Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსულმანი ქალების სხვა სახე: სტერეოტიპების ნგრევა ფოტოხელოვნების გზით


გასულ კვირაში რადიო "თავისუფლების" პრაღის შტაბ-ბინაში ჩეხეთის სამოქალაქო გაერთიანება "ბერკატის" მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა გაიხსნა.

გამოფენა ჩეხი ფოტოგრაფი ქალის, ივა ზიმოვას ნამუშევრებს დაეთმო და "უკეთესი მომავლის იმედით ცხოვრების" სახელით გაიმართა. როგორც კედლებზე გამოკრული სარეკლამო განცხადებები იუწყებოდა, გამოფენა მიზნად იმ ნეგატიური შეხედულებების და მითების მსხვრევას ისახავდა, რომელიც საზოგადოებას სამ ისლამურ რეგიონში - ავღანეთში, ჩეჩნეთსა და ერაყში - მცხოვრები ქალების მიმართ გააჩნია. ყოველკვირეული რუბრიკა ’სხვა სახის’ ავტორი, სალომე ასათიანი, გამოფენის გახსნას დაესწრო და იმის გარკვევას შეეცადა, თუ რამდენად შესძლო აქციამ მუსულმანი ქალების სხვა, სტერეოტიპისგან განსხვავებული, სახის წარმოჩინება:

[სიმღერის ხმა]

ამ რუსულ სიმღერას ჩეჩნეთიდან ჩეხეთში ლტოლვილის სტატუსით ჩამოსული ქალი, ელიზავეტა კარტოევა ჟურნალისტებს, მენეჯმენტის წარმომადგენლებს და სტუმრებს 27 იანვარს, რადიო თავისუფლების პრაღის ოფისში უმღეროდა. იმ დღეს ოფისში გაიხსნა ჩეხი ფოტოგრაფი ქალის, ივა ზიმოვას ნამუშევრების გამოფენა, რომელიც, თავის მხრივ, სამოქალაქო ორგანიზაცია ’ბერკატის’ მიერ ორგანიზებული მოძრავი გამოფენის ნაწილი იყო. ’ბერკატი’ ჩეხეთში 2001 წლიდან არსებობს და ჩეჩნეთისა და ავღანეთის მოსახლეობას უწევს დახმარებას. ამ კონკრეტული გამოფენით კი ბერკატის წარმოადგენლებს იმ ნეგატიური სტერეოტიპების დანგრევა სურდათ, რომელიც დასავლელ საზოგადოებას სამ ისლამურ რეგიონში - ავღანეთში, ჩეჩნეთში და ერაყში - მცხოვრები ქალების მიმართ გააჩნია.

[სიმღერის ხმა]

ელიზავეტა კარტოევას სიმღერებით შექმნილი მუსიკალური ფონი სევდის და, თუ გნებავთ, გულწრფელი სისადავის ელფერს მატებდა გამოფენის გახსნას, სადაც აუდიტორია ისეთ რთულ საკითხებზე მსჯელობდა, როგორიცაა რას ნიშნავს, იყო ქალი? რას ნიშნავს იყო ქალი ისლამურ ქვეყანაში? რას ნიშნავს იყო ქალი ავღანეთში, ჩეჩნეთსა და ერაყში? მსჯელობდა იმაზეც, რომ გეოგრაფიული სიშორის და კულტურული სხვაობების გამო, დასავლეთში მცხოვრებ ადამიანებს ხშირად აღმოსავლელ ქალებზე სტერეოტიპული და სწორხაზოვანი წარმოდგენები აქვთ.

გამოფენის გახსნაზე ისიც ითქვა, რომ ივა ზიმოვას ფოტოები დასავლელ აუდიტორიას ავღანელი, ჩეჩენი და ერაყელი ქალების ცხოვრების ’შიგნიდან’ დანახვის შანსს აძლევს. და მართლაც, ამ სამი ქვეყნის ქალები ზიმოვას შავ-თეთრ ფოტოებზე ყოველდღიურ ყოფაში არიან ასახული - სახლში, ლტოლვილთა ბანაკში, მიწაზე მუშაობისას, ლოცვის დროს, გაზის რიგში, დემონსტრაციაზე თუ სკოლაში. თითქმის ყველა ფოტო ინტენსიური ემოციით გადმოსცემს ამ ქალების ყოველდღიურ ბრძოლას გადარჩენისთვის, მათი გაჭირვებასა და სირთულეებს. და როგორც საკუთრივ ფოტოების ავტორისგან შევიტყვე, ეს მისი გამიზნული სტრატეგია იყო:

[ივა ზიმოვას ხმა]: "საშინლად ვბრაზდები, როდესაც დასავლეთში ყველა ჩადრზე და ბურკაზე ლაპარაკობს: ’შეხედეთ იმ ქალებს! მთელი სხეული უნდა დაიფარონ!’ სინამდვილეში, ეს ყველაზე ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს. მათ სამედიცინო პრობლემები აქვთ, გზების მდგომარეობის გამო სოფლებიდან ხალხი საავადმყოფოებში ვერ ჩადის, განათლების პრობლემაა. ამ საკითხების შესახებ უნდა ვფიქრობდეთ და ვეხმარებოდეთ იმ ხალხს. ბურკა ყველაზე უმნიშვნელო რამაა."

თუმცა ისიც ფაქტია, რომ ფოტოების ავტორის სურვილის მიუხედავად, დასავლელი და აღმოსავლელი ქალების ყველაზე თვალშისაცემი სხვაობის - ჩადრის - აქცენტირებას ვერც ამ გამოფენის გახსნაზე გავექეცით. ჩადრი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გახსნაზე შემდგარ მოკლე დისკუსიაში; იქვე მაგიდაზე ჩადრის ნაირსახეობა, ბურკა იდო - რომელიც ქალის სხეულს თავიდან ფეხებამდე ფარავს. და ამ მწვანე ფერის ბურკას გამოფენის სტუმრები რიგრიგობით ირგებდნენ იმისათვის, რომ გაეგოთ, რა შეგრძნებებს ბადებდა მისი ტარება.

ალბათ ეს ლოგიკურიც იყო - ჩადრი ხომ აღმოსავლელი ქალის განსხვავებულობის, მისი ’უცხოს’ სტატუსის მთავარი სიმბოლოა; და ალბათ მართლაც საინტერესოა იმის თუნდაც რამდენიმე წუთით გაგება, თუ რა შეგრძნებებით ცხოვრობს ეს უცხო. თუმცა როგორც ფოტოების ავტორმა, ივა ზიმოვამ მითხრა, ავღანელი, ერაყელი და ჩეჩენი ქალები მისთვის ’უცხოები’ არასოდეს ყოფილან:

[ზიმოვას ხმა]: "ხელზე ხელს კიდებ; მათ გვერდით ზიხარ. ბევრის თქმა არც გჭირდება. ქალები ჭკვიანები არიან, ჩემი აზრით, მამაკაცებზე მეტადაც. ქალებს უბრალოდ შეგვიძლია ერთმანეთს შევხედოთ და იმის მიუხედავად, რომ მე მათი ენა არ ვიცი, ერთმანეთის გვესმის. მამაკაცებმა ეს არ იციან. ჩვენ ქალების ვართ და სულერთია, ის მუსულმანია, მე ჩეხი ვარ თუ კანადელი - ჩვენ ერთმანეთის გვესმის."

ამ ურთიერთგაგების მაგალითად ფოტოგრაფმა შემდეგი შემთხვევა გაიხსენა:

[ზიმოვას ხმა]: "ქაბულში ერთხელ ქალი დავინახე, რომელიც მანქანას მართავდა. მე ოდნავ შესამჩნევად, ცერის აწევით ვანიშნე, ყოჩაღ-მეთქი. მანაც ოდნავ გაიღიმა და ეს საკმარისი იყო - მე ვიცოდი, რომ ის ბედნიერია, და რომ ის ნელნელა თავისუფლებას აღწევს. ავღანეთში ქალებს მართლაც თანდათანობით უწევთ გათავისუფლებისთვის ბრძოლა - სხვაგვარად არ გამოდის. ჩეჩნეთში სხვაგვარადაა - ოჯახს იქაც მამაკაცი არჩენს; მაგრამ ქალი სახლში ყოველთვის ძლიერია."

როდესაც გამოფენის გახსნის ცერემონია დასასრულისკენ წავიდა, და ჩეჩნეთიდან ჩეხეთში ლტოლვილად ჩამოსულმა ქალმა, ელიზავეტა კარტოევამ ბოლო სიმღერაც შეასრულა, მას გამოველაპარაკე და რამდენიმე შეკითხვა დავუსვი. ელიზავეტამ მითხრა, რომ თვითონ წარმოშობით ინგუშია, და ჩეხეთში ერთი წელია რაც ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს; რომ გიტარაზე დაკვრა და სიმღერა სტუდენტობის პერიოდში ისწავლა - და რომ მის რეპერტუარში ბუბა კიკაბიძის სიმღერებიც შედის. გროზნოში გატარებული წლები ელიზავეტამ ასე გაიხსენა:

[კარტოევას ხმა]: "იქ ცხოვრება შეუძლებელია, იმიტომ რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება რაღაც დაგემართოს. ნიღბებში დადიან, არც იცი რუსია თუ ჩეჩენი. მათგან გაქცევისას ერთხელ ხელი მოვიტეხე - ბინაში არავინ იყო, და კარებზე ბრახუნი ატეხეს. არ ვიცი, ვინ იყვნენ - მარტო კაცების ლაპარაკი მესმოდა. შეეძლოთ კარები შემოემტვრიათ; შემეშინდა, რომ ისე მომკლავდნენ, ვერავინ გაიგებდა რა დამემართა - და ვერც ერთი ჩემი ნათესავი ვერც სამაგიეროს გადაუხდიდა მათ ჩემი მოკვლისთვის. შიშისგან აივნიდან გადავხტი და ხელი მოვიტეხე."

ელიზავეტა კარტოევას თქმით, იგი ძალიან მადლიერია ჩეხი ხალხის, და კონკრეტულად იმ ადამიანების, ვინც ლტოლვილთა ბანაკში მუშაობს - ვინაიდან ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩეჩნეთიდან ჩამოსულ ლტოლვილებს ემოციური კომფორტი შეუქმნან. და შესაძლოა ის ფოტოგამოფენაც, რომლის შესახებაც ამ სიუჟეტში გესაუბრეთ, სწორედ ასეთი დამოკიდებულების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ცხადია, წლების მანძილზე დაგროვილი სტერეოტიპები ცალკეული გამოფენებით ვერ დაინგრევა; მაგრამ გაჭირვებაში მყოფი უცხოს მიმართ თანაგრძნობის გაღვივებაც ალბათ თავისთავად მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG