Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უთანხმოებები და კამათი ოლივერ სტოუნის ’ალექსანდრეს’ ირგვლივ


’უოლ სტრიტის’, ’დორსის’ და ’მკვლელებად დაბადებულნის’ ავტორის, ოლივერ სტოუნის უკანასკნელ ფილმს, ’ალექსანდრეს’, ამერიკული და ევროპული კონოკრიტიკა ნეგატიური რეცენზიებით გამოეხმაურა.

ამ სამსაათნახევრიანი ეპიკური ჟანრის სურათის გადაღება 150 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა. ფილმი მიზნად ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების გადმოცემას ისახავს - პიროვნების, რომელმაც ათწლეულზე ნაკლებ დროში ძველი მსოფლიოს დიდი ნაწილი დაიპყრო. თუმცა ფილმის მიმართ ბევრს უკმაყოფილების განცდა გაუჩნდა - ამ ადამიანების განცხადებით, სურათი ისტორიას დამახინჯებულად გადმოსცემს. ამასთან, ფილმში ალექსანდრე ბისექსუალადაა წარმოჩინებელი - რაც კიდევ ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ ფილმს კამათი და უთანხმოება გამოეწვია.

[ალექსანდრეს რეკლამის ხმა]

ეს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბლოკბასტერის, ’ალექსანრეს’ რეკლამის ნაწყვეტი იყო - ფილმის, რომელმაც ჯერ კიდევ ეკრანებზე გამოსვლამდე გამოიწვია კამათი და უთანხმოება.

ალექსანდრეს ბისექსუალად წარმოჩინების გამო ბერძენი ადვოკატების ერთი ჯგუფი ფილმის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების გამხორციელებას გეგმავდა. ამავე დროს, ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველებმა სტოუნი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან ალექსანდრეს ჰომოსექსუალობა არ ასახა ღიად.

შეერთებული შტატების მაზდეანური აღმსარებლობის მოსახლეობას და ინდოეთში მცხოვრებ ფარსებს ფილმის მიმართ სხვა სახის პრეტენზიები გაუჩნდათ. მათ შეამჩნიეს, რომ სურათის რეკლამაში ფაროჰარის ან ფრავაჰარის ზოროასტრული სიმბოლო ფონად იყო გამოყენებული.

სპარსეთის იმპერიის დაპყრობისას ზოროასტრული წმინდა ტექსტების დაწვის გამო, მაზდეანები ალექსანდრეს ’დაწყევლილის’ სახელით იცნობენ.

წინაისლამური პერიოდის სპარსული ისტორიისა და ლინგვისტიკის ექსპერტი, კავე ფაროხი ამის შესახებ ამბობს:

[კავე ფაროხის ხმა]: იმის მიზეზი, თუ რატომ არ ვიცნობთ ზოროასტრული სწავლების ბევრ ასპექტს, შეცდომით ბრალდებოდა მეშვიდე საუკუნეში განხორციელებულ არაბთა შემოსევას. სინამდვილეში, ეს კიდევ უფრო ადრინდელ მოვლენას, ალექსანდრეს ლაშქრობას უკავშირდება. ეს ლაშქრობა გამორჩეულად დამანგრეველი იყო. მაშინ ბევრი მაზდეანური სასულიერო პირი იქნა მოკლული.

მანეკ ბჰუვალამ, შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა მაზდეანურმა სასულიერო პირმა რადიო თავისუფლებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობა, რომ მსოფლიოში ცნობილი დირიჟორი და ინდოეთის ფარსთა თემის წევრი, ზუბინ მეტა, პირადად ოლივერ სტოუნს ესაუბრა და რეკლამის ეთერში გაშვებაზე მისი თანხმობაც მოიპოვა.

ფილმის გამოსვლის შემდეგ, ისტორიკოსთა ერთმა ნაწილმა გაკვირვება და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ იმ პერიოდის ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - მაგალითად, ალექსანდრეს მიერ ქალაქ პერსეპოლისის დაწვა - სურათში იგნორირებულია.

ამ შემთხვევის ირგვლივ განსხვავებული ისტორიული მონაცემები მოიპოვება. ერთი ვერსიით, ეს ალექსანდრეს მხრიდან სპარსებისთვის სამაგიეროს გადახდა იყო ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში საბარძნეთში განხორციელებული ნგრევის გამო. სხვა მოსაზრებით, ალექსანდრემ ეს მთვრალ მდგომარეობაში, ქალის წაქეზებით ჩაიდინა.

პროფესორი რობინ ლეინ ფოქსი, რომელიც მსოფლიოში ელინიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტი და ალექსანდრეს შესახებ წიგნის ავტორია, ფილმზე მუშაობის პროცესში სტოუნის მრჩეველი იყო. მისი თქმით, ეპიკური სურათი დიდწილად ემყარება ისტორიულ წყაროებს, ხოლო მასში ყველა ფაქტის შეტანა ფილმს ძალიან გრძელს გახდიდა.

თუმცა სხვა ექსპერტები ფილმში დაშვებულ ისტორიულ შეცდომებზეც მიუთითებენ.

ფაროხი ამბობს, რომ ფილმში მოცემული სპარსელების და ბერძნების იერსახე არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის მაგალითად იგი გაუგამელას ბრძოლას ასახელებს, სადაც ალექსანდრე დიდმა და მისმა არმიამ სპარსელთა ჯარი დაამარცხა:

[ფაროხის ხმა]: ბერძნული ჯარი აქ სტერეოტიპულად არის გადმოცემული - როგორც ორგანიზებული და დისციპლინირებული. პრობლემატურია ის, რომ როდესაც ეგრეთ წოდებული სპარსელები ბერძნებს უპირისპირდებიან, მათ თავზე ჩალმები ახურავთ. ჩალმა სპარსული საგანი არ არის. ერთ-ერთი კადრში მათი თავების ირგვლივ ბუზებიც კი ფრენენ. სპარსული ჯარი აბსოლუტურად არაორგანიზებულად არის ნაჩვენები. ხალხმა არ იცის, რომ სპარსელებს სინამდვილეში ფორმები ეცვათ. ისინი დისციპლინირებულად მარშირებდნენ - ამისთვის სპეციალური მუსიკაც იყო გამოყენებული, რომელიც ჩასაბერ ინსტრუმენტებზე სრულდებოდა.

შეერთებულ შტატებში მცხოვრები ირანელების ერთმა ნაწილმა ფილმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებიც მოაწყო. თუმცა ლოს ანჯელესის ირანული ჟურნალის მთავარი რედაქტორი, მეჰდი ზოკაი ამბობს, რომ ეს აქციები არაეფექტიანი იყო:

[ზოკაის ხმა]: ჩემი აზრით, საპროტესტო აქციები გაფანტული იყო და არც დიდხანს გაძლო. ცალკეულმა პირებმა და ზოგიერთმა მედიის საშუალებამ დაწერეს წერილები, იმეილები და საკუთარი პროტესტი ამ გზით გამოხატეს. მაგრამ იმის გამო, რომ ეს აქციები ერთმანეთთან შეუთანხმებლად მოეწყო, მათ ყურადღება ვერ მიიქციეს. ზოგიერთმა ფილმს ბოიკოტიც გამოუცხადა, მაგრამ ვფიქრობ, უმეტესობას ცნობისმოყვარეობამ სძლია და ფილმის სანახავად მაინც წავიდნენ.

’ალექსანდრე’ შეერთებულ შტატებში ეკრანებზე გასული წლის ბოლოს გამოვიდა და მხოლოდ 34 მილიონი დოლარის მოგება ნახა. მაგრამ საზღვარგარეთ გამართული ჩვენებების შემოსაველი ბევრად მეტი იყო და 90 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG