Accessibility links

logo-print

ბასილ მკალავიშვილს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი პირველი განაჩენი რელიგიური ექსტრემიზმისათვის. ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ იეღოვას მოწმეთა დევნის გამო ბასილ მკალავიშვილს 6 წლით თავისუფლების

აღკვეთა შეუფარდა. საქმეზე განსასჯელი კიდევ 6 პირიდან 4 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ერთს 4 წლით და კიდევ ერთს ერთი წლით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესს ქართული და უცხოური მედია და მკალავიშვილის ასეულობით მხარდამჭერი ესწრებოდა. მკალავიშვილის ადვოკატებს განაჩენის 14 დღეში გასაჩივრების უფლება აქვთ.

[ხმა სასამართლო დარბაზში] “პილატე, პილატე! იუდა, იუდა!”

ასე შეხვდნენ გლდანის მართლმადიდებლური ეპარქიის მრევლის წევრები, მომხრეები, ვაკე-საბურთალოს რაიონული მოსამართლის თემურ ტაბატაძის მიერ საბოლოო განაჩენის გამოცხადებას. იუდად და პილატედ მონათლული მოსამართლე ბასილ მკალავიშვილისა და მისი ექვსი მხარდამჭერის საქმეზე 80 გვერდიან განაჩენს 3 საათის მანძილზე კითხულობდა.

[მოსამართლე თემურ ტაბატაძე] “საბოლოოდ, ვასილ მკალავიშვილს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სასჯელის საერთ რეჟიმის სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ვასილ მკალავიშვილს მოსახდელი სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2004 წლის 12 მარტიდან. აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში შესვლამდე დარჩეს უცვლელი.”

კითხვის დასრულებისთანავე თემურ ტაბატაძემ სწრაფად დატოვა სხდომათა დარბაზი. ბასილ მკალავიშვილმა კი მედიას მისი ლიკვიდაციის სამზადისის შესახებ განუცხადა:

[მკალავიშვილის ხმა] “მე მინდა პრესა გავაფრთხილო, რომ დაგეგმილია ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია. უკვე იყო ორჯერ მცდელობა. რახან 6 წელი მომისაჯეს, უკვე გასაგებია, რომ ამ 6 წელში მოხდება ჩემი ლიკვიდაცია. მე მოგიწოდებთ, დაიცავით მართლმადიდებლობა.”

დარბაზში მყოფ ათეულობით განრისხებულ ადამიანთან ერთად სასამართლოს გადაწყვეტილებას ბასილ მკალავიშვილის ადვოკატი ლევან სამუშიაც აპროტესტებდა. იგი მიიჩნევს, რომ ბასილ მკალავიშვილს და მის განსაკუთრებით აქტიურ მომხრეებს, პეტრე ივანიძესა და მერაბ კოროშინაძეს, სასჯელი არ ეკუთვნით და ისინიც დარბაზიდან უნდა გაეთავისუფლებინათ:

[ადვოკატი ლევან სამუშია] “შეკვეთილი განაჩენია და სასამართლო არ არსებობს საქართველოში და ეს არის მთავრობის მიერ დაკვეთილი განაჩენი. ეს არის უაზრობა, მაკულატურაზე დადგა განაჩენი დღეს და იგივე მაკულატურა გამოიტანა მოსამართლემ. თუ უსმენდით პროცესს, არანაირი მტკიცებულება არ გაითვალისწინა ჩვენი. “ (სტილი დაცულია)

ჩვენთვის უცნობი დარჩა ბრალდების მხარის რეაქცია, რადგან პროკურორმა მამუკა კერესელიძემ სასამართლოს დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა დარბაზი. თუმცა ცნობილია, რომ დაცვის მხარეს ვაკე-საბურთალოს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ორი კვირის ვადაში საოლქო სასამართლოში შეუძლია. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით უნდა გასაჩივრდეს. ბასილ მკალავიშვილის ადვოკატები ამ უფლების გამოყენებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG