Accessibility links

logo-print

ახალი და ძველი ტერორისტული აქტები საქართველოში


საქართველოში უკვე მიეცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია აფეთქებას, რომელიც გორის სამხარეო პოლიციის შენობასთან მოხდა და რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საქმე უსწრაფეს ვადაში გაიხსნება და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. ასეთივე იმედები გამოითქმებოდა წარსულში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებითაც, თუმცა არაერთ ტერაქტთან დაკავშირებული საქმე დარჩა ბურუსით მოცული.

“კარგად ორგანიზებული ტერორისტული აქტი” უწოდა გორის სამხარეო პოლიციის შენობასთან მომხდარ აფეთქებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი თქმით, ამ აფეთქების უკან უნდა იდგნენ ადამიანები, რომლებსაც ხელს არ აძლევთ საქართველოში მშვიდობა. კიდევ უფრო კონკრეტული მინიშნებები გააკეთეს პარლამენტარებმა. დეპუტატების გიგა ბოკერიასა დ მაია ნადირაძის აზრით, 1 თებერვლის აფეთქება არის რეაქცია პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივაზე - ინიციატივაზე, რომელიც სტრასბურგიდან ოსებისა და აფხაზების გასაგონად გახმიანდა.

[გიგა ბოკერიას ხმა] “ ეს არის საქართველოში მიმდინარე პროცესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, თუნდაც იმ სამშვიდობო ინიციატივის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც პრეზიდენტი გამოვიდა. “
[მაია ნადირაძის ხმა] “ ჩემი აზრით, ეს არის რეაქცია პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივაზე. “

ასეთ ვერსიას ადასტურებს ის, რომ აფეთქება კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მოხდა. როგორც უკვე ვთქვით, 1 თებერვლის ფაქტს უკვე მიეცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.

პირველ თებერვალს გორში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 3 დაღუპული და 10 - ზე მეტი დაჭრილი, მათგან 3 მძიმედ დაჭრილი - ასეთია იქ მომხდარი აფეთქების შედეგი. დაჭრილების მდგომარეობის თაობაზე კომენტარი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში გააკეთეს:

[ მინისტრის მოადგილის ხმა] “ 3 დაჭრილი გადმოგვყავს თბილისში. ერთი მოთავსდება ნეიროქირურგიულ კლინიკაში, 2 - თვალის კლინიკაში. სამივე საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას. სამივეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. აფეთქებისთანავე ადგილზე გაგზავნილ იქნენ სპეციალისტები. მობილიზებულ იქნა კატასტროფის მედიცინის სამსახური. “

გორში მომხდარისა და გორის მახლობელ კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესების განსახილველად 1 თებერვალს საღამოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრება გადაწყდა. უკანასკნელ ტერორისტულ აქტზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია მძაფრია. ის, მართლაც, ყველაფერს იღონებს ამ საქმის გასახსნელად, თუმცა საქართველოში არაერთ აფეთქებასთან დაკაშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე დარჩენილა გაუხსნელი. მაგალითად, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ თბილისის ცენტრში - საქტელერადიო კორპორაციის შენობასთან - მომხდარი ცნობილი ძლიერი აფეთქების საქმე. გაუხსნელი დარჩა ტელეკომპანია “რუსთავი - 2” -ის სტუდიაში ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის შეგდების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეც. ამ ტერორისტულ აქტებს, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ამას დანაშაული არ შეუმსუბუქებია. დამნაშავეების მიკვლევა შეუძლებელი გახდა. სამაგიეროდ, სამართალდამცავებმა შარშან გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ივაჟკაცეს და დააკავეს პიროვნება, რომელმაც, კვალის სახით, აფეთქების ადგილას მიხეილ სააკაშვილის სახელზე დაწერილი წერილი დატოვა.

გაუხსნელი დარჩა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ განხორციელებულ გახმაურებულ თავდასხმებთან დაკავშირებით აღძრული საქმეებიც. ვინ ისროლა ირინა სარიშვილ-ჭანტურიასა და ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილის საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, დღემდე უცნობია. უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გაერთიანების პროცესმა გაართულა იმ პასუხისმგებელი პირების მოძებნა, რომლებსაც ამ და სხვა საქმეებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება შეეძლოთ. დღეს ყველა პასუხისმგებელი პირი ახალი ტერაქტის გამოძიებით არის დაინტერესებული.
XS
SM
MD
LG