Accessibility links

logo-print

შემცირდა თუ არა სოციალური კომპენსაციები პენსიის გაზრდასთან ერთად


საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პენსიის გაორმაგებასთან ერთად შეიცვალა სოციალური დახმარებებისა და კომპენსაციების ფორმაც.

ამიერიდან ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოქალაქეები უფასო ელექტროენერგიის ნაცვლად ფულად კომპენსაციას მიიღებენ. ეს რეფორმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიწონა, თუმცა დახმარების მიმღები მოსახლეობა უკმაყოფილო დარჩა. მათ მნიშვნელოვან ნაწილს ფულადი კომპენსაციის მოცულობა არ აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ პენსიების გაორმაგებას თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული სოციალური დახმარების გაუქმება მოჰყვა. პენსიის გაზრდასთანაა დაკავშირებული სხვა სახის სოციალური დახმარების - ელექტროენერგიის შეღავათის - ფორმის შეცვლაც.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ დამატებითი შეღავათების ფული მივეცით ხელზე, აი, იმიტომ, რომ როგორც დღეს ტელევიზორში აჩვენეს სიუჟეტი, ადამიანი მიდიოდა თელასში და ეუბნებოდნენ უარს, მიდიოდა გამგეობაში და ეუბნებოდნენ უარს შეღავათებზე. ახლა ამას მივცემთ ფულად ხელში. და ზოგს დაემატა 15 ლარი, 20 ლარი, 25 ლარამდე - ზოგიერთს და ამას პირდაპირ გადაიხდის, როგორც არის ნორმალურ ქვეყნებში. ასე რომ, ეს არის მიღწევა.”

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ნახსენები მიღწევით საქართველოს ბევრი მოქალაქე სარგებლობს, მათ შორის არიან აფხაზეთის ომის ვეტერანები. მე ერთ-ერთ მათგანს, თემურ სახოკიას, გავესაუბრე.

[თემურ სახოკიას ხმა] ”23 ლარის მაგივრად გადმომირიცხეს 12 ლარი. წელიწადში გამოდის 74 ლარით ნაკლები, ვიდრე მე მქონდა აქამდე. ვეტერანთა კანონში წერია, რომ არ შეიძლება ჩვენი მდგომარეობის გაუარესება...”

ომის ვეტერანები ზამთრის პერიოდში ყოველთვიურად 250 კილოვატსაათ ელექტროენერგიის დახმარებას იღებდნენ, ზაფხულობით კი - 150-ს.
როგორც ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარამიძე ამბობს, ფულადი კომპენსაცია სწორედ ამ მოცულობის ელექტროენერგიის საფასურის საშუალო არითმეტიკულით განისაზღვრა.

[გიორგი ბარამიძის ხმა] ”მოხდა კომპენსაციების საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა და ამის შემდგომ დაწესდა 23 ლარი. მაგრამ აქ სხვა რამეში მოხდა გაურკვევლობა: ხალხმა, ზოგიერთმა, საერთოდ ვერ მიიღო ეს 23 ლარი და ვისაც 23 ლარი ეკუთვნოდა, მან მიიღო 12 ლარი.”(სტილი დაცულია)

ვეტერანთა დეპარტამენტში შესული განცხადებების მიხედვით, 2000-მა კაცმა ვერ მიიღო კუთვნილი მოცულობის დახმარება. ჯერჯერობით დაუდგენელია იმათი რიცხვი, ვინც საერთოდ დახმარების გარეშე დარჩა. საპენსიო ფონდის განცხადებით, ამ შეცდომას მომავალი თვისთვის გამოასწორებენ. შეცდომის მიზეზად კი არასრულყოფილი მონაცემთა ბაზა სახელდება.

გიორგი ბარამიძის კომენტარი:

[გიორგი ბარამიძის ხმა] ”ჩვენ ამას დანაშაულის კვალიფიკაცია მივეცით და ვთხოვეთ ვანო მერაბიშვილს, რომ შეესწავლა. ამასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდმა 10 დღიანი ვადა ითხოვა და განაცხადა, რომ თებერვლის თვეში ყველაფერს გამოასწორებს.”

ყველაფრის გამოსწორების შემთხვევაში ელექტროენერგიის შეღავათის ნაცვლად ფულად კომპენსაციას საქართველოს მოქალაქეთა 14 სხვადასხვა კატეგორია მიიღებს.

ახალი სისტემის მიხედვით, თბილისში მცხოვრებ ომის ინვალიდებს და 70 წელს გადაცილებულ მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებს 23 ლარი ეკუთვნით, რეგიონებში კი - 16 ლარი. ასევე, ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ქვრივები თბილისში - 12, რეგიონში კი 8 ლარს მიიღებენ. ელექტროენერგიის კომპენსაციას მიიღებენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირებიც: თბილისში - 3,5 ლარს, რეგიონებში კი - 2,5 ლარს.
XS
SM
MD
LG