადო აგენტებზე, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე არ განახორციელეს საგადასახადო ვალდებულებათა დეკლარირება ან გადახდა. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში დადგენილი წესით დეკლარირებულ და აღრიცხულ, მაგრამ გადაუხდელ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებზე.” ფიზიკური თუ იურიდიული პირებისადმი კანონის ასეთ აშკარა უთანასწორო დამოკიდებულების მოტივაციაზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრს ანა დოლიძეს მკაფიო წარმოდგენა არა აქვს. მისი აზრით, “ამნისტიის შესახებ კანონის” მეოთხე მუხლის შინაარსი, შესაძლოა, უბრალოდ, მასზე მომუშავე ადამიანთა დაუფიქრებლობამ განსაზღვრა, შესაძლოა, პირიქით ახლობლებზე ზრუნვამ.

საქართველოს კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლში ნათქვამია : ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორი, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ქონებრივი თუ წოდებრივი მდგომარეობისა და ასე შემდეგ. ანა დოლიძის აზრით, სწორედ კონსტიტუციის ამ მოთხოვნას უგულებელყოფს ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონი. ამიტომ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამის სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს. “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ კანონის” ანტიკონსტიტუციურობას დეპუტატი კახა კუკავაც აღნიშნავს და ნათქვამის დასადასტურებლად კანონში ჩადებულ კიდევ ერთ გაუგებრობაზე მიუთითებს:

[კახა კუკავას ხმა] “მე დავამატებდი კიდევ იმას, რომ ამნისტია ეხება პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს 2004 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო 2004 წლის პირველი იანვრის შემდეგ არ ვრცელდება. ეს არის ანტიკონსტიტუციური. თუ ადამიანები არიან თანასწორნი კანონის წინაშე, უნდა გათავისუფლდეს ორივე.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG