Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ერაყის არჩევნებს დემოკრატიისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ერაყის არჩევნებს დემოკრატიისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად
აფასებს.ერაყის არჩევნებზე გაეროს მრჩეველი კარლოს ვალენსუელა აცხადებს, რომ ის გაოცებულია ერაყის ამომრჩეველთა აქტივობით, რომელიც მათ სადამ ჰუსეინის შემდგომ ერაყში ჩატარებულ პირველ არჩევნებში გამოავლინეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ კი ერაყელებს მიულოცა არჩევნების ჩატარება და სიმამაცის გამოჩენისათვის შეაქო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კი აცხადებს, რომ შტატები კვლავაც განაგრძობს ერაყელთა მომზადებას იმისათვის, რომ მათ თავად უზრუნველყონ თავიანთი ქვეყნის მომავალი. ბუშმა კომენტარი ერაყში საარჩევნო უბნების დახურვიდან 4 საათში გააკეთა. ჯერჯერობით ადრეა არჩევნების შესახებ არსებულ რაიმე მყარ მაჩვენებლებზე საუბარი. კიდევ ერთხელ გაგაცნობთ დღევანდელი შუადღის მაჩვენებლებს: ერაყის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ცნობით, დღევანდელ არჩევნებში რეგისტრირებულ ერაყელთა დაახლოებით 72-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ბაღდადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კომისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ერაყის შიიტურ რეგიონებში ამომრჩეველთა აქტივობა 90 პროცენტს აღწევს. ჟურნალისტებთან საუბრის მომენტისთვის კომისიას ჯერ კიდევ არ გააჩნდა მონაცემები სუნიტური რეგიონების ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. სუნიტებით დასახლებულ რეგიონებში ნაკლებ აქტივობას ელოდნენ არჩევნების წინ გავრცელებული მუქარისა და თავად სუნიტთა ლიდერების მოწოდებების გამო. ისინი ამომრჩევლებს ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ. არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 14-მა მილიონმა ერაყელმა გაიარა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ადელ ლამიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასახელებული ამომრჩეველთა მონაწილეობის ამსახველი რიცხვები დროებითია და მოცემული მომენტისთვის არსებულ ვითარებას ასახავს. ლამის თანახმად, დღეს ერაყში საარჩევნო უბნების 99 პროცენტი გაიხსნა. უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო არ მოხერხდა მხოლოდ რამდენიმე უბნის გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ერაყელთა ერთი ნაწილი დღევანდელ დღეს ზეიმობდა, დღეს რამდენიმე აფეთქება მოხდა და 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ერთი აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ბაღდადის აღმოსავლეთში საარჩევნო უბანზე განახორციელა. ამ აფეთქების ხმა მოვლენის ერთ-ერთმა მოწმემ ჩაიწერა კიდეც [აფეთქების ხმა]. მიუხედავად ამ ექსცესებისა, ერაყში არჩევნები ჩატარდა. როგორც ვარაუდობენ, გამომდინარე იქიდან, რომ ერაყის მოსახლეობის 60 პროცენტს შიიტები შეადგენენ, ერაყის ეროვნული კრების წევრთა უმრავლესობაც შიიტები იქნებიან. ასეთი რამ კი პირველად მოხდება ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, რომ შიიტები პოლიტიკურ ძალაუფლებას მოიპოვებენ ერაყში. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ერაყის დროებითმა პრეზიდენტმა ღაზი იავარმა დღევანდელ არჩევნებს უწოდა ბრძოლა ამომრჩევლებსა და ტერორისტებს შორის: [იავარის ხმა] "ეს არის გამოწვევა. ერაყის ხალხის ნება გაიმარჯვებს. ტერორიზმი დამარცხდება. ჩვენ, თითოეულ ერაყელს გვაქვს წავისვათ თითზე ეს მელანი. არავინ დგას კანონზე მაღლა და კანონისგან თავისუფალი, რადგან, ღვთის მადლით, კანონი დგას ყველაფერზე მაღლა ამ ქვეყანაში". ეროვნული კრების 275 წევრის გარდა დღეს ერაყელებმა 18 ადგილობრივი კრების წევრებიც აირჩიეს. ჩრდილოეთ ერაყში ძირითადად ქურთებით დასახლებულ რეგიონში კი ამომრჩევლებმა ავტონომიური პარლამენტიც აირჩიეს. არჩევნების ოფიციალური შედეგები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG