Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯები


დავით პაიჭაძე, თბილისი სახელმწიფოს გასული წლის ფინანსური ანგარიშების გადახედვისას არაერთი კითხვა დაისმის. ყველას ახსოვს, რომ 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

პირველად, სახელმწიფო ბიუჯეტი არათუ შესრულდა, არამედ, მანამდე ჩვეული დეფიციტის ნაცვლად, პროფიციტით, ანუ ჭარბი შემოსავლებით, აღინიშნა. რამდენად მიზნობრივად და კანონიერად დაიხარჯა სახელმწიფოს ფული, ამ ჭარბი შემოსავლების ჩათვლით? - ეს შეკითხვა ახლაღა იჩენს თავს, როცა საბოლოოდ დაცხრა ფისკალურ ორგანოთა წარმატებით აღძრული ეიფორია. გაზეთი “ქრონიკა”, მაგალითად, ირწმუნება, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 40 მილიონი ლარით მეტი ფული დაიხარჯა, ვიდრე წლის დასაწყისში იყო გათვალისწინებული. შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეს მტკიცება?

2004 წელს ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ხანდახან აქვეყნებდნენ პრეზიდენტის განკარგულებებს, რომელთა თანახმად ამა თუ იმ საჭიროებისათვის გარკვეული თანხა უნდა გაცემულიყო. ასეთი გახლდათ, მაგალითად, კონსერვატორების გახმაურებული განკარგულება, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი 180 ათასი ლარის გამოყოფას ბრძანებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კაბინეტის სარემონტოდ და მანქანის შესასყიდად. შარშან ზაფხულში პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსთა სამინისტროსაც გამოეყო 200 ათასი დოლარი მხოლოდ იმისათვის, რომ დაედგინა ქვეყნის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები, ხოლო ოქტომბერში რეზერვისტების ერთთვიანი მომზადებისათვის თავდაცვის სამინისტროს პრეზიდენტის ფონდმა თითქმის 3 მილიონ 700 ათასი ლარი გაუმწესა. დაახლოებით 200 ათასი ლარი ღირდა “ვარდების რევოლუციის” იუბილე - ეს თანხაც პრეზიდენტის ფონდმა გაიღო.

ეს ყველაფერი, ცხადია, ფარულად არ ხდებოდა. ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზე ფონდიდან ფულს გასცემდნენ, წესისამებრ, ქვეყნდებოდა. მაგრამ ფულის მოთხოვნას დასაბუთებაც სჭირდება. სწორედ ამ დასაბუთების მოძიება სცადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2004 წლის ხარჯების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეს ფინანსთა სამინისტროსაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც. არც ერთი ინსტანციიდან პასუხი არ მიუღიათ:

[დოლიძის ხმა] “სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი იმიტომ, რომ არ მოგვცეს ინფორმაცია. ჩვენ გვინდოდა ყველა განკარგულებისათვის წარდგენილი განაცხადი, სადაც იქნებოდა ზუსტად ჩამოყალიბებული მოტივაცია. იყო შემთხვევა, როცა “ათასწლეულის გამოწვევის” პროექტით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გააგზავნეს განაცხადი, მაგრამ მხოლოდ ნახევარი დაუკმაყოფილეს. ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებს: საფუძველი, რატომ მოითხოვეს ამდენი და რატომ მისცეს ნაკლები. არაფერი არ არის სისტემატიზებული.”

2004 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ორჯერ გაიზარდა: პირველად- 194 მილიონ 597 ათასი ლარით, მეორედ - 181 ათას 500 ლარით. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში იმთავითვე დაახლოებით 9 მილიონ-ნახევარი ლარი იყო ჩადებული. შემოსავლებისა და, შესაბამისად, ხარჯვითი ნაწილის ზრდა დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს. გაურკვეველი რჩება, ამ გაზრდილი შემოსავლებიდან რამდენი ჩაირიცხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში. გაზეთი “ალია”, რომელმაც ამ საკითხის მოკვლევა სცადა, ირწმუნება, რომ ფონდის დანახარჯები 2004 წელს 40 მილიონი ლარით აღემატება იმთავითვე განსაზღვრულ თანხას. რაც უნდა იყოს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ამ ხარჯებს ლეგალური სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს. განუმარტავია პრიორიტეტები და საფუძველი, რომელთა მიხედვითაც დახარჯეს ეს ფული.
XS
SM
MD
LG