Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად


გორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

გორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. აფეთქება დღის ორის ნახევარზე, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან მოხდა. ექსპერტთა ცნობით, ბოროტმოქმედებმა 100 კილოგრამამდე ტროტილისა და პლასტიკური ნივთიერების ნარევი გამოიყენეს. ასაფეთქებელი ნივთიერება პოლიციის შენობასთან გაჩერებულ მსუბუქ ავტომანქანაში იყო ჩადებული. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: [სააკაშვილის ხმა]: "დღეს გორის ცენტრში დატრიალდა ტრაგედია, დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები. ჩვენ მომხდარს განვიხილავთ ერთმნიშვნელოვნად, როგორც პოლიტიკური მიმართულების მქონე ტერორისტულ აქტს, რომელსაც აქვს ძალიან შორს მიმავალი მიზნები." მსგავსი შეფასება მისცა ტერაქტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმაც.
[ოქრუაშვილის ხმა]: "ეს არის იმ ადამიანების მოწყობილი - მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, - ვისაც არ უნდა, რომ საქართველოში იყოს სიმშვიდე და წესრიგი, და ქვეყანა განვითარდეს. და ამას თავისი კონკრეტული ადრესატები ჰყავს." საქართველოს პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ ტერაქტი საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიგეგმა.
[მერაბიშვილის ხმა]: "ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტერორისტული აქტი განხორციელდა ქართული კრიმინალური დაჯგუფებების ან ოსეთში მოქმედი ეთნიკურად ოსური დაჯგუფებების მიერ; და დიდი ალბათობაა, რომ ეს ტერორისტული აქტი დაგეგმილ და განხორციელებულ იქნა საქართველოს საზღვრებს მიღმა." ასეთივე ვარაუდი გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმაც. გორში განხორციელებულ ტერაქტს საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკავშირებს პრეზიდენტის მიერ გასულ კვირაში სტრასბურგში გამოთქმულ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებას ისახავს მიზნად. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გამოსვლისას, უარყო ეს ვერსია და აღნიშნა, რომ ტერაქტი სტრასბურგში სააკაშვილის გამოსვლამდე გაცილებით უფრო ადრე დაიგეგმა.
XS
SM
MD
LG