Accessibility links

logo-print

შესაძლებელია თუ არა ''ხავერდოვანი რევოლუციების'' განხორციელება შუა აზიის ქვეყნებში?


საქართველოსა და უკრაინაში ბოლო ხანს მომხდარი მოვლენების შემდეგ ხშირად გაიგონებთ შეკითხვებს: რა გავლენა შეიძლება იქონიოს "ვარდებისა" და "ნარინჯისფერმა" რევოლუციებმა

სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე? რამდენად მყარად სხედან თავიანთ სავარძლებში, ვთქვათ, შუა აზიის სახელმწიფოების ავტორიტარი მმართველები? შესაძლებელია თუ არა "ხავერდოვანი რევოლუციების" განხორციელება ყირგიზეთში ან, მაგალითად, უზბეკეთში?

2005 წელი შუა აზიის ქვეყნებისთვის საპარლამენტო არჩევნების წელია. უზბეკეთსა და თურქმენეთში ეს არჩევნები უკვე ჩატარდა, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში - მიმდინარე თვეში ჩატარდება, ხოლო ყაზახეთში კენჭისყრა სექტემბრისთვის არის დანიშნული. მაგრამ არჩევნების ასეთი მოზღვავების მიუხედავად, ნაადრევი იქნებოდა საუბარი სერიოზულ წარმატებებზე ამ სახელმწიფოთა დემოკრატიულ განვითარებაში. იქ კვლავინდებურად ჩვეულ ამბად ითვლება კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაშინება-შევიწროება, ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადება...

რამდენად რეალურია, ამ მხრივ ვითარება ახლო მომავალში შეიცვალოს? ამ კითხვით რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ბრეფნი ო'რურკმა ექსპერტებს მიმართა. ვასილ ჰუდაკი, პრაღის აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, ფიქრობს, რომ დიახაც შესაძლებელია:

[ვასილ ჰუდაკის ხმა] "ეჭვგარეშეა, რომ უკრაინასა და საქართველოში მომხდარი ცვლილებები წამახალისებლად იმოქმედებს შუა აზიის ქვეყნების ოპოზიციურ ძალებსა თუ დამოუკიდებელ მოძრაობებზე. ამ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით ყირგიზეთში, აშკარად შეინიშნება პროდემოკრატიული და დამოუკიდებლობის მომხრე ძალების მოღონიერება."

ვასილ ჰუდაკის თქმით, რეგიონის ავტორიტარული რეჟიმები გრძნობენ მოახლოებულ ხიფათს და შესაბამის ზომებსაც მიმართავენ.

[ვასილ ჰუდაკის ხმა] "ამ ქვეყნების სამთავრობო ეშელონებში თანდათან იზრდება შეშფოთების ხარისხი, რადგან ლიდერები ხედავენ, რომ შეიძლება დაკარგონ კონტროლი სიტუაციაზე, წინ ვეღარ აღუდგნენ მოვლენათა ამგვარ განვითარებას. უკრაინა და საქართველო ასეთი სიტუაციის საუცხოო მაგალითებად გამოდგება."

ამ თემაზე უკვე დაუფარავად ილაპარაკეს უზბეკეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა. ისლამ ქარიმოვმა თანამემამულე პარლამენტარებს უთხრა, ჩვენს მთავრობას საკმარისი ძალა მოეპოვება საიმისოდ, რათა უზბეკეთში არ დაუშვას უკრაინის მსგავსი ამბოხიო. თავის მხრივ, ასკარ აყაევმა რუსეთის "ნეზავისიმაია გაზეტას" კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, ის, ვინც ყირგიზეთში "ხავერდოვანი რევოლუციის" მოხდენას ცდილობს, სინამდვილეში სამოქალაქო ომს აჩაღებსო.

მეორე ექსპერტი, რომელსაც რადიო "თავისუფლება" ესაუბრა, გახლავთ ალექს ვატანკა, ჯეინის სტრატეგიული საინფორმაციო სამსახურის ანალიტიკოსი. იგი არ ეთანხმება ვასილ ჰუდაკს და ამბობს, რომ უკრაინისა და საქართველოს მოვლენებს შუა აზიის რეგიონში არსებულ სიტუაციასთან ბევრი არაფერი აქვთ საერთო; თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ შუააზიელ მმართველებს გაცილებით უფრო მყარად უპყრიათ ხელთ ქვეყნის მართვის სადავეები, ვიდრე ლეონიდ კუჩმასა და ედუარდ შევარდნაძეს ეპყრათ.

ვატანკას უაღრესად მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც რევოლუციებს წინ უძღოდა განხეთქილება თვით მმართველ ძალებში, რასაც - თუ უმნიშვნელო გამონაკლისებს არ ჩავთვლით - ვერ ვიტყვით შუა აზიის ქვეყნებზე.

[ალექს ვატანკას ხმა] "შუა აზიის ქვეყნების მმართველ ძალებში არ შეინიშნება ისეთივე მობილიზაცია, იქ სერიოზული განხეთქილება არ მომხდარა."

ალექს ვატანკა დასძენს, რომ შეუძლებელია, ერთმანეთს შეადარო საქართველოსა და უკრაინაში რევოლუციის წინ შექმნილი სიტუაცია და ვითარება, რომელიც დღეს ნურსულთან ნაზარბაევის თურქმენეთში სუფევს.
XS
SM
MD
LG