Accessibility links

logo-print

ერაყს არჩევნების შემდეგ საერთაშორისო დახმარებას ჰპირდებიან


ერაყში კვირის საყოველთაო არჩევნების შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. ხმების დათვლა გრძელდება და კიდევ კვირაზე მეტი გასტანს, ვიდრე საბოლოო ოფიციალურ შედეგებს შევიტყობთ.

მაგრამ ერაყში არჩევნების ლეგიტიმურობას უკვე აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა: გაერომ, ევროკავშირმა და ნატომ, სწორედ ამ ლეგიტიმურობაზე მითითებით, ერაყს შესთავაზეს სხვადასხვა სახის დახმარება - მათს შორის ფინანსური დახმარება (ასობით მილიონი დოლარი). გარდა ამისა, ერაყს დახმარება აღუთქვეს ახალი კონსტიტუციის შექმნაში, უშიშროების ძალებისა და მოსამართლეების მომზადებაში. თუმცა, საიდუმლო არავისთვისაა, რომ ერაყის რეკონსტრუქციას აძნელებს და კიდევ გააძნელებს უშიშროების პრობლემები.

ერთი მაგალითი: უშიშროების მხრივ მძიმე ვითარების გამო ერაყში არჩევნებთან დაკავშირებით გაეროს სულ 40-კაციანი დელეგაცია მუშაობს. ასევე მოსალოდნელია, რომ ჩვეულზე უფრო მცირერიცხოვანი იქნება ერაყში გაეროს სამართლისა და პოლიტიკის ექსპერტების დელეგაცია - ბოლო 15 წლის მანძილზე ამ სფეროების ექპერტებმა წვლილი შეიტანეს არაერთი ქვეყნის, მათ შორის ნამიბიისა და აღმოსავლეთი ტიმორის კონსტიტუციების შექმნაში.

როგორც გაეროს პრეს-მდივანი, ფრედ ეკჰარდი ამბობს: [ეკჰარდის ხმა] “ბევრი ახალი სახელმწიფოსთვის შეგვითავაზებია დახმარება კონსტიტუციის დაწერაში. და გაეროს უშიშროების საბჭომ აღგვჭურვა უფლებამოსილებით, იგივე გავაკეთოთ ერაყისთვისაც, თუ ერაყის ხელისუფლება ასეთი თხოვნით მოგვმართავს. ჩვენ მათ რჩევას გავუწევდით კონსტიტუციის ყველა ასპექტში - პოლიტიკურ უფლებების, ადამიანის უფლებების საკითხებში”.

უშიშროების საბჭო, რომელიც გაეროს პრეს-მდივანმა ახსენა, შარშან ივნისში მიემხრო ერაყის დროებითი მთავრობისათვის ძალაუფლებისათვის ჩაბარებას და მიემხრო ასევე გაეროს საგანგებო უშიშროების ძალების შექმნას. დღემდე მართალია, ერთადერთი ქვეყნის - ფიჯის -წარმომადგენლები შედიან ამ უშიშროების ძალებში, მაგრამ მალე კიდევ ორი ქვეყნის წარმომადგენლები იზრუნებენ გაეროს მუშაკების უსაფრთხოებაზე - ეს ქვეყნები არიან რუმინეთი და საქართველო.

თუ ისევ არჩევნებს დავუბრუნდებით - ვარაუდობენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის არა 70-მდე პროცენტმა, როგორც თავდაპირველად ვარაუდობდნენ, არამედ 60-მა, ან კიდევ უფრო ნაკლებმა - 50-მა პროცენტმა. ამასთან, ამომრჩევლები განსაკუთრებით პასიური იყვნენ უმეტესწილად სუნიტი მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონებში.

სუნიტების წამყვანმა პარტიამ არჩევნებს ბოიკტოი გამოუცხადა. თუმცა, სუნიტია ერაყის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტიც - ღაზი იავარი - და მან დღეს იმედი გამოთქვა, რომ სუნიტური პარტიები მაინც გადაწყვეტენ, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში.

საგულისხმოა, რომ სუნიტების ისლამური პარტიის პრეს-მდივანმა (სწორედ იმ პარტიისა, რომელმაც უარი თქვა გასული კვირის არჩევნებში მონაწილეობაზე) ორაშაბათს თქვა, რომ მისი პარტია არ გამორიცხავს ერაყის ახალ მთავრობაში მონაწილეობას. ოღონდ, საამისოდ ორი საკითხია მოსაგვარებელი - გაირკვეს, როგორ მისცემენ სუნიტებს ძალაუფლების სამართლიან წილს და როდის წავლენ ერაყიდან უცხოელი სამხედროები.
XS
SM
MD
LG