Accessibility links

logo-print

ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო დავების განხილვის საბჭო შეიქმნა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ახალი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო ქმნის დავების განხილვის საბჭოს,

რომელიც, სასამართლოსა და დამოუკიდებელი არბიტრაჟის მსგავსად, საგადასახადო დავების განხილვის ფუნქციით აღიჭურვება. რას წარმოადგენს ახალი საბჭო და რამდენად ეფექტური იქნება მისი ფუნქციები?

ფინანსთა სამინისტროში დავების განხილვის საბჭო შეიქმნა. ახალი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნიდან გამომდინარე, საბჭოს შექმნა ფინანსთა სამინისტროსთან წარმოქმნილი საგადასახადო დავების განხილვის აუცილებლობამ განაპირობა. კოდექსის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ფინანსთა სამინისტროში შემავალ საგადასახადო დეპარტამენტის წინააღმდეგ დავა ფინანსთა სამინისტროშივე წამოიწყოს ან არბიტრაჟს და სასამართლოს მიმართოს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საბჭოს თავმჯდომარედ ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაინიშნა, საბჭოს წევრებად შევიდნენ: მინისტრის მოადგილეები, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ეკონომიკური განვითარებისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი. მიუხედავად იმისა, რომ
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება პარლამენტარებსაც ეთხოვათ, ამ ორგანოს შემადგენლობა თითქმის მთლიანად იმ ჩინოვნიკებით დაკომპლექტდა, რომელთა მიმართაც უჩნდება, ძირითადად, ბიზნესს პრეტენზიები. ანუ თუ თქვენ, როგორც გადასახადის გადამხდელს, გიჩნდებათ ეჭვი, რომ სახელმწიფომ რაღაც არასწორად გადაგახდევინათ, დავის გადაწყვეტისათვის ისევ იმ ადამიანებს უნდა შესჩივლოთ, რომელთა მიმართაც პრეტენზიები გაქვთ. ფინანსთა სამინისტროსა ან სხვა რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში აღნიშნული საბჭოს ფუნქციონირების წინააღმდეგ ჯერ კიდევ კოდექსის განხილვის პროცესში გამოდიოდნენ ექსპერტები, მაგრამ კანონიდან ამ მუხლის ამოღება ვერ მოხერხდა. ექსპერტი გია ჯანდიერი ფიქრობს, რომ ამ საბჭოს მუშაობა ვერ იქნება ეფექტური, ყოველ შემთხვევაში, ბიზნესის ინტერესებს ეს ორგანო ვერ დაიცავს:

[გიორგი ჯანდიერის ხმა] ”სამინისტროები ზოგადად პოლიტიკური ორგანოებია. მათ უნდა აკეთონ პოლიტიკური საქმე, პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მოამზადონ და ა.შ. ამიტომ მის შიგნით არსებული საბჭო იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები საბჭო, რაც არ უნდა ერქვას მას. აქედან გამომდინარე, ვერ ასცდება ასეთი საბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და მისი საქმიანობა ვერ იქნება ეფექტური.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, სამეურნეო სუბიექტებსა და გადასახადის გადამხდელებს კოდექსი მაინც უტოვებს დავების მოწესრიგების ალტერნატიულ გზებს. კანონის მიხედვით, ამ ტიპის პრობლემების მოგვარება შესაძლებელია როგორც ტრადიციული სასამართლოს გზით, ისე დამოუკიდებელი არბიტრაჟის საშუალებით. ეს უკანასკნელი საგადასახადო კოდექსის ნოვაციას წარმოადგენს, თუმცა გიორგი ჯანდიერს მიაჩნია, რომ არბიტრაჟთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვის ნიშნები:

[გიორგი ჯანდიერის ხმა] ”არბიტრაჟს რაც შეეხება, მისი ნაწილი საკმაოდ დასახვეწია და ასე ადვილად ვერც ის იმუშავებს. ამიტომ შესაძლებელია მოქალაქეს, ბიზნესმენს, გადასახადის გადამხდელს და მეორე მხარესაც - ფინანსთა სამინისტროს - ხელში შერჩეს ისევ ის ძველი, მოუქნელი და არაეფექტური სასამართლო.” (სტილი დაცულია)

ამდენად, თუ ბიზნესმენს ან გადასახადის გადამხდელს უსამართლოდ დაჩაგრავენ, ახალი კოდექსი მას აპელაციისათვის ფორმალურად საკმაო არჩევანს უტოვებს, თუმცა ეს - ფორმალურად. ექსპერტები შიშობენ, რომ დამოუკიდებელი და მაღალპროფესიული სასამართლოს გარეშე ამ ორგანოებში ბიზნესის ინტერესების დაცვა მაინც გაძნელდება.
XS
SM
MD
LG