Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანაოსნოს გარიგება დასრულდა, ხმაური კი ისევ გრძელდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას დასრულდა საქართველოს საოკეანო სანაოსნოს პრივატიზაციაზე გამოცხადებული ტენდერი და ეს ობიექტი ბრიტანულ-ავსტრალიურ კონსორციუმზე Armstrong Holding ISP-ზე

161 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.
ამ თანხიდან 72 მლნ აშშ დოლარი გერმანიის ბანკების მიმართ ”საოკეანო სანაოსნოს“ ვალის დაფარვას მოხმარდება, ხოლო 89 მლნ აშშ დოლარი ქვეყნის ბიუჯეტში შევა.

მართალია, გარიგება დასრულდა, მაგრამ ამით არ ამოწურულა ის ხმაური, რაც სანაოსნოს პრივატიზების ირგვლივ ჯერ კიდევ წლის ბოლოს აგორდა. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ჟვანიამ ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას დანიურ ”გრინოუქ ჯგუფთან”, რომელსაც, სანაოსნოს გარდა, მიმდებარე ინფრასტრუქტურა, ნავთობის ბაზა და მიწის ფართობი უნდა გადასცემოდა საკუთრებაში. ამ წინასწარმა ოქმმა ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია, მთავრობა კი აცხადებდა, რომ ნილსენის კომპანია სანაოსნოში ლამის ერთადერთი და ყველაზე მეტი თანხის გადამხდელი პრეტენდენტი იყო. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მათ მიერ განგაშის ზარის შემოკვრამ შედეგი გამოიღო: საბოლოოდ, სანაოსნოს მოსაპოვებლად 7-მა სოლიდურმა კომპანიამ გააკეთა განაცხადი და მათ მიერ შემოთავაზებული თანხებიც არ ჩამოუვარდებოდა ”გრინოუქ ჯგუფის” წინადადებას. პრემიერ-მინისტრთან ოპონირებაში ყველაზე მეტად აქტიურობდა მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერი დავით გამყრელიძე, რომელსაც თავისი პოზიცია არც გასულ კვირას, გარიგების დასრულების შემდეგ, დაუმალავს. უფრო მეტიც, მემარჯვენეების ლიდერი პრემიერ-მინისტრის, კახა ბენდუქიძისა და ლექსო ალექსიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაცა ითხოვს.

[დავით გამყრელიძის ხმა] ”საბოლოოდ აეხადა ფარდა იმ დანაშაულებრივ მაფიოზურ გარიგებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბატონ ნილსენსა და პრემიერ ჟვანიას შორის. როდესაც ჩვენ ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი, ბატონები ჟვანია და ბენდუქიძე უტიფრად აცხადებდნენ, რომ ეს არის საუკეთესო შეთანხმება და თურმე ბათუმის სანავთობო ინფრასტრუქტურას რეალურად არანაირი ღირებულება არ გააჩნია და რომ, თუ სანაოსნოს იღებს ნილსენი, ეს არის დიდი შეღავათი საქართველოსთვის და ის, რაც ბათუმში არსებობს, ისედაც ბატონ ნილსენის საკუთრებაა. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა ნილსენის საკუთრება, აღმოჩნდა, რომ, რასაც ჩვენ ვამბობდით, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, ნავმისადგომებს უზარმაზარი ღირებულება გააჩნიათ და თავად ჟვანიამ განაცხადა, რომ რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს იხდიან ამაში ინვესტორები და აღმოჩნდა, რომ რეალურად სანაოსნოში გადახდილ იქნა უფრო მეტი თანხა, ვიდრე ნილსენი იხდიდა სანაოსნოში, სანავთობო ინფრასტრუქტურასა და ნავმისადგომებში ერთად.” (სტილი დაცულია)

მოკლედ, ხმაური სანაოსნოს პრივატიზებასთან დაკავშირებით არ წყდება, თუმცა მთავრობა ოპოზიციის მორიგ შემოტევას ნაკლებ ყურადღებას უთმობს და ახალი სარფიანი გარიგებით თავს იწონებს. გარიგების საბოლოო პირობების მიხედვით, სანაოსნოს ახალი მეპატრონე 12 წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს მეზღვაურებს სამუშაო ადგილებს და 15-დან 30-მდე გაზრდის გემების რაოდენობას.
ამასთან, ჟვანიას თქმით, ”საქართველოს საოკეანო სანაოსნოს“ ყველა გემი ქართული დროშით ივლის.
Armstrong Holding ISP-ის სათავო ოფისი ბათუმში განთავსდება.

გარიგებით, პრემიერ-მინისტრის გარდა, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლექსო ალექსიშვილიც ამაყობს:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] “ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ისინი მოუვლიან საზღვაო აკადემიას და გაზრდიან ახალ მეზღვაურებს და დააფინანსებენ ამ მიმართულებას. ასევე, ქართული დროშით აპირებენ ამუშაონ ეს გემები, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.”

ამდენად, მთავრობამ, პირვანდელი ვარიანტის სანაცვლოდ, ამჯერად მხოლოდ სანაოსნო გაყიდა ცალკე ლოტად. რაც შეეხება სანავთობო ინფრასტრუქტურას, ნავთობბაზას, ნავმისადგომებსა და დაახლოებით 52 ჰექტარ ზღვისპირა სანაოსნოს ტერიტორიას, იგი ისევ ვაჭრობის საგანი გახდება და ცალკე პაკეტად გაიყიდება. საპრივატიზებო კომისია ამ პაკეტის ყიდვის მსურველთა წინადადებების განხილვას დაახლოებით ორ კვირაში გეგმავს და დამატებით რამდენიმე ათეულ მილიონ ამერიკულ დოლარსაც ელოდება.
XS
SM
MD
LG