Accessibility links

კომპანია ''თელასი'' საბიუჯეტო ორგანიზაციებს დენის შეწყვეტით ემუქრება


როდის დაძლევს საქართველო ენერგოკრიზისს? - ამ, ერთი შეხედვით, ურთულეს კითხვაზე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მოკლე და საკმაოდ ოპტიმისტური პასუხი აქვს:

ერთ წელიწადში! მაგრამ ვიდრე სამამულო ენერგეტიკაში რევოლუციური ცვლილებები არ მომხდარა, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს უდენობის გამო სიბნელეში არაერთი ღამის გატარება მოუწევთ. თუმცა ენერგეტიკოსები ირწმუნებიან, რომ ხშირ შემთხვევაში მთელი რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დასახლებული პუნქტების ჩაბნელების მიზეზი საფასურის გადაუხდელობაა და არა დენის დეფიციტი. სამაგალითოდ თუნდაც კომპანია “თელასის” მიერ გამოქვეყნებული ურჩი გადამხდელების სია გამოდგება, რომელშიც, როგორც წესი, საბიუჯეტო ორგანიზაციები ჭარბობენ.

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, ტექნიკური და სახელმწიფო უნივერსიტეტები, იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე ობიექტი - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სახელმწიფო ორგანიზაციებისა, რომლებსაც თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია “თელასი” დენის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. კომპანიის წარმომადგენელი ბექა ბარამიძე აცხადებს, რომ დედაქალაქს საჭირო რაოდენობის ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. შავ სიაში კი, გამონაკლისის გარეშე, მხოლოდ ურჩი გადამხდელები არიან შეტანილი.

[ბექა ბარამიძის ხმა] “აქ, როგორც წესი, ამართლებს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი სანქციები, გამაფრთხილებელი გამორთვები ან საჯაროდ გაცხადებული რეალობა, რომ მათ აქვთ დავალიანება და ისინი არ იხდიან და გათიშვა ემუქრებათ. ბოლო ერთი წლის გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მეთოდი ამართლებს.”

ჯამში, საბიუჯეტო ორგანიზაციების დავალიანება ექვს-ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. ყველაზე მეტი - 110 ათასი ლარი - თავდაცვის სამინისტროს მართებს. მოვალეთა შორის არის საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, რომელმაც “თელასს” 50 ათასი ლარის გადახდა დაუგვიანა. დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლელა მჭედლიძე განმარტავს, რომ მესაზღვრეებისათვის დენის მიწოდების შეწყვეტა სახელმწიფო საზღვრის კონტროლის პარალიზებას გამოიწვევს.

[ლელა მჭედლიძის ხმა] “თუ გაითიშა მართვის ცენტრი, სადაც ოპერატიულად შედის მონაცემები სასაზღვრო პუნქტებიდან, ჩათვალე, რომ კაციშვილი ვერ გაიგებს რა ხდება, თუ ხანგრძლივი ვადით გაითიშა ეს ცენტრი, იმიტომ რომ ყველაფერი მუშაობს დენზე.”

საბიუჯეტო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ “თელასის” დავალიანებას უახლოეს საათებში დაფარავენ, რომ ბიუჯეტიდან საჭირო ოდენობის თანხა უკვე გამოყოფილია. თბილისისაგან განსხვავებით, შედარებით რთულადმოსაგვარებელია ის ენერგეტიკული პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში ჩაბნელებული რეგიონების ოცდაოთხსაათიანი განათების საშუალებას არ იძლევა. გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი ავთანდილ დვალიშვილი ყველაზე დიდ პრობლემად დენის აღურიცხავ მოხმარებას მიიჩნევს:

[ავთანდილ დვალიშვილის ხმა] “ეს გამრიცხველიანება, როგორც თელასმა გააკეთა თავის დროზე, ჩვენ რომ დავიწყოთ, ამას ძალიან დიდი თანხები სჭირდება. გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია არის სახელმწიფო კომპანია, რომელსაც მართავს “პი-აი-კონსალტინგი” დროებით, ორი წლით. სახელმწიფოს, სამწუხაროდ, არ გააჩნია სახსრები, რომ ასეთი კოლოსალური თანხები ჩადოს…”პი-აი-კონსალტინგს” რაც შეეხება, ის არ არის ინვესტორი, მან უნდა ტენდერისთვის კომპანია მოამზადოს.”

ავთანდილ დვალიშვილის თქმით, გადახდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურიასა და სამეგრელოშია, რის გამოც, ყველაზე დიდხანს სიბნელეში სწორედ ამ მხარეში მცხოვრებ ადამიანებს უწევთ ყოფნა. ძნელი სათქმელია, დაამშვიდებთ თუ არა მათ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ნათქვამი, რომ საქართველო ენერგოკრიზისს ერთ წელიწადში დააღწევს თავს.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “დაახლოებით 90 მლნ დოლარის დაბანდება დაგვჭირდება ჩვენ, ანუ ენერგოდეფიციტის პრობლემას საქართველოში ამ წლის ბოლომდე დავხურავთ.”

თუმცა მანამდე მთავრობამ პრივატიზების პროცესის წარმატებით დასრულება უნდა შეძლოს. ცნობისათვის: ხელისუფლება პრივატიზებიდან 550 მილიონი დოლარის მიღებას ვარაუდობს. პრემიერ-მინისტრის გეგმის თანახმად კი, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - დაახლოებით 90 მილიონი დოლარი -გენერაციის ობიექტთა პოტენციალის 700 მეგავატით გაზრდას მოხმარდება. ასე რომ, რეგიონებს ჯერჯერობით, სინათლის ნაცვლად, ნათელი მომავლის ზმანებით შეუძლიათ ინუგეშონ თავი.
XS
SM
MD
LG