Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტრაბანდული საწვავი საქართველოში ისევ შემოაქვთ


დავით პაიჭაძე, თბილისი კონტრაბანდული საწვავის პრობლემა საქართველოში ისევ აქტუალურია. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებენ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირში.


1 თებერვალს კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა წარმოადგინა გათვლები, რომელთა თანახმად, საწვავის კონტრაბანდის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტმა შარშან 61 მილიონ ლარზე მეტი იზარალა. მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტი იქით იყოს: არანაკლებ საინტერესოა, რა გზებით შემოდის კონტრაბანდული საწვავი საქართველოში და რა მოელის ბენზინის ფასს.

2004 წელს დეკლარირებული საწვავის - ბენზინისა და დიზელის - წილი შესამჩნევად აღემატებოდა 2003 წლის იმავე მონაცემებს, თუმცა კონტრაბანდული საწვავიც დიდი რაოდენობით შემოდის ქვეყანაში, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირში. კონტრაბანდასთან კონკურენცია ძნელია, რადგან, მაგალითად, განბაჟებული ერთი ლიტრი დიზელი საშუალოდ 89 თეთრი ღირს, ხოლო განუბაჟებელი - 55 თეთრი. კონტრაბანდის შემოდინების ირიბ მტკიცებულებად იმპორტიორებს ისიც მიაჩნიათ, რომ დიზელის საწვავზე დღეს დეფიციტი არ არსებობს. კონტრაბანდის აღმოსაფხვრელად ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს საზღვრისა და შემოვლითი გზების კონტროლი მიაჩნიათ. იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ სამეგრელოდან და ერგნეთიდან კონტრაბანდა პრაქტიკულად აღარ შემოდის. ბოლო დროს გადაიკეტა კახეთის კონტრაბანდული გზები, რამაც რეგიონში არაბუნებრივად გააძვირა საწვავი, განსაკუთრებით დიზელი. ვითარებას კახეთში მოაწესრიგებს საწვავით ლეგალურ მოვაჭრეთა შესვლა. კონტრანაბდის ასპარეზად კი ქვემო ქართლი რჩება.

მაინც, როგორ შემოაქვთ დიზელი იმგვარად, რომ ის ქართველი მებაჟის მახვილ მზერას ეპარება? ვანო მთვრალაშვილი ამ გზას ასე აღწერს:

[მთვრალაშვილის ხმა] “ეს არის აპრობირებული მეთოდი: რუსული წარმოების სატრანსპორტო საშუალებებზე დაყენებულია 2, 3, 4-ტონიანი ბაკები საწვავისათვის. არაფრით არ შეიძლება საბჭოური წარმოების ტრანსპორტს ასეთი ბაკი ჰქონდეს. არ არსებობს არავითარი საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც ამას დაარეგულირებდა. ეს მანქანები დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადადიან და გადმოდიან საზღვარზე. მეორე საშუალებაა ირანული ტრანსპორტი, რომელიც თბილისზე ტრანზიტით მოძრაობს. მათ აქვთ 6, 7, 8, 9-ტონიანი ბაკები. სწორედ ასეთი ბაკებით შემოდის კონტრაბანდული ირანული დიზელი ჩვენს ქვეყანაში. თურქული ტრანსპორტი, რომელიც აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, თურქეთში მიდის. მათაც 7 ტონამდე ბაკები აქვთ.”

მოკლედ, სურათი ცხადია: ირანული სატვირთო მანქანა, დიზელით სავსე 9 ტონიანი ბაკით, გაივლის თბილისს, ჩავა, მაგალითად, ქუთაისში და დაბრუნდება ირანში. საამისოდ მას ნამდვილად არ სჭირდება 9 ტონა საწვავი, რომლის დიდ ნაწილს საქართველოში ტოვებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორები ამბობენ, რომ უნდა გამკაცრდეს კონტროლი პორტებშიც, სტატისტიკის დეპარტამენტმა აღნუსხოს, საერთოდ, რა რაოდენობის საწვავი იხარჯება ყოველთვიურად საქართველოში, ხოლო დიდი ტევადობის ბაკების მქონე მანქანებს საქართველოში შემოსვლისას საბაჟო დეპარტამენტმა აღურიცხოს, რამდენი ბენზინი თუ დიზელი უსხია ბაკში. საამისოდ სპეციალური ხელსაწყო არსებობს.

იმპორტიორთა მტკიცებით, კონტრაბანდა ვერ შემოვა, საწვავის უცხოელ შემომტანებთან ქართველი ბიზნესმენები და კომპანიები რომ არ იყვნენ კავშირში. ვანო მთვრალაშვილის თქმით:

[მთვრალაშვილის ხმა] “არ არის გამორიცხული, იმავე ჩვენი კავშირის წევრებიც იყვნენ მათ შორის.”

რაც შეეხება საწვავის ფასს, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ იობაშვილმა განმარტა, ის გაიზარდა 2 თეთრით, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების შედეგად. მკვეთრი, მინიმუმ 40-თეთრიანი, ზრდა არ მოხდა, რადგან საქართველომ ერთი წლით გადასწია იმ ნორმატიული აქტების ამოქმედების ვადა, რომელთა თანახმად ქვეყანაში მხოლოდ ხარისხიანი ევროპული საწვავი უნდა შემოსულიყო და უარი გვეთქვა აზერბაიჯანულ, ბულგარულ და რუმინულ ბენზინზე. ასე რომ მოხდეს, ხარისხიან იტალიურ და ესპანურ საწვავს ათასობით რუსული მანქანის მფლობელი ვერ გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG