Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქონების ყადაღის შესახებ ცნობის აღება საჯარო რეესტრის სააგენტოს სამსახურებშია შესაძლებელი


2005 წლის 1 თებერვლიდან ყადაღის შესახებ ინფორმაციის მიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებშია შესაძლებელი.

საუბარია დოკუმენტზე, რომლის წარდგენაც, ვთქვათ, ბინის ყიდვა-გაყიდვის ან დაგირავების დროს არის აუცილებელი. ყადაღის არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწინ ნოტარიუსთა პალატა გასცემდა, მოქალაქეები რეესტრის ამონაწერთან ერთად მიიღებენ და მათი დროც დაიზოგება. ყოველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით ეგიაშვილი პროცედურის გაიოლებაზე საუბრობს:

(დავით ეგიაშვილის ხმა) ”ჩვენ ამით ვქმნით იმ, ეგრეთ წოდებულ, ერთი ფანჯრის პრინციპს, როდესაც მოქალაქეებს არ ექნებათ რაღაც ბიუროკრატიული, მრავალი ქაღალდისგან შექმნილი, ასე ვთქვათ, პროცედურები გასავლელი და ისინი მხოლოდ ერთ ადგილას მოახდენენ თავიანთი უფლებების რეგისტრაციას.” (სტილი დაცულია)

ყველა საჭირო დოკუმენტის ერთ ფანჯარაში აღების შესაძლებლობას მიესალმება 40 წლის ნოდარ მგალობლიშვილი, რომელიც ბინის ყიდვას სულ მალე აპირებს:

(მოქალაქე მგალობლიშვილის ხმა) ”ადამიანი მივიდეს მხოლოდ ერთ ადგილას და იქ აიღოს ყველა დოკუმენტი, რაც საჭიროა, რომ ბინა გაფორმდეს იურიდიულად ნორმალურად და სწორად, თუ მაგას მოაგვარებენ, ფაქტია, რომ ეს კარგია, როგორც მყიდველისთვის, ასევე - გამყიდველისთვის.” (სტილი დაცულია)

ეგიაშვილის მიერ ნახსენებ ერთი ფანჯრის პრინციპს 50 წლის მაკლერი ოთარიც იწონებს, მაგრამ შიშობს, რომ ამ პროცესს სარეგისტრაციო სამსახურებში ისედაც პრობლემად ქცეული ხალხმრავლობა შეუშლის ხელს:

(მაკლერის ხმა) ”იმხელა რიგებია... არ შეიძლება, რომ ერთი რამდენიმე კიდე ის გახსნან, რომ ხალხმა არ იწვალოს, შევიდეს და სწრაფად ... თორემ დადგები და სამი დღე რიგი არ გიწევს და არაფერი და რაფერ უნდა გაკეთდეს.” (სტილი დაცულია)

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე კი მოქალაქეებს აიმედებს, რომ, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, მომსახურების ახალი კონცეფცია ამოქმედდება და რიგების პრობლემას დაახლოებით თვე-ნახევარში მოევლება.

თუმცა მოქალაქეებს ყიდვა-გაყიდვის პროცესში სხვა პრობლემებიც არანაკლებ ადარდებთ. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ პრობლემაზე ისევ მოქალაქე მგალობლიშვილი საუბრობს:

(მოქალაქე მგალობლიშვილის ხმა) ”ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ბინები ორჯერ გაუყიდიათ ან ვინც გირაობდა ბინას, იმას გაუყიდია მეპატრონის დაუკითხავად და ათასი რაღაცები... და ათასი გაუბედურებული ხალხი დადის, მოტყუებული.” (სტილი დაცულია)

სხვათა შორის, გასული საუკუნის 90-იანი წლების ისტორიიდან ასეთ შემთხვევებს თავად დავით ეგიაშვილიც იხსენებს:

(დავით ეგიაშვილის ხმა) ”98 წლის შემდეგ ჩემთვის ცნობილია რამდენიმე ფაქტი, როდესაც მოხდა ერთი და იმავე ქონების გაყიდვა ორ მესაკუთრეზე და ერთი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, ხოლო მეორე - ტექაღრიცხვის ბიუროში. ეს იყო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციური მოწყობის პრობლემა.”(სტილი დაცულია)”

მაშინ ეს იმის გამო ხდებოდა, რომ ტექაღრიცხვის ბიუროებისა და საჯარო რეესტრის სააგენტოს ფუნქციები წესიერად გამიჯნული არ იყო. თუმცა მყიდველთა მოტყუების შანსი თაღლითებს, როგორც ჩანს, ყოველთვის რჩებათ:

(დავით ეგიაშვილის ხმა) ”დოკუმენტების გაყალბება ხდება და ამ ტიპის შემთხვევები არსებობს. შემდეგ, როდესაც მოდის პიროვნება ამ უფლების რეგისტრაციისთვის, უკვე - მყიდველი, სამწუხაროდ, სააღრიცხვო ბარათებში სხვა ჩანაწერები ხვდება და უკვე მაშინ აქტუალური ხდება მისთვის ეს პრობლემა.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, ეგიაშვილი გვამშვიდებს, რომ ამგვარი თაღლითობის შემთხვევები საკმაოდ იშვიათია და ამასთან - საკმაოდ ადვილად გამოსააშკარავებელი. ისე კი, ჯობს მყიდველმაც და გამყიდველმაც თადარიგი დროულად დაიჭიროს და ამა თუ იმ ბინის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან დროულად მოიპოვოს. ბოლოს და ბოლოს, საინტერესოა, უკვე გაყიდული ან დაყადაღებული ხომ არ არის ბინა, რომლის ყიდვაც გსურთ.

დაბოლოს, აქვე მოგახსენებთ, რომ ყადაღის არსებობა-არარსებობის შესახებ საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტი ძალაში მხოლოდ 5 დღის განმავლობაში იქნება. ამის შემდეგ კი ახლის აღება მოგიწევთ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG