Accessibility links

შესაძლებელია თუ არა თბილისის საკრებულოს ვადამდე ადრე დაშლა


ოპოზიციური ფრაქციები თბილისის საკრებულოს დაშლის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. “ახალმა მემარჯვენეებმა” და “ლეიობორისტებმა” ეს გადაწყვეტილება

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის - ბიუჯეტის - დამტკიცების შემდეგ მიიღეს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ საკრებულო წინააღმდეგობის გარეშე დაჰყვა აღმასრულებელი ხელისუფლების ნებას და ბიუჯეტის ისეთ პროექტს დაუჭირა მხარი, რომელშიც რიგითი თბილისელების ინტერესები ნაკლებად არის გათვალისწინებული. საკრებულოს უმცირესობას ასევე მიაჩნია, რომ დედაქალაქის მერს ხალხი უნდა ირჩევდეს და არა პრეზიდენტი. შესაძლებელია თუ არა ოპოზიციის მოთხოვნათა დაკმაყოფილება და როდის ეყოლებათ თბილისელებს არჩეული მერი?

ბრალდება, რომელსაც ოპოზიცია თბილისის საკრებულოს უმრავლესობას უყენებს, ასე ჟღერს: ხალხის მიერ არჩეული თვთმმართველობა წინააღმდეგობის გარეშე დაჰყვა დანიშნულ ჩინოვნიკთა ნებას. ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი გიორგი მოსიძე მომხდარს სამარცხვინო ფაქტს უწოდებს:

[გიორგი მოსიძის ხმა] “ვთვლი, რომ ასეთ საკრებულოს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებისა და თბილისის მერის დაკვეთებს პირდაპირ და ყველანაირი დაფიქრების გარეშე ასრულებს, არ აქვს არსებობის უფლება.”(სტილი დაცულია)

საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელობის მოქმედებას უარყოფითად აფასებს არაერთი თბილისელი. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ხალხთან ურთიერთობას გაურბის:

[ქალბატონის ხმა] “როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს… რატომ ირღვევა ჩვენი უფლებები? ვიყავი მისული, ვითხოვ ჩაწერას მერთან შეხვედრაზე, უარს მეუბნებიან - მერი არ მიგიღებსო, რატომ?”(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] “თქვენ გგონიათ, მერი რამეს ნიშნავს? ვინ ჰკითხავს მერს, მარიონეტები არიან!”

“მარიონეტები პრეზიდენტის ხელში,” - აზუსტებს საკრებულოს ფრაქცია “ლეიბორისტის” თავმჯდომარე გია გუგავა. მისი თქმით, საკრებულოს ამ შემადგენლობას, ისევე როგორც თბილისის მერს, თანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება არა აქვს:

[გია გუგავას ხმა] “საკრებულო და მერი, რომელიც არ ზრუნავს მოქალაქეებზე, როცა დაკავებული არიან საკუთარი კეთილდღეობით, როდესაც მათთან კონტაქტი საერთოდ გაწყვეტილი აქვთ, ბუნებრივია, უნდა დადგეს დღის წესრიგში ამ ორგანოს დათხოვნის საკითხი. მერის გადაყენება და საკრებულოს ახალი არჩევნები და მერის პირდაპირი არჩევნების დანიშვნა.”(სტილი დაცულია)

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს ვადამდე დათხოვნა მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტს ხელეწიფება, ლეიბორისტების ეს მოთხოვნა, მაღალი ალბათობით, არ დაკმაყოფილდება. ასეთი დასკვნის საფუძველს საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ბეგაშვილის შემდეგი განცხადებაც იძლევა:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] “ჩვენ - ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და პრემიერი, ისევე როგორც საპრეზიდენტო უმრავლესობა - ამაყად ვიძახით, რომ ვართ ერთიანი გუნდის წარმომადგენლები და თუ ამ გუნდში იქნება აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ პირველები მივუთითებთ ერთმანეთს იმ პრობლემაზე, რომელიც არსებითად არსებობს.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევას, მოქმედი კანონმდებლობა ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს, ხოლო კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობამ პარლამენტში შეიტანა და რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, 2006 წლის გაზაფხულზე ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, მერის პირდაპირ არჩევას გამორიცხავს. დეპუტატ კახა კუკავას განმარტებით, უმრავლესობის კანონპროექტის თანახმად, ქალაქის თავს საკრებულოს შემადგენლობიდან აირჩევენ:

[კახა კუკავას ხმა] “ეს არის ხელისუფლების მთავარი პრობლემა - მას არ სურს არანაირი დეცენტრალიზაცია. არჩევით თანამდებობებს აუქმებს, სადაც კი არის. იგივე უნივერსიტეტის მაგალითი, როცა უმაღლეს სასწავლებელშიც კი ვერ დაუშვა ხელისუფლებამ არჩევნები.”(სტილი დაცულია)

კანონპროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს და, ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, უპრობლემოდაც დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG