Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილმა ადამიანებმა ახალი ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამის პროპაგანდა დაიწყეს


საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადდა ახალი ქართულ-ამერიკული სამხედრო პროგრამის დაწყება, პროგრამისა, რომელმაც “სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციისათვის”

3000-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე უნდა გაწვრთნას. სამშაბათს დილიდან სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი ცნობილი მომღერლები და ტელეჟურნალისტები თბილისის მოსახლეობაში სპეციალურ ბუკლეტებს არიგებდენენ და ახალგაზრდებს ამ პროგრამაში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, როგორც გაირკვა, ახალ პროგრამაში მონაწილე ძირითადი კონტინგენტი უკვე დაკომპლექტებულია და კარანტინსაც გადის კრწანისის სასწავლო პოლიგონზე.


სააგიტაციო რაზმები, რომლებშიც “კომანდოს” ბატალიონის წევრები და თავდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული ცნობილი მომღერლები და ტელეჟურნალისტები შედიოდნენ, თბილისის ხალხმრავალ ადგილებში დილიდანვე ავრცელებდნენ სპეციალურ ბუკლეტებს და ხალხს უხსნიდნენ, თუ რაოდენ პრესტიჟულია ახალ პროგრამაში გაწევრიანება. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის კორესპონდენტი თენგიზ გოგოტიშვილი, რომელსაც სხვადასხვა კონფლიქტებში მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს, ამ მისიას დიდი მონდომებით ასრულებდა.
[თენგიზ გოგოტიშვილის ხმა] “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა როგორც ჩატარდა, მოკლედ, “კომანდოს” პროგრამა რაც იყო, აი, ის არის. ოღონდ ახალი.”

შედარებით მოკრძალებულად არიგებდა ბროშურებს სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი ახალბედა მომღერალი მარიკა თხელიძე. 12 წლის წინ მარიკას მამა აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, დაიღუპა და მარიკა ფიქრობს, რომ ასეთი ფორმით იგი ქართული ჯარის გვერდით დგომას გამოხატავს:

[მარიკა თხელიძის ხმა] “ქართული ჯარის გვერდით ვდგავართ, ჩვენი ქართული ჯარის გვერდით, და ასეთი სახის ბუკლეტებს ვარიგებთ ხალხში, სადაც ლაპარაკია ამერიკულ პროგრამაში გაწევრიანებაზე, მე როგორც ვიცი.”

ცნობილი მომღერლის, ტელეჟურნალისტისა და ლამაზ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ქართველი “კომანდოსების” გვერდით მალე ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. ერთი ნაწილი ცდილობდა ცნობილ ადამიანებამდე საკუთარი გულისტკივილი მიეტანა:

[მოქალაქეების ხმა] “ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სამშვიდობოდან ათავისუფლებენ 25 წლის ბიჭს, უფროს ლეიტენანტს, სპორტსმენს და მოჭიდავეს, და ეს როგორ შეიძლება?”/ “გააუქმეს პატარა ბავშვის სასწავლებელი, აი, ის, კადეტთა კორპუსი რომ იყო. პატარა ბავშვი ხომ უნდა გაიზარდოს, არა? ქართული ჯარის, საქართველოს სიყვარული ხომ თავიდანვე უნდა ისწავლოს, არა?”

სხვები კი მადლიერებით იღებდნენ სააგიტაციო ბროშურებს, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ელიტურ პროგრამაში გაწევრიანების პირობები: მაღალი ანაზღაურება, სრულფასოვანი კვება და უფასო სამედიცინო მომსახურება.

[მოქალქეების ხმები] “რატომაც არ წავალ? საქართველოს მომსახურება ეს ჩემი მომსახურებაა და შეიძლება წავიდე.”/”ყოველი ჩვენგანის ვალდებულებაა, მე ასე ვიტყოდი. ძალიან მაქვს სურვილი, სხვათა შორის, საქართველოს სიყვარულით.” (სტილი დაცულია)

თუმცა ძნელი სათქმელია, ამ მოქალაქეებიდან რამდენ პროცენტს აქვს შანსი მოხვდეს ახალ ქართულ-ამერიკულ პროგრამაში, სადაც შერჩევის უმკაცრესი კრიტერიუმია. თანაც, როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, პროგრამაში მონაწილე კონტინგენტის ძირითადი ნაწილი თითქმის დაკომპლექტებულია და ე.წ. კარანტინიც გაუვლიათ:

[ლევან ნიკოლეიშვილის ხმა] “ფაქტობრივად, შერჩეულია, მაგრამ კიდევ უფრო ჩვენ გვინდა დამატებით მივიზიდოთ ძალები, რომლებიც ასევე შეავსებენ კავშირგაბმულობის, საინჟინრო და დაზვერვის ქვედანაყოფებს როგორც პირველ, ისე მეორე ბრიგადაში.”(სტილი დაცულია)

წინა ქართულ-ამერიკული - “წვრთნისა და აღჭურვის” -პროგრამით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს სამხედრო უწყებას ყოველგვარი სანახაობებისა და სააგიტაციო ბარათების გარეშეც არ გასჭირვებია დაეკომპლექტებინა პროფესიული სამხედრო ნაწილები, სადაც მაღალი ანაზღაურება, ნორმალური კვება, კარგი საყოფაცხოვრებო პირობები და სათანადო სამედიცინო დახმარება არსებობს. საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის უჭირდა და უჭირს მოქალაქეთა გაწვევა საყოველთაო სავალდებულო სამსახურში, სადაც ჯარისკაცს ხუთლარიანი ხელფასი და არასრულფასოვანი კვება აქვს. ძნელი სათქმელია, რამდენად ნაყოფიერად გაუწევენ პოპულარიზებას ქართველი ტელეჟურნალისტები და მომღერლები ასეთი ზარ-ზეიმით ახალ საგაზაფხულო გაწვევის კომპანიას, რომელიც საქართველოში 15 თებერვალს იწყება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG