Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთერშია ახალგაზრდული პროგრამა.


ეთერშია ახალგაზრდული პროგრამა.

წინა გადაცემებში ჩვენ რამდენჯერმე შევეხეთ ქართულ პოპ-მუსიკასა და ესტრადას, მაგრამ არაფერი გვითქვამს იმ მუსიკოსებზე, რომლებიც როკს უკრავენ. დღეს ვაპირებთ ეს დანაკლისი შევავსოთ და ეგრეთ წოდებულ “წვიმის მუსიკოსებზე” და მეფედ ქცეულ ირაკლი ჩარკვიანზე ვისაუბროთ. ბოლოს კი ხუთ, ჩემი აზრით, საუკეთესო ქართულ სიმღერას შემოგთავაზებთ.

ქართული როკი გაცილებით უფრო მეტი ხნისაა, ვიდრე ქართული პოპ-მუსიკა. შეიძლება ვინმე შემედავოს, მაგრამ ჩემი აზრია, რომ პოპი, როგორი სახითაც ის დღეს საქართველოში არსებობს, ჯგუფ “სახის” წარმატების შემდეგ გაჩნდა. პოპ-ჯგუფების უმეტესობა სწორედ “სახის” და ქართული ესტრადის ნაზავს უკრავს. არადა, “სახე” ჯერ კიდევ ღრმა ანდერგრაუნდში დაცურავდა, როდესაც ქართველი როკერები -ლადო ბურდული, ქიშო გლუნჩაძე და კიდევ ბევრი სხვა - ფაბრიკებსა და სხვა დანგრეულ ადგილებში იკრიბებოდნენ და მუსიკას წერდნენ.

როკერებს ამ შემთხვევაში იმდენად მუსიკალური მიმდინარეობის წარმომადგენლებს არ ვუწოდებ, რამდენადაც იმ ხალხს, ვისაც სურვილი და პრეტენზია აქვს, რომ მხოლოდ ხალხის გასართობად არ წეროს სიმღერები. ძნელია ასე სიტყვით განსაზღვრო განსხვავება პაპსასა და არაპაპსას შორის, მაგრამ, როგორც ამერიკელმა უმაღლესმა მოსამართლემ თქვა პორნოგრაფიის განსაზღვრებასთან დაკავშირებით, რომ დავინახავ, მივხდები, რომ ეგ არის.

დღეს ყველაზე პოპულარული არაპაპსავიკები, ალბათ, მაინც “წვიმის მუსიკოსები” არიან. ყველაზე ხშირად ტელევიზია სწორედ მათ სახელს ახსენებს და, ალბათ, ხალხმაც ყველაზე უკეთ მათი სახელი იცის. ამასთან, მუსიკოსების უმეტესობა უკვე 10 წელზე მეტია, რაც უკრავს და ამ დროის განმავლობაში არაერთი კონცერტი გაუმართავთ.

მიუხედავად მათი საკმაოდ ხანგრძლივი მოღვაწეობისა, “წვიმის მუსიკოსები”, ერთ წელზე ცოტა მეტი ხანია, რაც დაერქვათ, კერძოდ, მას შემდეგ, რაც “ვარდების რევოლუციის” დღეებში მათ წვიმასა და სიცივეში კონცერტი გამართეს ხალხის გასამხნევებლად. მას შემდეგ პრესაცა და ტელევიზიაც სულ “წვიმის მუსიკოსების” ხსენებაშია, რაც ძალიან ყელში ამომივიდა მეც, ალბათ, თქვენც და ყველაზე უფრო, ალბათ, თავად მუსიკოსებს. მეტსახელი, პირველ რიგში, მათ უნდა აღიზიანებდეთ, რადგან ჯგუფების სახელებს უფრო და უფრო ნაკლებად ახსენებენ, თან სულ არ არის სასიამოვნო, როდესაც თავი მუსიკოსად მიგაჩნია და ყველა კიდევ არა მუსიკალური, არამედ პოლიტიკური დამსახურების გამო გახსენებს.

იცის კი ხალხმა, რატომ დაერქვათ მათ “წვიმის მუსიკოსები”? ამის გასარკვევად ქუჩას მივაშურეთ.

[მსმენელები ლაპარაკობენ, თუ რატომ დაერქვათ მათ “წვიმის მუსიკოსები”]

კი მაგრამ, ვინ არიან ეს “წვიმის მუსიკოსები”? - ”ზუმბა”, “33ა”, “სოფტ იჯექტი” და “მწვანე ოთახი” - მიუხედავად იმისა, რომ მიტინგზე მხოლოდ მათ არ დაუკრავთ, ეს სახელი უფრო ამ ოთხ ჯგუფს შერჩა. არადა, კიდევ ერთი რამ, რაც არც ჯგუფებს სიამოვნებთ, ალბათ, და არც მე მეხატება გულზე, არის ის, რომ მუსიკალურად ამ ოთხ ჯგუფს ბევრი არაფერი აქვთ საერთო. ახლა, სად “33ა” და სად “სოფტ იჯექთი”? თან რაც დრო გადის, ამ სახელს სულ უფრო მეტი ჯგუფის სახელი ემატება - ჯგუფებისა, რომლებიც მუსიკალურად კიდევ უფრო დაშორებულნი არიან ამ ოთხეულს. ვთქვათ, “ვაკის პარკი” ან თუნდაც “ქუჩის ბიჭები”. როგორ გინდა გაერკვე, ვინაა წვიმის და ვინ კიდევ სეტყვის.

რადგან მეტსახელებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ქართველი ვეტერანი ირაკლი ჩარკვიანი, რომლის სიმღერებზეც, როგორც იტყვიან ხოლმე, თაობები აღიზარდა. სიმღერებს მისი ალბომიდან “სვან სონგს” ყველა უსმენდა - დიდიც და პატარაც, სვეცკიც და გოიმიც. რაც მთავარია, ირაკლი თავად იყო ისეთი ტიპი, რომლის მოსმენაც არ შეგრცხვებოდა. დიდ ყურადღებას აქცევდა სიმღერის ტექსტს, ჰქონდა მეამბოხე სული და, მოკლედ, ბილწთ არ ეკვროდა ზავითა.

თუმცა ამ ბოლო დროს ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ირაკლიმ პაპსავიკებთან ზავი დადო. ზავი დადო კი არა, ტყვედ ჩაბარდა კიდეც. ჯერ იყო და ქართული ესტრადის წარმომადგენლებთან ერთად რევოლუციისადმი მიძღვნილ სიმღერაში იმღერა, რომლის კლიპშიც პრეზიდენტი ჩანს ვარდებით ხელში და ქართული დროშა ფრიალებს. არადა, როკის წარმომადგენელს - თუ რაც ჰქვია, რა, მოკლედ, არაპაპსავიკს - ეპატიება რევოლუციის მხარდაჭერა, რევოლუცია ისეთი პანიკური მოვლენაა, მაგრამ არსებული ხელისუფლების ხოტბის შესხმა - არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის სათავეში, სულ რომ დავით აღმაშენებელი იყოს პრეზიდენტი და ილია ჭავჭავაძე პრემიერ-მინისტრი და ნინკო ნიკოლაძე ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაინც დიდი მინუსია.

შემდეგ ირაკლიმ გადაწყვიტა ლექს-სენთან ერთად ემღერა. ამის შემდეგ მაესტროს გადაცემა რეალურშიც უხვად წარმოჩნდა და ბოლოს მეფე დაირქვა. რატომ მეფე, ვერც ვერავინ გაიგო.


რა თქმა უნდა, ქართული ხარისხიანი მუსიკა “წვიმის მუსიკოსებით” და ირაკლი ჩარკვიანით არ შემოიფარგლება, უბრალოდ, ერთ გადაცემაში რამდენი გინდა ახსენო? ჰოდა, მოდი, უბრალოდ, ჩემი საყვარელი 5 ქართულენოვანი სიმღერის ჩამოთვლაზე გადავალ. იანგ ჯორჯიან ლოლიტასზე კი რომელიმე მომავალ გადაცემაში ვისაუბრებთ.


მეხუთე ადგილზე ჩემი საყვარელი ქართულენოვანი სიმღერების ჩარტში ბაკურ ბურდულია, სიმღერით “ფეთქავს”. რომ არა ეს სიმღერა და მისი კლიპი, ქართული მუსიკალური არხები 10-ჯერ უფრო ძნელი საყურებელი იქნებოდა. და თქვენ თუ გგონიათ, რომ ახლა ადვილია, მაგრამ გვიწევს, გვიწევს...

მეოთხე ადგილზეა გიგა მიქაბერიძის “ქალები”. გიგა მიქაბერიძეს ყოველთვის საინტერესო ტექსტები ჰქონდა ხოლმე, შეიძლება იმიტომაც, რომ პოეტ გაგა ნახუცრიშვილის ლექსებს იყენებდა ხშირად. დღეს გიგა ტექსტს ნაკლებად აქცევს ყურადღებას, ფალულალუა.

მესამეზეა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა “ერთად”. ვუდენ მანქის შემდეგ ეს სიმღერა მიყვარს ყველაზე უფრო. ვუდენ მანქის კი ირაკლი ინგლისურად მღერის და ამიტომაც ამ ჩარტში მისი ადგილი არ არის.

მეორე ადგილზე ჩემი ყველაზე საყვარელი ქართული ჯგუფი, აუტსაიდერია, სიმღერით “ფეხსაცმელი”. თუ ყველაზე უფრო ეს ჯგუფი გიყვარს, რატომ არის, აბა, მეორე ადგილზეო, მკითხავთ, რაზეც მე გიპასუხებთ მმმმმმ... ეს სიმღერების ჰიტ-აღლუმია და არა ჯგუფების-მეთქი.

და პირველ ადგილზეა “33ა”-ს “ხვალ ქარი”. ეს იმდენად მაგარი სიმღერაა, რომ თითქოს უაზრო ტექსტსაც კი აზრს სძენს: გუშინ ვიღაცა მოკლეს ისე, რომ არ ჰკითხეს მთვარეს. - რას ნიშნავს ეს? - რომ ეკითხა, ვითომ რას შეცვლიდა? მაგრამ იქ ზურნა- დუდუკი რომ ისმის და ნიაზიც ისე გულით მღერის, იფიქრებ: რა დრო მოვიდა! კაცის კვლის წინ მთვარეს აღარ ეკითხებიანო, გაფუჭდაო ხალხი. არ ვხუმრობ, მართლა ასეა.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG