Accessibility links

logo-print

ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის ახალი წელი


ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის ახალი წელი

უსიამოვნო ინციდენტით დაიწყო –სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა კინოარქივის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. კინოსტუდიის თანამშრომლები გვარწმუნებენ, რომ დაიწვა მხოლოდ და მხოლოდ ფონოგრამები და რომ ქართული კინოს ისტორიას საშიშროება არ ემუქრება – ფილმების ნეგატივები მოსკოვთან ახლოს, დაბა “ბელიე სტოლბიში”, ინახება. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა ენაზეა ეს ფილმები – რუსეთის კინოსაცავში, რომელიც საბჭოთა კინოარქივის მემკვიდრედ ითვლება, რუსულად დუბლირებული ფილმები ინახება თუ ქართული ორიგინალები.

არქივის განადგურება საბაბი გახდა დისკუსიისთვის – როგორ უნდა მოიქცეს ქართული მხარე: ისევ დააყენოს ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების საკითხი და ამისათვის რუსეთის კინოფონდს სოლიდური თანხა გადაუხადოს, თუ ამაზე აღარც კი იოცნებოს, სანამ ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კინოსაცავი არ აშენდება. 15 იანვარს, როცა კინოსტუდიის ფილმსაცავში ხანძარი გაჩნდა, ქალაქის მერმა შენობის ავარიულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ გარემოში ფილმები არ უნდა ინახებოდეს... არადა, რას გვპირდებოდნენ 90-იან წლებში სააქციო საზგადოება “ქართული ფილმის” დამფუძნებლები? – შენობის რემონტს, კინოსტუდიის აღჭურვას თანამედროვე ტექნიკით და იმ კინოთეატრების კეთილმოწყობას, რომელიც “ქართული ფილმის” ბაზაზე ირიცხება.

სამი წლის წინ, როცა სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” დირექციამ “აპოლოს”, თბილისის უძველესი კინოთეატრის, გაყიდვა დააპირა, კინემატოგრაფისტთა სახლში შეიკრიბნენ ქართველი რეჟისორები, რომლებიც ამ გარიგებამ ძალიან დააეჭვა.

[ხმაური კინემატოგრაფისტთა კონფერენციაზე] “ნუ ყიდით მერე “აპოლოს”... “იქნებ მეტი ღირს?”, “იქნებ კი არა, მეტი ღირს”... “კინოთეატრია, რომელიც კინოთეატრად არის აშენებული... “ეგ მატარებელი ხომ გავიდა უკვე?”... “ყველა მატარებელი გავიდა, სტუდიიდან ახლა ყორღანი თუ გაკეთდება.”

მატარებელი, მართლაც, გავიდა. არც ქართულ კინოს ეშველა და არც კინოთეატრებს. კინოსტუდიაში ხანძრის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე კინემატოგრაფისტთა ჯგუფმა ღია წერილით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას.

“ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფომ, უპირველეს ყოვლისა, მხარი უნდა დაუჭიროს არაკომერციულ ხელოვნებას და არაკომერციულ სტრუქტურებს, რომლებიც დამოუკიდებლად არსებობას ვერ შეძლებენ...” – აღნიშნულია წერილში. მიმართვის ავტორები შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ კინოთეატრები დღესდღეობით სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის’ საკუთრებაა, მაგრამ ამ ორგანიზაციამ დღემდე ვერ მოახერხა კინოდარბაზების აღდგენა და ამუშავება. მიმართვის ავტორები სთხოვენ ხელისუფლებას გაუწიოს შუამდგომლობა “ქართულ ფილმთან”, რათა უმოკლეს ვადაში მოიწვიონ “ქართული ფილმის” აქციონერთა კრება, რომელზეც განხილული იქნება ზოგიერთი კინოთეატრის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისთვის გადაცემის საკითხი... სხვაგვარად რომ ვთქვათ, მუნიციპალური კინოთეატრების შექმნის საკითხი.

კინემატოგრაფისტების გარდა, მიმართვას ხელს აწერენ კულტურის მუშაკები საქართველოს რეგიონებიდან, აგრეთვე გერმანელი კინომცოდნეები ულრიჰ და ერიკა გრეგორები, რომლებმაც 70-იან წლებში დასავლეთ გერმანიაში მუნიციპალური კინოთეატრების ქსელი ჩამოაყალიბეს. ცოლ-ქმარი გრეგორები გასული წლის მიწურულს იმყოფებოდნენ საქართველოში. მათ გოეთეს ინსტიტუტში სემინარი ჩაატარეს თემაზე “მუნიციპალური კინოთეატრები”. ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი, საერთაშორისო კინოფესტივალის, "ოქროს პრომეთეს", დირექტორი გაგა ჩხეიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მუნუციპალური კინოთეატრების ქსელის დაარსების თხოვნით მათ ხელისუფლებას “ვარდების რევოლუციამდე” მიმართეს:


[გაგა ჩხეიძის ხმა] “ ამაზე დიდი ხნით ადრე გვქონდა საუბარი დათო ოქიტაშვილთან, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან, რომელმაც მაშინ გვითხრა, რომ ყველა კინოთეატრი არის სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” საკუთრება. მაგრამ რატომ არ შეიძლება ერთი კინოთეატრი აიღოს მერიამ, არ მესმის.”

გაგა ჩხეიძე ამბობს, რომ სემინარის მუშაობაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მინაწილეობა. კინოთეატრების ბედი დღეს, პირველ რიგში, იმ ადამიანებს აღელვებთ, ვინც ხედავს, როგორ “ფრთხილობენ” კერძო კინოდარბაზების მფლობელები, როცა მათ ნაკლებად კომერციული ფილმების ჩვენებას სთავაზობენ:

[გაგა ჩხეიძის ხმა] “კომერციული კინოთეატრი ყოველთვის გაიკვალავს გზას და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხდება, რომ შენდება კომერციული კინოთეატრები. მაგრამ არაკომერციული კინოთეატრი უამრავ პრობლემას აწყდება, რადგან თავის თავს ვერ შეინახავს. ამიტომ უნდა იყოს ვიღაც, ვინც მას დააფინანსებს."

რამდენი დაჯდება მუნიციპალური კინოთეატრი? შეძლებენ კი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები იმ დარბაზების შესყიდვას, სადაც მაღაზიები, აბანოები, პურის საცხობებია გახსნილი?

[გაგა ჩხეიძის ხმა] “ეს დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, კინოთეატრის სიდიდეზე, მის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, თუ რამდენი ადამიანი იმუშავებს იქ... ეს არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული, გაცილებით უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე რომელიმე მუნიციპალური თეატრი.”

გაგა ჩხეიძეს შევახსენებთ, რომ მოსკოვში, მაგალითად, დღემდე ფუნქციონირებდა ერთადერთი მუნიციპალური კინოთეატრი – კინოს მუზეუმი. მოსკოველებს ფილმის ნახვა აქ სამჯერ, ოთხჯერ უფრო იაფი უჯდებოდათ, ვიდრე კერძო კინოდარბაზებში. ამიტომაც კინოს მუზეუმი მოსკოველი ახალგაზრდების საყვარელი ადგილი გახდა. მიუხედავად ამისა, გასულ წელს რუსეთშიც დაისვა კინოს მუზეუმის გაუქმების ან სხვა შენობაში გადატანის საკითხი. მუზეუმის დირექტორს ნაუმ კლეიმანს დღემდე სასამართლო პროცესებზე უხდება სიარული. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორს სხვა მაგალითი მოჰყავს, უფრო წარმატებული – გერმანიის მაგალითი:

[გაგა ჩხეიძის ხმა] “მაგრამ გერმანიაში არის ასეთი პრაქტიკა, რომ კინოთეატრები ძირითად დაფინანსებას იღებენ მერიიდან, ანუ მუნიციპალიტეტიდან, მაგრამ მათ შეუძლიათ ცალკეული პროექტებისთვის მოიზიდონ სახსრები, მათ არავინ უკრძალავს ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ ინსტიტუტებთან. ყველა საელჩო ცდილობს, რომ ამ დარბაზში ჩაატაროს, კერძო ინვესტორებზეც არ ამბობენ უარს, რა თქმა უნდა."

მუნიციპალური კინოთეატრი დღეს გერმანიის ყველა ქალაქში ფუნქციონირებს, ამიტომ ეგრეთ წოდებულ არაკომერციულ კინოს იქ ნაკლები პრობლემა აქვს. შესაბამისად, უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს დიდი და პატარა კინოფესტივალების მესვეურები; ისინი აღარ არიან დამოკიდებულნი კერძო კინოდარბაზების მფლობელთა კაპრიზებზე. გაგა ჩხეიძის თქმით, ნორმალურ ქვეყანაში კინემატოგრაფისტები, ე.ი. ის ადამიანები, რომელთაც სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმი” დააარსეს, თავად იქნებოდნენ მუნიციპალური კინოთეატრის გახსნის ინიციატორები. მით უმეტეს, რომ ქართული კინო არასდროს გამოირჩეოდა ეგრეთ წოდებული “სალაროს ფილმების” სიმრავლით. მაგრამ ჩვენთან ყველაფერი პირიქით ხდება:

[გაგა ჩხეიძის ხმა] ”ჩემი აზრით, სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმი” არ დასთანხმდება ასეთ გადაცემას... რაც სააქციო საზოგადოების კუთვნილებაშია ეს კინოთეატრები, გავიდა რვა წელი, მაგრამ მათ ვერც ერთი კინოთეატრი ვერ აღადგინეს. კინოთეატრები გაქირავებულია როგორც ფართი, გახსნილია სავაჭრო ცენტრები, საამქროები, ზოგი საერთოდ დანგრეულია... და თუ სააქციო საზოგადოებას არა აქვს ამის ხარჯები, მაშინ უნდა განაცხადონ ხმამაღლა და რაღაც რაოდენობა კინოთეატრებისა გადასცენ მუნიციპალიტეტებს...”

გაგა ჩხეიძის დაინტერესება გასაგებია. ოქტომბერში თბილისში კვლავ უნდა გაიმართოს საერთაშორისო კინოფესტივალი “ოქროს პრომეთე”. ამ კინოფორუმში მონაწილეობის სურვილს უამრავი კინემატოგრაფისტი გამოთქვამს, მაგრამ არავინ იცის, სად უნდა უჩვენონ მათი ფილმები – თბილისში გახსნილ კერძო კინოდარბაზებში, რომლის რეპერტუარს, როგორც წესი, ჰოლივუდის ბლოკბასტერები შეადგენს, თუ აბანოებსა და პურის საცხობებში.
XS
SM
MD
LG