Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება 1 თებერვლის ტერორისტულ აქტში ქართველებისა და ოსების მონაწილეობას გამორიცხავს


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გორში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან ოსების კავშირს გამორიცხავენ.

ისინი ერთხმად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომლის მიხედვით ტერაქტი საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების მიერ უნდა იყოს დაგეგმილი. გამოძიება მიმდინარეობს, სამართალდამცავებს უკვე აქვთ შედგენილი სავარაუდო ტერორისტის ფოტორობოტიც, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ვერსიებით შეიძლება ლაპარაკი. ყველაზე გავრცელებული ვერსია კი ტერაქტს “უცხო ქვეყანაში” დაგეგმილად წარმოაჩენს. რა ეჭვები არსებობს საქართველოში გორში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით?

ოთხშაბათს გორის სამხარეო პოლიციის შენობას ტერორისტული აქტის კვალს აშორებდნენ - იქაურობას მინების ნამსხვრევებისგან წმენდდნენ, ტერაქტის თვითმხილველების მეხსიერებიდან კი, ალბათ, არასდროს ამოიშლება 100 კილოგრამამდე ტროტილის აფეთქებით დატრიალებული შემზარავი კადრები. ტერორისტულმა აქტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მობილიზაციაში მოიყვანა. სამინისტროს პირადი შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზეა გადაყვანილი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი სამძიმარს ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან იღებენ და მომხდართან ოსების კავშირს გამორიცხავენ. აი, რა განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 2 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ვივარაუდოთ რომელიმე ქართული ჯგუფის მონაწილეობა. არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ტერაქტის კვალს მივყავდეთ რომელიმე ოსური წარმოშობის ჯგუფისაკენ. “

პრემიერ -მინისტრის განცხადება სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ განავრცო. მისი თქმით: “გარეშე ძალებს, იმათ ვისაც ქართულ-ოსური მოლაპარაკების ჩაშლა სურთ, ტერორისტული აქტი გორის შემდეგ, შესაძლოა, ცხინვალშიც მოაწყონ. “

[გოგა ხაინდრავას ხმა] “წინასწარი დასკვნებისგან თავი უნდა შევიკავოთ. გუშინ მთელი დღის მანძილზე არ შეწყვეტილა ზარები ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან. ხალხი ძალიან განიცდიდა იმას, რაც გორში მოხდა. “

“ჩვენ მომხდართან დაკავშირებით დამნაშავეები არ ვართ. იმედია, საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეს მიაგნებს,” - განაცხადეს ცხინვალში და თბილისშიც უარყვეს ცხელ გულზე გაკეთებული მინიშნება იმის თაობაზე, რომ ტერაქტი კონფლიქტის ზონის სიახლოვეს იყო რეაქცია პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიაციატივაზე. უარყოფა თავდაცვის მინისტრის მიერ მოხდა. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ტერორისტული აქტი სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამდე დაიგეგმა და მის ორგანიზატორებს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია უნდა ჰქონოდათ ჩაფიქრებული, უფრო ზუსტად, საქართველოს ახალ კონფლიქტში ჩათრევა, მით უფრო, ბუშისა და პუტინის შეხვედრის წინ, რომელზეც, ოქრუაშვილის სიტყვებით, წინა პლანზე საქართველოს საკითხმაც უნდა წამოიწიოს. თუ ასეა, საკითხავია, ფლობდნენ თუ არა შესაბამისი სამსახურები წინასწარ ინფორმაციას მოსალოდნელი საშიშროების თაობაზე და, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ოპოზიცია სვამს კითხვას:

[დათო გამყრელიძის ხმა] “ ხომ არ იყო ნაჩქარევი ნაბიჯი უშიშროების სამინისტროს გაუქმება ? “

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ოთხშაბათს ხელისუფლებას მოუწოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სპეციალური სტრუქტურა ჩამოაყალიბოს. პოლიტიკური მოძრაობა “წინ, საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მალხაზ გულაშვილმა კი, ხელისუფლება ახალი საშიშროების შესახებ გააფრთხილა. ის აცხადებს, რომ ფლობს ინფორმაციას მოსალოდნელი სერიოზული პროვოკაციის შესახებ, რომელიც სომხებითა და აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში იგეგმება. მოკლედ, გორის სამხარეო პოლიციის შენობასთან მომხდარმა აფეთქებამ არა მხოლოდ მომხდარის, მოსახდენის თაობაზე ვერსიებიც მოიყოლა. ხელისუფლების ვერსიით, ტერაქტი უცხო ქვეყანაში საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერაქტში ცხინვალის კვალი არ არის, კვალს საქართველოს საზღვრებს გარეთ გავყავართ.
XS
SM
MD
LG