Accessibility links

როდის განახლდება ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შაბათს გავრცელებული ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ 6 თვით - 31 ივლისამდე - გააგრძელა ამ ორგანიზაციის დამკვირვებელთა მანდატი საქართველოში.

გარდა ამისა, გაეროს უშიშროების საბჭო, რომელიც კვლავ ადასტურებს თავის პატივისცემას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას, სინანულს გამოთქვამს სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე აფხაზური მხარის უარის გამო. როდის და რა პირობებში განახლდება ქართულ-აფხაზური სამშვიდობო მოლაპარაკება?

ქართულ-აფხაზური სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესიდან სოხუმის ხელისუფლება შარშან ზაფხულში გამოვიდა, როცა საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთის საზღვრებთან თურქული გემი დააკავა. სწორედ მაშინ განაცხადა თვითაღიარებული აფხაზეთის ხელმღვანელობამ, რომ წყვეტს ოფიციალურ თბილისთან სამშვიდობო მოლაპარაკებას.

შემდეგ აფხაზეთში მოლაპარაკების განახლების თემამ მეორე პლანზე გადაიწია - შემოდგომასა და ზამთრის პირველ თვეს აფხაზეთი დროში გაწელილი არჩევნებით ცხოვრობდა. გასულ კვირას მოსკოვში ჩასულმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ის მზად არის ოფიციალურ თბილისთან მოლაპარაკების დასაწყებად, თუ საუბრის თემა ერთობლივი ეკონომიკური პროექტები იქნება. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, სერგეი ბაღაფშის თქმით, ამისთვის დეტალური განხილვებია აუცილებელი.

სოხუმის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების განახლების წინაპირობებს უკვე ოფიციალური თბილისიც აყენებს. 28 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების გაგრძელება აფხაზური მხრიდან ქართველთა გენოციდის აღიარებაზე იქნება დამოკიდებული. მისი განცხადებით, მხოლოდ ასეთი აღიარების შემდეგ იქნება შესაძლებელი დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების გეგმის შემუშავება და მისი რეალიზაცია აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს წევრი ადა მარშანია ზურაბ ჟვანიას ამ განცხადებას მეტად მძიმეს უწოდებს:
[ადა მარშანიას ხმა] „ტაქტიკური თვალსაზრისით, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. რა თქმა უნდა, ამ საკითხის განხილვა - აფხაზეთში, მართლაც, უმძიმესი დანაშაულობები იყო ჩადენილი - ჩვენ მოგვიწევს. მაგრამ, ტაქტიკური თვალსაზრისით, მე არა მგონია, რომ ეს განცხადება ახლა უნდა გაკეთებულიყო.“

სხვათა შორის, აფხაზური მხარე, რომელიც რეალურად სულაც არ არის დაინტერესებული ქართულ მხარესთან მოლაპარაკების აღდგენით, დროს უქმად არ კარგავს - უახლოეს პერიოდში აფხაზეთში ახალი შიდა მოხმარების პასპორტების გაცემა იწყება, რის შემდეგაც აფხაზეთში მცხოვრები ყველა ადამიანი რუსეთის მოქალაქეობასაც მიიღებს.
XS
SM
MD
LG