Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირები მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მასშტაბურ გამაფრთხილებელ აქციას აწყობენ


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი “მოგვეცით სამუშაო”, “უმუშევრობა გენოციდის ტოლფასია” - ასეთი შინაარსის ტრანსპარანტებით გამოვიდნენ დღეს პენსიონერები

და რეფორმების შედეგად სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ორი ათასამდე ადამიანი მძიმე სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებდა. გამაფრთხილებელი აქცია მოგვიანებით სახელმწიფო კანცელარიასთან გაგრძელდა. პროფკავშირებმა ხელისუფლებას გადასცეს 9 პუნქტისაგან შემდგარი მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მასშტაბური აქციების გამართვით იმუქრებიან.

[გამომსვლელების ხმები] კაცის ხმა: “განა შეიძლება, კაცო, ვარდები ეკლებად რომ გადაგვიქციეს?” ქალის ხმა: “მე ვუდგები პროფკავშირებს გვერდით, რომ ჩვენ უფრო ფართო მასშტაბით გავიზრდებით, უფრო მეტნი ვიქნებით, რათა ამ ხალხისკენ მოიხედოს ამ მთავრობამ. და თუ ეს მთავრობა გვერდში არ დაგვიდგება, როგორც დავაყენეთ ვარდებით და დიდი ზარ-ზეიმით, ისე გადავაყენებთ.” (სტილი დაცულია)

ძირითადად, ამგვარი სიტყვები ისმოდა რესპუბლიკის მოედანთან და სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციაზე, რომელზეც ხელისუფლების სოციალური პოლიტიკით განაწყენებულმა ადამიანებმა მოიყარეს თავი. წლების მანძილზე ჩრდილში მყომა პროფკავშირების გაერთიანებამ გამაფრთხილებელი აქციის შესახებ სატელევიზიო სარეკლამო რგოლების მეშვეობით აუწყა მოსახლეობას. თუმცა პროფკავშირების ლიდერი ირაკლი ტუღუში აქციაზე მოსულთა რაოდენობით უკმაყოფილო დარჩა:

[ირაკლი ტუღუშის ხმა] “არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, რას გვიშვრებიან და რას გვიკეთებენ. რატომ ვართ ასე დაშინებული! რას ჰქვია “რა ვქნათ”! აქ ახლა რამდენი კაცი უნდა ყოფილიყო, ჩვენი აზრით და ჩვენი გათვლებით?! ეს მხოლოდ ამ რაოდენობას შეეხო? (სტილი დაცულია)

ცივ ამინდში შეკრებილი ადამიანები პროფკავშირების წინამძღოლთა საყვედურებს ჩუმად ისმენდნენ და მათდამი მხარდაჭერას ხმამაღლა გამოთქვამდნენ:

[გამომსვლელის ხმა] “არც ერთი პარტია არ არის ღირსი იმისა, რომ ხალხი გამოვიდეს მათთან ერთად. დიდი მადლობა ბატონ ირაკლის იმისათვის, რომ აქ თავი მოუყარა ადამიანებს და გაითავისა ჩვენი გაჭირვება.”

ირაკლი ტუღუშმა კი მრავალი წლის მანძილზე მისი ორგანიზაციის უმოქმედობასთან დაკავშირებით ჩვენს შეკითხვას ასე უპასუხა:

[ირაკლი ტუღუშის ხმა] “ყველაფერი შეიძლება თქვა, მაშინ, უფრო ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ხომ ასეა?!” (სტილი დაცულია)

ასეა თუ ისე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური საპროტესო აქცია გამართა.დღის განმავლობაში ხელისუფლებას ამ მანიფესტაციაზე არავითარი რეაგირება არ მოუხდენია. ამდენად, რთული სათქმელია, გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეთა მიერ წარდგენილ მოთხოვნებს. თუმცა ცხადია, რომ, ბოლო ერთი წლის მანძილზე სახელმწიფო დაწესებულებებში მიმდინარე მასშტაბური შემცირებების შედეგად, ქვეყანაში,სადაც სოციალური მდგომარეობა ისედაც კატასტროფულია, უმუშევართა რაოდენობა კიდევ ათეულ ათასობით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG