Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის 25-ე ქვეითი ბატალიონი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან დაბრუნდა


ასლან აბაშიძის აჭარიდან გაქცევის შემდეგ ბათუმის 25-ე

მოტომსროლელი ბრიგადის ბაზაზე ქვეითი ბატალიონის ჩამოყალიბებიდან 8 თვე გავიდა, მაგრამ თბილისიდან დაშორებული ქვედანაყოფისა და მისი მებრძოლების შესახებ საქართველოს მოსახლეობას ძალიან მწირი ინფორმაცია მოეპოვება. საქართველოში მოდური ხომ ის სამხედრო ნაწილებია, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი პირები ტელეკამერებთან ერთად სტუმრობენ. 25-ე ქვეით ბატალიონში სტუმრიანობა არც გასულ ხუთშაბათს ყოფილა, როდესაც ქვედანაყოფის სამასი მებრძოლი სამთვიანი საბრძოლო დავალების შემდეგ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა. თუმცა, ბათუმში მივლინებით ჩასულს, 25-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა დილასვე ძალიან ხალისიანი განწყობით დამხვდა.

[ჯარისკაცების სამწყობრო სიმღერის ხმა]

ამ სიმღერის ტექსტი, რომელიც არცთუ ორიგინალურ მოტივზეა აგებული, 25-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალ დავით კონცელიძეს ეკუთვნის. დავითი პროფესიონალი სამხედროა, მესამე ასეულში იარაღის სექცია აბარია და ბატალიონში მას შემდეგ ჩაირიცხა, რაც, ასლან აბაშიძის გაქცევის შემდეგ, ყოფილი 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ბაზაზე ხელახლა დაიწყო ბატალიონის ფორმირება. დავით კონცელიძე ამბობს, რომ სიმღერა ბათუმსა და მთელ საქართველოს მიუძღვნა:

[დავით კონცელიძის ხმა] “ რა ვიცი, ისეთი სიხარული მეუფლება, რომ საზღვარი არა აქვს ჩემს სიხარულს. აქ არის შექმნილი ეს “კომანდო” , აქაური ბიჭები ვართ, ბათუმელები, და ეს სიმღერაც ბათუმს ეკუთვნის, პირველ რიგში, და საქართველოს.”

მაგრამ ბატალიონის წევრებს სიმღერა სამი თვის განმავლობაში არ უმღერიათ. ნოემბრის დასაწყისში 25-ე ქვეითი ბატალიონის 300 მებრძოლი, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიით გაგზავნეს. ძირითადად, აჭარის ავტონომიის მცხოვრებთაგან დაკომპლექტებული ქვედანაყოფი კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში განლაგებულ 20-მდე პოსტზე სადღეღამისო მორიგეობას აწარმოებდა. მესამე ასეულის მეთაურის მაიორ ბადრი ფუტკარაძის თქმით, მისმა ჯარისკაცებმა იქ ნამდვილი საბრძოლო ნათლობა გაიარეს:

[ბადრი ფუტკარაძის ხმა] “ბიჭებმა, ჯარისკაცებმა, მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება, იმიტომ რომ იქ უმართავი სიტუაცია იყო, ცხინვალში. ჩვენი ასეული იდგა ცხინვალის შესასვლელში, თამარაშენში. 200-300 მეტრის იქით იყო თექსტილის დასახლება, სადაც ადგილობრივ კრიმინალებს ცხინვალის ხელისუფლებაც ვერ მართავს. იქ გამუდმებული სროლა იყო - დამიზნებით არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხევაში შეიძლებოდა ვინმე მომკვდარიყო.”

სამთვიანი საბრძოლო მივლინება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბატალიონის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე ქალმაც გაიარა. მათ შორის არის ნათია აბაშიძე, რომელიც ბატალიონში რვა თვის წინ, კონსკურსის წესით, მსროლელის საშტატო თანამდებობაზე ჩაირიცხა. ნათიას თქმით, ცხინვალთან გატარებულმა სამმა თვემ იგი კიდევ უფრო დააახლოვა თანამებრძოლებთან, რომლების მანამდეც ძალიან სჯეროდა:

[ნათია აბაშიძის ხმა] “ყველაზე მეტად ეს იყო ჩვენს ბიჭებთან ერთად ყოფნა, ერთმანეთის გაგება, ეს მებრძოლი სული, როგორც ამბობენ. ერთი სიტყვით, ყველანი სულიერად მზად ვიყავით, რომ გვებრძოლა.”

ქართულ-ოსური კონფლქიტის ზონიდან 25-ე მოტომსროლელი ქვეითი ბატალიონის მებრძოლები ოთხშაბათ საღამოს, სამხედრო კოლონით დაბრუნდნენ და მთელი გზა, ცხინვალიდან ბათუმამდე, ანთებული ფარებით და სიგნალებით მოდიოდნენ. ბათუმში დაბრუნებულ მშვიდობისდამცველებს სიუპრპიზი ელოდათ. ენგელსის ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული ყაზარმების ნაცვლად, 25-ე ბატალიონმა ბინა დაიდო ადლიაში, სადაც ადრე ასლან აბაშიძის ელიტური სწრაფი რეაგირების რაზმი, ე.წ. “ობეერის” ბაზა, იყო განლაგებული -სპორტდარბაზით, კეთილმოწყობილი ყაზარმებით, სასადილოთი. სწორედ ახალ ბაზაზე მოაკითხა საკუთარ ორ შვილს, რომან და როლანდ მიქელაძეებს, მათმა მამამ, შოთა მიქელაძემ. ცოტა ხნის წინ ჯარისკაცების მამას საშუალება ჰქონდა ცხინვალშიც ენახა შვილები.

[შოთა მიქელაძის ხმა] “ მეც ჩავაკითხე იქანა, პირობები კმაყოფილი ჰქონდათ და მეც კმაყოფილი დავრჩი. ასე რომ, შეიძლება, რომ პირობები საქართველოში კიდევ უფრო უკეთესი ჰქონდეთ.”(სტილი დაცულია)


ცხინვალიდან დაბრუნებულ მებრძოლებს ორკვირიანი შვებულება ეკუთვნით, რომელსაც ისინი საკუთარ სახლში - მშობლებთან და ახლობლებთან - გაატარებენ. მათი შემოსავალი, თვეში 500 ლარამდე, საკმარისია იმისათვის, რომ ნორმალურად დაისვენონ. შვებულების შემდეგ კი, ბატალიონის შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ ვალერი სიხარულიძის თქმით, 25-ე ქვეითი ბატალიონის მებრძოლები ახალ სამხედრო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას:

[ვალერი სიხარულიძის ხმა] “შემდეგ მივდივართ, პირველ მარტს, კრწანისის პოლიგონზე და იქ ამერიკელებთან ერთად ახალ სასწავლო პროგრამაში ვჯდებით. და, ალბათ, მომავალ წელს, როგორც არის დაგეგმილი, ბიჭები ერაყში აპირებენ წასვლას.”(სტილი დაცულია)

მაგრამ სამშვიდობო მისიას არც უსიამოვნო სიურპირიზის გარეშე ჩაუვლია: ბატალიონის წევრებს ხინჯად აქვთ ახალი თავდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის შინაარსიც მათ საბრძოლო პოსტებზე ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე გააცნეს. მინისტრ ოქრუაშვილის ბრძანებით, სამშვიდობო მისიით კონფლიქტის ზონაში მყოფი ნაწილი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს, რაც, ალბათ, უპრეცედენტო ფაქტია მსოფლიოს ისტორიაში. თუმცა სამხედრო ხელმძღვანელობა მალევე მიხვდა საკუთარ შეცდომას და ორი კვირის თავზე ყველა მებრძოლი აღადგინა საშტატო თანამდებობაზე, ბატალიონის მეთაურის, პოლკოვნიკ ავთო ჯოხაძის გარდა, რომელმაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლება ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ შეიტყო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG