Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა

  • ნინო როდონაია

ამ კვირის ქართული პრესის განსაკუთრებული ყურადღება სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ, თბილისში ვენეციის კომისიის წევრთა ვიზიტმა, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის წლისთავმა და პრივატიზაციის პროცესმა დაიმსახურა.


"სააკაშვილმა ევროსაბჭო მოხიბლა, პრეზიდენტის თავდაჯერებულმა გამოსვლამ ევროსაბჭოს რეზოლუციის სიმწვავე გადაფარა" - წერს გაზეთი ,,ახალი ვერსია.”
,,სააკაშვილის სტრასბურგში გამგზავრებამდე სერიოზული დავის საგანი იყო ევროსაბჭოს რეკომენდაციების შეუსრულებლობა. თუმცა, საკითხის სიმწვავე სამიტზე სააკაშვილის წარმოდგენილმა პროექტმა გადაწონა. დემოკრატიის მასშტაბების შემცირებაში დადანაშაულებული საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს ტრიბუნაზე საკმაოდ თვითდაჯერებული ჩანდა. ქართველი ექსპერტების და პოლიტიკოსების უმრავლესობა პრეზიდენტის გამოსვლას სტრასბურგში შედეგიანს უწოდებს. პირველადი შეფასებები ევროსაბჭოშიც ერთი შეხედვით დადებითია, უკვე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, ირწმუნა, თუ არა ევროსაბჭომ სააკაშვილის გეგმების” - წერს ,,ახალი ვერსია.”

თემას გაზეთი ,,ხვალინდელი დღე” განაგრძობს. სტატიაში, სათაურით: ,,სააკაშვილმა ოსებს ხელი ევროპიდან გაუწოდა,” გაზეთი წერს: ,,მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოში პრეზიდენტის რანგში უკვე მეორედ წარდგა. შარშანდელი ვარდების რევოლუციის მთავარი გმირი საკმაოდ დიდი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. რევოლუციის წლისთავზე სააკაშვილმა ევროპის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო, რადგან ევროსაბჭოს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა სეპარატისტებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარება აღუთქვა. სააკაშვილის შეთავაზებას მოსკოვიდან ოსი სეპარატისტების ლიდერი კოკოითი გამოეხმაურა. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაკარგა ისტორიული შანსი, როცა ევროსაბჭოს წინაშე სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა.”

გაზეთი ,,ხვალინდელი დღე” იმასაც წერს, რომ ,,ვენეციელებს ოსური ავტონომია მოსწონთ, სასამართლო რეფორმა კი-არა.”
ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში გაზეთი აღნიშნავს, რომ ,,ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წევრები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის გაფართოებული ავტონომიური უფლებების შეთავაზებას დადებითად აფასებენ, თუმცა, მათთვის მიუღებელია საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, მოსამართლეებს რეორგანიზაციის მოტივით ვადამდე უწყდებათ უფლებამოსილება. ევროსაბჭოს ვენეციის კომისია სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს და რეკომენდაციებს, ერთგვარი დოკუმენტის სახით ქართულ მხარეს მარტში, ან აპრილში წარუდგენს.”

,,მაშინ, როდესაც ევროსაბჭო მკაცრია საქართველოს მიმართ, რუსეთი თავს ვალდებულად მიიჩნევს მხარი დაუჭიროს საქართველოს და იყოს უჩვეულოდ მეგობრული” - წერს გაზეთი ,,24 საათი.” ,,რუსი ორატორი აღფრთოვანებულია საქართველოში რუსული კაპიტალის შემოსვლით. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესში რუსეთის უალტერნატივობა რეალურად ბიზნესია, თუ პოლიტიკური გაცვლები?”


,,ბენდუქიძეს ,,გაზპრომი” უყვარს და შაჰდენიზი არ ადარდებს” - წერს გაზეთი ,,რეზონანსი” და განაგრძობს: ,,ბოლო დროს აქტიურად კეთდება განცხადებები, რომ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე ექმნება. ენერგეტიკის მინისტრი ირანში გამართავს მოლაპარაკებას საქართველოს გავლით ევროპაში ირანული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით. პარალელურად ,,გაზპრომი” ყველანაირად ცდილობს მაგისტრალური გაზსადენის შეძენას. ეს ყველაფერი შაჰდენიზის პროექტისთვის ხაზის გადასმას ნიშნავს. ბენდუქიძე ადასტურებს, რომ ამერიკელები და ბრიტანელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აღნიშნულ სფეროში გაზპრომისა და ქართული მხარის თანამშრომლობას. თუმცა, მას მსგავსი ,,დიქტატი” მიუღებლად მიაჩნია და აცხადებს, რომ საქართველომ სათავისოდ უნდა გამოიყენოს ყველაფერი, რაც ქვეყანას ეკონომიკურ მოგებას მოუტანს.” - წერს გაზეთი ,,რეზონანსი.”

,,ავტორიტარული მოდერნიზაცია, თუ ლაით დემოკრატიული ინსტიტუტები?” - ამ სათაურით გაზეთ ,,24 საათში” გამოქვეყნებულ წერილში პოლიტოლოგი გია ნოდია ახალი ხელისუფლების პირველ წელს აფასებს. გაგაცნობთ წერილის რამდენიმე ფრაგმენტს. ,,ერთი წლის შედეგებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელისუფლებამ უპირატესობა მიანიჭა საქართველოს არშემდგარი სახელმწიფოდან ქმედითუნარიან სახელმწიფოდ ქცევას. ყველაზე მეტი წარმატება მას სწორედ ამ სფეროში აქვს. დღევანდელ ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ დემოკრატია საქართველოსთვის ერთადერთი გზაა, მაგრამ რევოლუციური ენთუზიაზმის ტალღაზე ხშირად დაყვება ხოლმე ავტორიტარულ ინსტინქტს. დემოკრატიული პროცედურები ართულებს და ანელებს ბევრი ამოცანის შესრულებას და ზედმეტ თავის ტკივილებს აჩენს. ამიტომ ავტორიტარული ცდუნება ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს, როცა სერიოზული ოპოზიცია არ გყავს და სუბიექტურად დარწმუნებული ხარ, რომ კარგი გინდა. მაგრამ ხელისუფლება თუ ამ ცდუნებას აჰყვა, ეს ქვეყნისთვისაც ცუდი იქნება და მისთვისაც.” - წერს გაზეთ ,,24 საათში” პოლიტოლოგი გია ნოდია.


გაზეთი ,,ახალი ვერსია” იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პრეზიდენტობის წლისთავს პენსიების გაორმაგება დაამთხვია. ამიერიდან ყველა პენსიონერი 28 ლარიან პენსიას მიიღებს. პრეზიდენტის ოპონენტები პენსიების გაორმაგებით თავის მოწონებას მორიგ უსამართლო ბაქი ბუქად მიიჩნევენ. ოპოზიციის თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს ყველაფერი ისე გაძვირდა, პენსიების 28 ლარამდე გაზრდა ხალხისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრები ზრდასრული შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი 140 ლარია. ამ მინიმუმში არასასურსათო ხარჯებიც შედის და მთელი საარსებო მინიმუმის 30 პროცენტს შეადგენს” -წერს გაზეთი ,,ახალი ვერსია.”


ამ კვირის ქართული პრესა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატობის კანდიდატებად მიხეილ სააკაშვილის და ვიქტორ იუშჩენკოს დასახელებასაც გამოეხმაურა. გაზეთი ,,ხვალინდელი დღე” წერს: ,,თუ საქართველოს ნობელის პრემიის ლაურეატი პრეზიდენტი ეყოლება, კარგია. ამერიკელი სენატორების კეთილშობილური განზრახვის უარყოფითი მხარე მხოლოდ ის შეიძლება იყოს, თუ პრეზიდენტები ზედმეტად თავდაჯერებულები გახდებიან. საქართველოში ოპოზიციამ უკვე ,,შეაჩვენა” იდეის ავტორები - სააკაშვილს ადამიანის უფლებების გამო სტრასბურგის სასამართლო ედავება, ვენეციის კომისია დემოკრატიის ხარისხს უწუნებს და ამისთვის თუ ნობელის პრემიას მიანიჭებენ, ავტორიტარული რეჟიმის საფრთხე მერე ნახეთო. სახელისუფლებო პარტიაში კი კმაყოფილებას ვერ მალავენ - საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს გვიჭერს იმისთვის, რომ წელსაც კარგად ვიმუშაოთ, ავანსად პრეზიდენტის დაჯილდოებას გვპირდებიან და სხვა გზა არ გვაქვს, ეს ნდობა უნდა გავამართლოთო” - წერს გაზეთი ,,ხვალინდელი დღე.”
XS
SM
MD
LG